ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სტრატეგიული მოთმინების კურსი“ საქართველოს პრეზიდენტისგან


ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირადად იმყოფებოდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რუსი მესაზღვრეების მეირ გავლებული მავთულხლართები დაათვალიერა. ეს წუხელ მოხდა. დღეს კი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე საუბრისას ბერლინის კედელი გაიხსენა და თქვა, რომ მისი დანგრევა ადამიანების კეთილი ნებით გახდა შესაძლებელი.

„მე მინდა მივმართო ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანას, ყველა იმ ქვეყანას, ვინც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს, ჰუმანურ პრინციპებს, რომ ის, რაც დღეს მოხდა, სოჭის ოლიმპიადის დასრულების მეორე დღესვე, არის გაეროს ფუძემდებლური დოკუმენტების და ფუძემდებლურ სულისკვეთებასთან სრულ წინააღმდეგობაში, ეუთოს ჰელკინსკის აქტის ძირითად პუნქტებთან წინაღმდეგობაში. საქმე ისაა, რომ ნებისმიერ ასეთ კონფლიქტში ყველა პასუხისმგებლიანი სახელმწიფო ვალდებულია არამც თუ ხელოვნურად შექმნას ადამიანებს შორის ბარიერები, არამედ ხელი შეუწყოს კონფლიქტის დეესკალაციას და მშვიდობიან მოგვარებას. ესაა ის დოკუმენტები, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი რუსეთის ფედერაციას. რეალურად, არანაირი საფრთხე, არანაირი დაძაბულობა არც ერთ მომენტში არ ყოფილა საქართველოს ხელისუფლებისგან. პირიქით, ჩვენ ბოლომდე ვცდილობთ, რომ როგორც რუსეთის ფედერაციას, ისე მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ძირითადი ღირებულება, რაც ქართულ სახელმწიფოს გააჩნია, ესაა კეთილმეზობლობა“,- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

რუსი სამხედროების მიერ ეგრეთ წოდებული საზღვრების დემარკაციის მცდელობებს გიორგი მარგველაშვილი უკანონო ქმედებებად მიიჩნევს. საქართველოს საზოგადოებრივ არხთან ატოციდან ჩართვისას. გიორგი მარგველაშვილმა მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დასავლელ პარტნიორებს და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ხელმომწერია მთელი რიგი საერთაშორისო დოკუმენტებისა, რაც აღიარებს ადამიანის უფლებებსა და სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელთა ხელყოფა ამავე სახელმწიფოს მხრიდან უხეშად გრძელდება შიდა ქართლში. ესაა უშუალოდ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, -ამბობს იგი. მარგველაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ძაბავს ვითარებას კონფლიქტის ზონებში, პირიქით სურვილი აქვს ხელი შეუწყოს ადამიანებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღვივებას.

„პირველ რიგში, მინდა ამ ადამიანებმა მათ გვერდში მიგულონ“,- ამგვარი გახლდათ პრეზიდენტის მესიჯი.

„ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად გავუადვილოთ ის ყოფა, რაც აქ არის. კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმას, რომ როგორც საქართველოს, ასევე სხვა სახელმწიფოს ვალდებულებაა არა ჰუმანიტარული პრობლემები შეუქმნას ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას, არამედ ხელი შეუწყოს მოაგვარონ თავისი პრობლემები. მავთულხლართები არაა გაბმული რაიმე სახელმწიფო სტრატეგიული მიზნით. მავთულხლართების გაბმის ლოგიკაა, რომ ხალხი დააშორონ ერთმანეთს... სწორედ რომ სტრატეგიული მოთმინების კურსით, ჩვენ მივალთ იმ მომენტამდე, როდესაც ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ერთად რუსეთის ფედერაციასთან შედგება ძალიან მშვიდი, რაციონალური საუბარი იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის პრობლემების შექმნით, რუსეთში პრობლემები არ გვარდება,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე კი ერთ-ერთ საკითხად გატანილი იყო ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე ხელმიუწვდომლობის პრობლემა, რაც უკანასკნელ პერიოდის ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის თანხმლები პროცესია. ხოხ გაგლოითიმ, თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა ერგნეთის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ოსური მხარე უკვე მესამედ ითხოვს ქართული მხარისგან იმ ოფიციალური დოკუმენტაციის წარდგენას, სადაც ასახული იქნება საზღვრის მიღმა აღმოჩენილი ნაკვეთების მესაკუთრეთა ვინაობა და საკუთრებაში არსებული მიწის ფართობები.

„არ ვიცი სად მდებარეობს ოკუპირებული ტერიტორია, ამიტომ თქვენი კითხვის შინაარსს ვერ ვხვდები. რაც შეეხება სასაზღვრო ნაგებობების მშენებლობას, სამუშაოები დიდი ხანია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მესამე შეხვედრაა ქართული მხარისგან ველოდებით კონკრეტულ დოკუმენტაციას, თუ ვინ დაკარგა მიწის ნაკვეთები, ან ვის ჰქონდა მასზე არენდის უფლება. დღემდე ქართულ მხარეს ეს დოკუმენტები არ წარმოუდგენია. წარმოდგენის შემთხვევაში, მზად ვართ. შევისწავლოთ ისინი. ამ დრომდე მხოლოდ სიტყვიერი განცხადებებია მიწის ნაკვეთების დაკარგვის შესახებ, რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დეზინფორმაციულ პროპაგანდას ემსგავსება,“- განაცხადა ხოხ გაგლოითიმ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსი გოჩა რატიანი, რომელიც ქართულ მხარეს წარმოადგენს შეხვედრებზე, აცხადებს: „შეხვედრაზე ჩვენ მკაცრად დავაყენეთ ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის საკითხი. აქედან გამომდინარე, მას მოჰყვა სხვა ტექნიკური საკითხების განხილვა, მათ შორის წლის სისტემის რეაბილიტაციისა და ნორმაში მოყვანის შესახებ“.

ერგნეთში გამართული შეხვედრა იმ პირობითი შეთანხმებით დასრულდა, რომ მიწის ქართველ მესაკუთრეებს, რომელთა მიერ დამუშავებული ფართობები ღობის მიღმა აღმოჩნდა, მიმდინარე წელს შესაძლებლობა მიეცემათ გადაკვეთონ მავთულხლართები და აიღონ მოსავალი, რაც იქ უკვე დათესილი აქვთ.
XS
SM
MD
LG