ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი: მზად ვართ განვიხილოთ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვი მზადაა გადახედოს საქართველოსთან დიპლომატიურ და სავაჭრო ურთიერთობებს, თუ თბილისი მათ ამას შესთავაზებთ.

„ვიქნებით მზად, აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები, თუმცა რადგან ჩვენ არ ვყოფილვართ მისი შეწყვეტის ინიციატორები, უნდა დავიცადოთ, სანამ ქართველები ამ საკითხს განიხილავენ“, - თქვა მან.

„გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ ვიდეოკონფერენციაზე, ეს განცხადება ლავროვმა, ამ საკითხზე, საქართველოს პარლამენტის და ნინო ბურჯანაძის პარტიის ყოფილი წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის შეკითხვის პასუხად გააკეთა.

ლორთქიფანიძე კონფერენციას „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრის“ დირექტორის როლში ესწრებოდა. აღნიშნულ ცენტრს, სხვადასხვა კვლევებში, ბევრი ორგანიზაცია აღწერს, როგორც საქართველოში რუსული რბილი ძალის ერთ-ერთ ინსტრუმენტს.

ლავროვი ასევე შეეხო რუსეთსა და საქართველოს შორის, მოსკოვის მიერ შეჩერებული ავიამიმოსვლის საკითხსაც.

„სამწუხაროდ, ამ დრომდე ავიამიმოსვლა შეზღუდულია. იმედი მაქვს უახლოეს პერიოდში ამ პრობლემას გადავჭრით“, - თქვა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ “მთვარია არ გაღვივდეს რუსოფობიური კამპანია თბილისში“.

„ექსესებმა, რომელიც მსოფლიოს მართლმადიდებლობის ასამბლეის დროს ვიხილეთ, რა თქმა უნდა სერიოზულად დაგვაფიქრეს რუსების უსაფრთხოების პრობლემაზე. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ქართული მხარე გვარწმუნებდა, რომ უსაფრთხოება იქნებოდა უზრუნველყოფილი. თუმცა დღეს უკვე ვართ სიტუაციაში, როცა ავიამიმოსვლა გაყინულია“, - თქვა ლავროვმა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსეთის კრიტიკა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში ე.წ. საზღვრის მონიშვნაზე, ხელს არ უწყობს „საზოგადოებრივი აზრის სწორი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას“.

17 აპრილს, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ტახტისძირთან საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რასაც მკაცრი შეფასებები მოჰყვა საქართველოში შეერთებული შტატების და ბრიტანეთის საელჩოების მხრიდან.

"ჩვენ ვგმობთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ამწვავებს დაძაბულობას და ხელს უშლის დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე მიმართულ გადაუდებელ ძალისხმევას, განსაკუთრებით, აღდგომის შაბათ-კვირას და გლობალური პანდემიის კრიზისის ფონზე“, - განაცხადა შეერთებული შტატების საელჩომ.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. რუსეთმა საქართველოსთან, სანქციის სახით 2019 წლის 8 ივლისს, ავიამიმომსვლა შეწყვიტა 20 ივნისის ანტი-საოკუპაციო აქციების შემდეგ, რომელიც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს და მის მიერ პარლამენტის სპიკერის სავარძლის დაკავებას მოჰყვა,

Facebook Forum

XS
SM
MD
LG