შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში განვითარებული მოვლენები რამდენიმე დღეა განიხილება ქართულ საზოგადოებაში. რუსი მესაზღვრეები ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მავთულხლართების გაყვანის პროცესს აგრძელებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, დაახლოებით 40 ოჯახი უკანასკნელი სამი დღის მანძილზე დაზარალდა, რადგან მათი კუთვნილი მიწის ფართობები მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა. არსებობს ინფორმაციაც იმის თაობაზე, რომ რამდენიმე ოჯახმა უკვე დატოვა საზღვრის პირა სოფლები. გუშინ 25 წლის სოფელ დიცის მცხოვრები როსტომ სოსიაშვილი ცხინვალის ციხეში იმის გამო მოხვდა, რომ მოახერხა გაეფრთხილებინა ორი მცირეწლოვანი მწყემსი, რომლებიც მავთულხლართების სიახლოვეს საქონელს მწყემსავდნენ იმის შესახებ, რომ მათი მიმართულებით რუსი მესაზღვრეები ფარულად გადაადგილდებოდნენ. მცირეწლოვანი მწყემსები გაიქცნენ, რუსებმა კი როსტომ სოსიაშვილი დააკავეს.
ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მავთულხლართების გაყვანა, დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა უკანასკენლი რამდენიმე დღის მანძილზე პროცესმა სისტემატური და გაცილებით სერიოზული სახე მიიღო. რუსი მესაზღვრეები მავთულხლართებს ისეთ ადგილებზეც ავლებენ, სადაც ქართული სოფლების მცხოვრებთა კუთვნილი სახნავი და საკარმიდამო ნაკვეთებია. მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა სარწყავი და სასმელი წყლის არხებიც. ქართულმა მხარემ რუსეთს საპროტესტო ნოტაც გაუგზავნა შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, თუმცა დღემდე მას რეაგირება არ მოჰყოლია. რუსი მესაზღვრეები მავთულხლართების გაყვანის პროცესს არ წყვეტენ და არც რაიმე სახის ახსნა-განმარტებას აკეთებენ.
პრემიერმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის გაურკვეველია, ვისი მითითებით ხელმძღვანელობენ რუსები. „ჩემთვის, მართალი გითხრათ, ძალიან მოულოდნელია და ვცდილობთ გავარკვიოთ, საიდან მოდის: ეს მოდის უმაღლესი ხელისუფლებიდან თუ, უფრო დაბალი დონიდან, არ გამოვრიცხავ ეს შეიძლება გენერლის დონეზეც ხდებოდეს. ძალიან სამწუხაროა, მე დასკვნების გამოტანისგან, მით უმეტეს მძიმე დასკვნებისგან, თავს შევიკავებდი. დღეს ჩვენი ოპონენტები აცხადებდნენ, რომ ეს ჩვენი შერბილებული რიტორიკის ბრალია, მე ამას არ ვეთანხმები. ჩვენ არ გვაქვს შერბილებული რიტორიკა, ჩვენ გვაქვს დიპლომატიური, ნორმალური, ჯანსაღი რიტორიკა და მცდელობა, რომელსაც არ ვფარავთ და ისევ გავაგრძელებთ, რომ ჩვენ დავალაგოთ არა ძალით და ომით, არამედ დავალაგოთ დიპლომატიით და ნორმალური ურთიერთობებით და ნორმალური გამონათქვამებით. ეს რთულია, რა თქმა უნდა. მე არასდროს მითქვამს ადრეც, რომ მოვალთ და ხუთ წუთში ყველაფერს დავალაგებთ და გავარკვევთ,“- განაცხადა პრემიერმა.
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამბობს: „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აპირებს დიპლომატიური ბერკეტების გამოყენებას, რაც დაიწყო გუშინ წინ და გრძელდება დღემდე. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორუმს იმისთვის, რომ მოვუწოდოთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, რომ მათ მოუწოდონ რუსეთს, რომ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები. უკეთესი შედეგები გვქონდა მაშინ, როდესაც არ იყო ასეთი პოლიტიკა? შესაბამისად, ბატონი ბიძინა მართალია, ჩვენ ველოდით, რომ იქნებოდა უფრო მეტი დადებითი ნაბიჯი რუსეთისგან. ვნახოთ, რა იქნება ამ ამბის შემდეგ. წინ ძალიან დატვირთული თვე გვაქვს“.
