ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო პატივს მიაგებს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს


„8 აგვისტო არის საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღე. მინდა ქედი მოვიხარო ყველა გმირის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე არ დაინანეს საკუთარი სამშობლოსათვის. მთელ საქართველოს გულში უნთია მათი ხსოვნის სანთელი” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო.

ომიდან 9 წლის აღსანიშნავი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. 8 აგვისტოს საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა სოფელ ყარაფილასთან. მათ დეოკუპაციის მოთხოვნით, ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

თბილისში და ქუთაისში პარლამენტის შენობებზე, ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები ერთდროულად დაეშვა. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების საფლავებთან დღეს შეიკრიბნენ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები, მეომრების ოჯახის წევრები და ახლობლები.

გმირებს პატივი მიაგო საქართველოს პრეზიდენტმაც. “საქართველოს საზღვრები მთელი კაცობრიობისთვის უცვლელია და ამაში ჩვენ ვდგავართ არამარტო ჩვენს პარტნიორებთან ერთად, არამედ ვდგავართ იმ სიმტკიცით, რა სიმტკიცითაც, ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე მოვიდა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

თბილისში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის მემორიალი გაიხსნა. ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის ეზოში, მემორიალი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გახსნა. მინისტრმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოც მოინახულა.

„დღეს მე ვდგავარ სწორედ იმ ადგილას, სადაც ქართველმა ჯარისკაცებმა თავისი სიცოცხლე გასწირეს და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, თუ რაოდენ დიდია თავისუფლების და მშვიდობის ფასი. ქვეყანას უნდა ჰქონდეს არჩევანი, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორი მომავალი ჰქონდეს მას. რამდენიმე დღის წინ ავღანეთიდან ჩამოასვენეს სერჟანტი ბებიაშვილი, რომელმაც თავისი სიცოცხლე თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირა. ჩვენ დავდეთ პირობა, რომ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში. ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თქვა და მეც ვიმეორებ, აშშ გმობს მცოცავ ოკუპაციას და ყველა მხარემ უნდა გამონახოს საშუალება ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ შინდისში. მან ასევე მოინახულა და გვირგვინით შეამკო 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი.

საპროტესტო აქციები იგეგმება უცხოეთშიც. დღეს ქალაქ ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობასთან ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები შეიკრიბებიან. ისინი საქართველოს საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე აქციის პარალელურად, რუსეთის ფედერაციის მხრიდან უწყვეტ რეჟიმში წარმოებულ მცოცავ ოკუპაციას გააპროტესტებენ და წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს. "ვისაც აწუხებს საკუთარი სამშობლოს აწმყო და მომავალი, გთხოვთ გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია და შემოგვიერთდეთ 8 აგვისტოს, დღის 1 საათზე, გაეროს შენობასთან" - ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის მიერ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG