ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვეტო და მისი სარგებლიანობა


პრეზიდენტი ახლა ერთგვარი დამბალანსებელია, ერთგვარი შუაკაცი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის

ხელისუფლება საქართველოში, კონსტიტუციის არსებული რედაქციით სამ სახელისუფლებო შტოს შორის ნაწილდება. პარლამენტს, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ძალები იმგვარად უნდა დაბალანსდეს, რომ ქვეყანამ პროგრესი - შედეგის სახით მიიღოს.

საკანონმდებლო დონეზე ცვლილება არსებულსა და ყოფილ საკონსიტუციო მოდელებს შორის აშკარაა. პრაქტიკულადაც იგრძნობა, რომ პრეზიდენტის ხელში აღარაა ის უფლებამოსილება, რაც მისი წინამორბედის დროს იყო.

საკანონმდებლო დონეზე ბალანსის ნიშნულის პირობითი ხაზი სახელისუფლებო შტოებს შორის ერთმანეთს დაუახლოვდა. მაგალითად, პრეზიდენტის უზომოდ გაზრდილ უფლებამოსილებასთან და მის შესაბამისობაში მოყვანილ კანონმდებლობასთან საქმე ახლა აღარ გვაქვს. პრეზიდენტი ახლა ერთგვარი დამბალანსებელია, ერთგვარი შუაკაცი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის. თუმცა საზოგადოებაში ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ, რომელიც მან ტელეკომპანია „იმედს“ მისცა, საზოგადოებაში კონსტიტუციით გაწერილი ნორმებისა და სახელისუფლებო ბალანსის თემა ოდნავ გვერდით გასწია. ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი და ქვეყანაში ყველაზე მდიდარი ადამიანი პოლიტიკურად გავლენიან პერსონად რომ დარჩებოდა, ამის თაობაზე საზოგადოება ინფორმირებული იყო იმ დროიდან, როდესაც მან პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის თაობაზე განცხადება გააკეთა. მიუხედავად ამისა, ყოფილი პრემიერის ინტერვიუში საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაინახა მისი პერსონის ზედმეტად დიდი გავლენა როგორც პოლიტიკოსებზე, ისე პოლიტიკურ პროცესებზე.
რამდენად გვაქვს დღეს სახეზე რეალური ბალანსი სახელისუფლებო შტოებს შორის, თუ ეს ბალანსი პირობითია, რადგან ქვეყანაში ერთაერთი მილიარდერისა და ამავდროულად ყოფილი პრემიერის ფაქტორი, მისი გავლენა, ბალანსს საკუთარ ჩრდილქვეშ აქცევს.

გიორგი მშვენიერაძე, იურისტი, დამფუძნებელი ორგანიზაციისა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ჩვენთან საუბრისას სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის თემას ეხება და ამბობს:

„მთავარია, რომ ხელისუფლების ყველა შტოს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა აკონტროლებდეს მეორე ხელისუფლების შტოს და ამავდროულად, ამით ნარჩუნდებოდეს ძალთა ბალანსი, ურთიერთოგაწონასწორება - ესაა სწორი ტერმინი, ამ შემთხვევაში, ხელისუფლების შტოებს შორის. ამ კუთხით დღეს-დღეობით რა სურათიც გვაქვს საქართველოში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტნაკლებად აღმასრულებელ შტოში მეტი ძალაუფლებაა კვლავ დარჩენილი. სასურველია, თუკი ეს დაბალანსდება პარლამენტის უფლებამოსილების ზრდის ხარჯზე, ესაა, რაც შეიძლება მთავარ გამოწვევად რჩებოდეს ამ ორ ხელისუფლების შტოს თუ შევადარებთ: საპარლამენტოს და აღმასრულებელს. პრეზიდენტი აღარაა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი. მისი ფუნქცია არბიტრობაა და ამ ფუნქციას ის, მე ვფიქრობ, თავს მეტ-ნაკლებად, ამ კონსიტიტუციის ფარგლებში, ნორმალურად უნდა ართმევდეს. დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა. სამივე სახელისუფლებო შტო: საკანონმდებლო, აღმასრულებელი (ეს ორივე საპარლამენტო მოდელებში, ყოველთვის ერთი და იგივე გუნდს წარმოადგენენ, თუკი კოალიციურ მთავრობაზე არ გვექნება საუბარი) და ამავდროულად პრეზიდენტი, ჩვენთანაც არის ერთი და იგივე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რაც ქმნის იმის საფრთხეს, რომ ყველა ჯგუფი ერთიან პოლიტიკას ახორციელებდეს და მათ შორის ეს ურთიერთკონტროლის მექნიზმი მეტ-ნაკლებად მორყეული იყოს. ისევე, როგორც არ მაქვს განცდა, რომ პარლამენტი დღეს ეფექტურ კონტროლს ახორიცელებს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ან თუნდაც ამას გუშინ აკეთებდა პარლამენტი, წინა მოდელს ვგულისხმობ. ეს მართლაც პრობლემური საკითხია ჩვენი სახელმწიფოსთვის.“

გიორგი გოცირიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ამერიკის ხმასთან საუბრისას, სხვებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ვეტოს საკითხსაც ეხება.

„ერთია, რა წერია კონსიტიტუციაში და მეორე: ფაქტობრივი მდგომარეობა, რაც გამოიკვეთა ბოლო პერიოდში. ისევ იმ ინტერვიუს მინდა დავუბრუნდე. აღმოჩნდა, რომ ყოფილი პრემიერი, რომელიც არის ჩვეულებრივი მოქალაქე, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გააჩნია ძალიან დიდი არაფორმალური გავლენა როგორც პრეზიდენტზე, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის მანძილზე მას ეს გავლენა გააჩნდა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობაზე და პრემიერ მინისტრზე. ასეთი არაფორმალური მმართველობა ძალიან საშიშია დემოკრატიისთვის. ზოგადად, ჩრდილში მყოფი ადამიანი არაა საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული. მნიშვნელოვანი გამოწვევა დღევანდელი ხელისუფლებისთვის ესაა თავის დაღწევა ჩრდილში მყოფი ადამიანის გავლენისგან ქვეყნის მართვის პროცესში. ძალიან კარგი იქნებოდა, თუ პრეზიდენტი დარჩებოდა თავისი პრინციპების ერთგული და ვეტოს დაადებდა კანონს,“- ამბობს გიორგი გოცირიძე.

პრეზიდენტსა და ყოფილ პრემიერს შორის უთანხმოების მიზეზი რამდენიმეა. მათ შორის ვეტო, რომელიც მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას შეეხებოდა. პრეზიდენტი, ისევე, როგორც სამართლის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა უმეტესობა, მიიჩნევს, რომ ამგვარი ცვლილება ზემოთხსენებულ კანონში საჭიროებას არ წარმოადგენს, თუმცა მარგველაშვილმა ეს მოსაზრება შეიცვალა მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა მას ურჩია „გუნდურობის პრინციპი“ გაეთვალისწინებინა.
XS
SM
MD
LG