ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი - საქართველოს მთავარი საფრთხე


რუსი ოკუპანტებისა და ქართველი მეომრების დაპირისპირება, ხურვალეთი, 2008
რუსი ოკუპანტებისა და ქართველი მეომრების დაპირისპირება, ხურვალეთი, 2008

პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს საფრთხეების შეფასების 2010-2013 წლების დოკუმენტი დაამტკიცა. დოკუმენტის ძირითად ნაწილს, როგორც წესი გრიფი სრულიად საიდუმლო ადევს.

საჯარო ნაწილიდან ირკვევა, რომ დოკუმენტში, არსებული საგარეო და საშინაო საფრთხეების სამი ძირითადი მიმართულებაა გამოყოფილი: სამხედრო-პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და ბუნებრივი კატაკლიზმები.

დოკუმენტს, რომელიც უშიშროების საბჭომ მოამზადა, თავდაპირველად პარლამეტში არსებული ნდობის ჯგუფი გაეცნო. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა უსაფრთოების ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით კერძოდ თქვა

„ამ დოკუმენტის საფუძველზე უკვე აბსოლუტურად შესაძლებელი ხდება ის, რომ ყველა იმ მიმართულებით, რომელი მიმართულებებითაც ვითარდება, ეს თუ ის საფრთხე საქართველოში, გაანალიზება მოხდეს იმისი, რამდენად ვართ მზად ამა თუ იმ საფრთხისთვის გამკლავების თვალსაზრისით.

და, თუ არ შეგვიძლია გამკლავება, მაშინ, რა სამოქმედო გეგმა უნდა იყოს დასახული საიმისოდ, რომ უფრო მეტი მდგრადობით გამოირჩეოდეს ჩვენი სახელმწიფო სხვა და სხვა საფრთხეებთან მიმართებაში.“

მომდევნო სამი წლის მანძილზე, დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავარ საფრთხედ ისევ რუსეთი რჩება. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, იქ რუსული სამხედრო ნაწილების და მძიმე შეიარაღების ყოფნა, რუსი სამხედროების ოჯახების ჩასახლება, სეპარატისტული ანკლავების ფინანსური და საერთაშორისო მხარდაჭერა, ამ ანკლავებში, იარაღით, მათ შორის მასობრივი განაგდურების იარაღის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობა და ფართომაშტაბიანი ანტიქართული საინფორმაციო კამპანია უმთავრეს საფრთხეებად არის მიჩნეული.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარის აკაკი მინაშვილის აზრით, რუსეთის ეს ქმედებები საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად.

„რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელების მაგიდაზე დევს ყველა გეგმა, რათა მათ, როგორმე შეაჩერონ საქართველოს განვითარება. არსი ჩვენს შორის კონფლიქტის სწორედ იმაშია, რომ საქართველომ, აი ამ ბოლო წლების განმავლობაში, აჩვენა ძალიან სწრაფი განვითარება პოლიტიკური, ეკონომიკური, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების, რაც მთავარია შიდა კონსოლიდაციით. ეს ადარდებს, პირველ რიგში რუსეთს და ამიტომ ყველანაირად ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაცია შეაჩეროს.“

დოკუმენტის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი შეეცდება საქართველოში სხვა და სხვა პოლიტიკური ჯგუფების ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში სასურველი ხელისუფლებას დასმას. ამგვარი საფრთხის ალბათობა განსაკუთრებით დიდი იქნება, მომდევნო სამი წლის მანძილზე, როცა საქართველოში ორი მნიშვნელოვანი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის თქმით, ამ საფრთხის ალბათობა,რუსეთის ღია სამხრედრო აგრესიაზე დიდია.

„ასეთი დოკუმენტის შედგენისას, რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ რუსეთის მხრიდან პირდაპირი სამხედრო აგრესიის საფრთხეს, თუმცა, ამის ალბათობა ამ ეტაპზე მცირეა. ამას გარდა არის კიდევ ერთი, ძალზედ მნიშვნელოვანი საფრთხე, რომ რუსეთი შეეცდება სასურველ მიზანს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში მანიპულაციების გზებით მიაღწიოს.“

ოპოზიციის დიდი ნაწილი კრიტიკულად უყურებს უსაფრთხოების ახალ დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საჯარო ნაწილს იცნობს. მთავარი პრობლემა, ოპოზიციონერთა აზრით, მხოლოდ პიარზე აგებული, საშინაო და საგარეო მტრების ძიებაა. მიზანი კი მხოლოდ ერთია - არსებული ხელისუფლება 2012 და 2013 წლების უმნიშვნელოვანესი არჩვენების დროს, კვლავ უალტერნატივო, ერთადერთ, ეროვნულ ძალად წარმოჩინდეს. ყველა დანარჩენი კი რუსეთის სატელიტებად.

ანალიტიკოსმა კახა კაციტაძემ, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს გენშტაბში ასეთ დოკუმენტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა, ამერიკის ხმას უთხრა:

„იმის ნაცვლად, რომ ეს იყოს კომპეტენტური პროფესიონალების მიერ შედგენილი აკადემიური დოკუმენტი, ეს არის რაღაც პროპაგანდისტული მასალა. ყველაზე ცუდი ამ დოკუმენტში არის ეს მომენტი. ეს არის არა რეალური საფრთხეების შემფასებელი დოკუმენტი, თან ისეთ დონეზე, როგორც უნდა ფასდებოდეს ეს საფრთხეები, არამედ ეს არის პიარ-დოკუმენტი. ძირითადი პრეტენზია, რასაკვირველია მეც ეს მაქვს ამ დოკუმენტის მიმართ.

უბრალოდ, ეს, რომ პიარ დოკუმენტად არ იქცეს, ძალიან ადვილია, არ უნდა მოინდომოს თვითონ ხელისუფლებამ იყოს ეს მხოლოდ პიარ დოკუმენტი. ეს საფრთხეების შესახებ მეორე დოკუმენტია, პირველი იყო აბსოლუტურად არაკომპეტენტური და არაპროფესიული დოკუმენტი, სადაც რუსეთთან ფართომაშტაბიანი ომის საფრთხე თეორიულადაც კი არ იყო გათვალისწინებული.“

უშიშროების საბჭომ, აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნის საფუძველზე გადახედა საფრთხეების შეფასების დოკუმენტის შედგენის კრიტერიუმებს.

თუ მანამდე, რუსეთის ღია სამხედრო აგრესიის ალბათობის შესაძლებლობა თეორიულადაც არ განიხილებოდა, ომის შემდგომ შედგენილ ყველა ასეთის სახის დოკუმენტში, რუსეთი - საქართველოს ნომერ პირველ საგარეო საფრთხედ არის წარმოდგენილი.

XS
SM
MD
LG