სოფელ დიცსა და დვანში მავთულხლართების გაყვანის საკითხი ვერ დადგება შეხვედრაზე, რომელიც 5 ივნისსაა ჩანიშნული და სადაც ერთმანეთს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი უნდა შეხვდნენ.
ზურაბ აბაშიძე: „მოლაპარაკებებს საზღვრის საკითხზე არ ითვალისწინებს ჩვენი ფორმატი. პასუხი რუსეთისგან იქნება შემდეგი: ამისთვის არსებობს ჟენევის ფორმატი და ეს საკითხები იქ განვიხილოთ“.
ქართული მხარის ერთადერთი ბერკეტი არსებულ ვითარებაზე რაიმე სახის რეაგირების თვალსაზრისით, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებაა. საკითხი რა თქმა უნდა ჟენევაშიც განიხილება, მხოლოდ დიალოგის მორიგი რაუნდი იქ ივნისის მეორე ნახევრისთვისაა ჩანიშნული.
რა საბუთს, რა რეგულაციას შეიძლება ეყრდნობოდეს რუსეთის ფედერაცია, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მავთულხლართების დამონტაჟების გადაწყეტილებას იღებს მაშინ, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის რაიმე სახის შეთანხმებაზე დოკუმენტი უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე არ არსებობს, გარდა მედვედევი სარკოზის ექვსპუნქტიანი შეთანხმებისა.
თეიმურაზ ანთელავა, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის დირექტორი, ასევე ევროპული საუნივერსიტეტო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის მკვლევარი, რომელიც ბრიუსელიდან გვესაუბრა, ამბობს: „საქართველოსა და რუსეთს შორის არავითარი კონსენსუსი არ არსებობს. ბოლო სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც რაღაცნაირად მიანიშნებს ტერიტორიულ საკითხზე, არის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება სააკაშვილ-სარკოზი-მედვედევის, რომელშიც მხარეებს ეკისრება სამართლებრივი ვალდებულება თავიანთი სამხედრო პოზიციები გაიწვიონ შვიდ აგვისტოს წინა მდგომარეობამდე. ასე რომ, ის ფაქტობრივი გარემოება საოკუპაციო ხაზის მხრივ იყო, ცალსახად წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართალთან. ანუ რუსეთის მიერ და რუსეთზე დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან. ახლა უბრალოდ მოხდა, იმ ფაქტობრივი მდგომარეობის ტერიტორიული გაფართოვება გარკვეულ პერიმეტრზე. რაზეც ასევე არანაირად არ არსებობს თანხმობა ორ სახელწიფოს შორის. ორ სამართლებრივ რეჟიმზე ვსაუბრობთ ჩვენ: ერთია, რუსეთ-საქართველოს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს შორის არსებული საერთაშორისო სამართლებრივი უფლება-მოვალეობები. ამ მხრივ რუსეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. ესაა ერთი სამართლებრივი პლასტი და მეორე: ის უფლებები, ვალდებულებები, რაც რუსეთს გააჩნია ინდივიდების მიმართ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით. ესაა გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფა, ქონების თავისუფლად განკარგვის უფლება და დისკრიმინაციის არგამოყენება. რუსეთი არღვევს ყველა ამ ვალდებულებას“.
ერგნეთში ხვალ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრაა ჩანიშნული, რომელიც მავთულხლართების თემას, ბუნებრივია გვერდს ვერ აუვლის, თუმცა რაიმე სახის ახსნა-განმარტება ამ საკითზე ხვალ მოსალოდნელი არაა, რადგან ეგრნეთში შეხვედრებზე საყოფაცხოვრებო, ყოველდღიური საკითხები განიხილება და არა პოლიტიკური გადაწყვეტილებები.