ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

”პატრიოტთა ალიანსი”


ქართულ პოლიტიკურ არენაზე ახალი პოლიტიკური პარტია - ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” დაარსდა

ქართულ პოლიტიკურ არენაზე ახალი პოლიტიკური პარტია - ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” დაარსდა, რომელიც ”წინააღმდეგობის მოძრაობის” ბაზაზე ჩამოყალიბდა. პარტიის თავმჯდომარის დავით თარხან-მოურავის თქმით ახალი პარტია მონაწილეობას ყველა ტიპის არჩევნებში მიიღებს და იბრძოლებს გამარჯვებისთვის. დავით თარხან-მოურავის განცხადებით პარტიის მთავარი მიზანი იქნება 2013 წლის 5 იანვრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი აღარ იყოს საქართველოს პრეზიდენტი. მისივე თქმით უახლოეს პერიოდში, რათა სააკაშვილს პრეზიდენტის უფლებამოსილება იანვარში შეუწყდეს ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს. ”არ ვიცით რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, მაგრამ ჩვენ ვეცდებით ბრძოლა მოვიგოთ”, - აცხადებს დავით თარხან მოურავი:
” ჩვენს ქვეყანაში უნდა უნდა დაინერგოს, უნდა განვითარდეს, უნდა აღორძინდეს საჯარო პოლიტიკის კულტურა. ამიტომ, რაც უფრო მეტი პარტია შეიქმნება, რომელიც ხელს შეუწყობს საჯარო პოლიტიკის განვითარებას, უკეთესია. რაც შეეხება, რატომ იქმნება ”პატრიოტთა ალიანსი”.. იმიტომ რომ ყველაზე მეტი, რაც ჩვენ ქვეყანას დღეს აკლია, არის პატრიოტიზმი. ჩვენი ქვეყანა უნდა გადავიდეს, დაადგეს იმ გზას, როდესაც ქართული პარტიები იცავენ საქართველოს ინტერესებს ყველგან, თბილისშიც, ვაშინგტონშიც, პარიზში და მოსკოვში. ეს არის მთავარი ნაკლოვანება, რომელიც გვაქვს, იმიტომ რომ ზოგი ჩვენი პარტია ვაშინგტონის ინტერესებს იცავს თბილისში, ზოგი მოსკოვის ინტერესებს თბილისში, არც ერთია სწორი, არც მეორე. ჩვენ ინტერესებს უნდა ვიცავდეთ იქ, ეს პარტია ამის მაგალითი იქნება”.
”უნდა შევცვალოთ საქართველოში ვითარება, რომელიც არის”,- განაცხადა დამფუძნებელ ყრილობაზე ალიანსის წევრმა სოსო ზაალიშვილმა. მისივე თქმით პარტიის მიზანი საქართველოში ჭეშმარიტად მემარჯვენე ძალის ჩამოყალიბება იქნება:
” ჩვენი მიზანია საქართველოში ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტად მემარჯვენე კონსერვატორული ძალა, დაახლოებით ისეთივე, როგორიც არის ამერიკაში, პოლიტიკური ძალა, რომელიც გააერთიანებს ყოველგვარ კარგ, ქართულს, კარგი გაგებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევძლებთ იმ ლიბერალური ტენდენციების დამარცხებას საქართველოში, რომელიც დღეს ასე მრავლად არის როგორც მთავრობაში, ასევე ოპოზიციაში, რადგან ვფიქრობთ, რომ ქართველი ადამიანი გამომდინარე ჩვენი კულტურიდან უნდა იყოს მემარჯვენე, კონსერვატორული გაგების და შემეცნების”.
”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” დამფუძნებელ ყრილობას ბევრი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის ”ნეიტრალური საქართველოს” ლიდერი ვალერი კვარაცხელია, რომელიც ამბობს:
” ძალიან დადებითად ვუყურებ ამ მოვლენას, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ყოფილი ”წინააღმდეგობის მოძრაობის” წარმომადგენლები. მათ ძალიან ბევრი საქმე გააკეთეს, მართლაც ხაზგასმულ მტკიცე წინააღმდეგობას უწევდნენ სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმს. ეს იყო საზოგადოებრივი მოძრაობა. მეორე, ესენი არიან მედიაკავშირ ”ობიექტივის” წარმომადგენლები, ცალკე აღნიშვნის თემაა მედიაკავშირი ”ობიექტივი”, რომელიც საქართველოში არის მართლაც საზოგადოებრივი მაუწყებელი, 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობენ. რაც მთავარია, ნებისმიერ აზრს აძლევენ თავისუფალ ეთერს, თავისუფლად გამოთქმის საშუალებას. ანუ, თუ სადმეა საქართველოში დემოკრატიის კუნძული, ეს არის სწორედ მედიაკავშირი ”ობიექტივი”. ვფიქრობ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დღეს ყალიბდება, არის კიდევ ერთი ძალიან სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა თუნდაც იმ მდგომარეობისა, რასაც ჰქვია ორ ნაწილად გაყოფილი პოლიტიკური სპექტრი. ერთის მხრივ ”ქართული ოცნება”. მეორეს მხრივ ”ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც პრაქტიკულად დანაშაულებრივი მოძრაობაა, მაგრამ დღეს ოპოზიციის მანტია მოსხმული ამბობს, რომ ”ჩვენ ვართ ძალა, რომელმაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ”ქართულ ოცნებას”. დღეს ყალიბდება ის ძალა ჩემი ღრმა რწმენით, რომელსაც აქვს ის პოტენციალი, რომ მასთან გააერთიანოს გაკრეფილი პოლიტიკური ძალები და შექმნას სერიოზული ცენტრი. მესამე ცენტრი.
არ გამოვრიცხავ ამ ცენტრში ჩემს ყოფნას, იმიტომ რომ კარგად ვიცი ეს ადამიანები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც უარს ეუბნებიან საქართველოს მართვას სხვა ცენტრებიდან, სხვა სახწელმწიფოებიდან, როგორც აშშ-დან, ასევე ევროპიდან, რუსეთიდან და ა.შ. მე როგორც ”ნეიტრალური საქართველოს”, ნეიტრალიტეტის მომხრე პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი ვფიქრობ დრო მოდის, ეს ძალები ნელ-ნელა გაერთიანდებიან, მათ შორის კონცენტრირება მოხდება და ჩამოყალიბდებიან იმ ძალად, რომელიც იქნება საქართველოს მომავალი”.
XS
SM
MD
LG