საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ამ თანამდებობაზე დასამტკიცებლად სრულიად მოულოდნელად პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის კანდიდატურა წარუდგინა.
პოლკოვნიკი 20 წელია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, მუშაობდა J-3 ოპერატიული დაგეგვმის დეპარტამენტსა და სახმელეთო ჯარების სარდლობაში. ბოლოს კი საქართველოს სამხედრო ატაშე იყო უკრაინაში.
ძნელაძე არ არის ცნობილი ფიგურა ქართულ სამხედრო წრეებში. არაოფიციალურად ცნობილია, რომ ახალი მთავრობა გაერთიანებული შტაბის ახალი ხელმძღვანელის პოსტზე ბრიგადის გენერლის ვახტანგ კაპანაძის კანდიდატურას უჭერდა მხარს.
კაპანაძე, რომელსაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ერთხელ უკვე ეკავა ეს პოსტი, გაერთიანებულ შტაბის უფროსის მოადგილედ ირაკლი ალასანიამ 2 ნოემბერს დანიშნა და შტაბის უფროსის მოვალეობას დროებით სწორედ იგი ასრულებდა. განიხილებოდა სხვა კანდიდატურებიც, თუმცა უშედეგოდ.
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებიდანაც ჩანს, რომ ამ მაღალ თანამდებობაზე ირაკლი ძნელაძის დანიშვნა პრეზიდენტ სააკაშვილსა და პრემიერ ივანიშვილს შორის მიღწეული რთული კომრომისის შედეგია:
„პოლკოვნკიკ ძნელაძის კანდიდატურა წარვუდგინე საქართველოს პრეზიდენტს. ეს იყო ჩვენი კონსულტაციების შედეგი. პირველი მითითებები მივეცი გაერთიანებული შტაბის ახალ ხელმძღვანელს,რომ სასწრაფოდ დაიწყოს ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მომზადება საქართველოში, რომელიც რაღაც პერიოდით გადადებული იყო. მგონია რომ ეს შეთანხმებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია იმით რომ ჩვენი გეგმების განხორიელებას ძალიან სრაფად დავიწყებთ.“
თავად პოლკოვნიკ ძნელაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ გარდამავალი პერიოდის გაერთიანებული შტაბის უფროსია:
„ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, იყო ამ გარდამავალ პერიოდში გაერთიანებული შტაბის უფროსი.“
შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 7 ნოემბერს, გიორგი კალანდაძე დააკავეს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა, 31 წლის ბრიგადის გენერალი შტაბის უფროსად, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, 8 ოქტომბერს დანიშნა.
ერთი თვის თავზე კი კალანდაძე ჯარისკაცების შეურაცყოფის ბრალდებით დააპატიმრეს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისევ სცადა, გირაოთი გათავისუფლებული კალანდაძის შტაბის უფროსად დაბრუნება, სააკაშვილი ციხიდან გამოსულ კალანდაძეს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა და სამსახურში დაბრუნება უბრძანა, თუმცა, მოგვიანებით, დანაშაულში ეჭვმიტანილ კალანდაძეს, მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად უფლებამოსილება უკვე სასამართლოს მიერ შეუჩერდა.
12 ნოემბერს კალანდაძე კიდევ ერთხელ დაკითხეს და ახალი ბრალდებები წაუყენეს. ისევ სამხედროებისთვის ფიზიკური შეურაცყოფის მიყენება.
უსაფრთხოების საკითხებში ევრო კავკასიური უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ანთაძე ამბობს, რომ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობის ირგლივ მიმდინარე მოვლენები და კომპრომისული ფიგურის დანიშვა პირველ რიგში საქართველოს არმიას დააზარალებს:
„ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს ამ კადრის შესახებ, ვიცი რომ ატაშე იყო უკრაინაში. როგორც ჩანს პოლიტიკურად ნეიტრალური ფიგურაა და იმიტომაც მოხდა შეთანხმება ამ კანდიდატურაზე. საერთოდ შტაბის უფროსი აბსოლუტურად აპოლიტიკური, წმინდად სამხედრო თანამდებობაა და იმ ადამიანს, რომელიც მანდ ინიშნება არანაირი სხვა საზრუნავი არ უნდა ჰქონდეს. გარდა იმისა, რომ იზრუნოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე.
აქედან გამომდინარე პოლიტიკური კონინქტურით ამ თანამდებობაზე ადამიანის დანიშვნა ზოგადად ცუდია შეიარაღებული ძალებისთვის. ეს არასასურველია, რა თქმა უნდა, გარკვეულ პოლიტიკურ ჭიდილთან გვქონდა საქმე, როგორც ჩანს პრეზიდენტისთვის მიუღებელი იყო რამდენიმე კანდიდატურა რომლებიც ივანიშვილის მთავრობა წარადგინა და შესაბამისად ნეიტრალურ ვარიანტზე შეთანხმდნენ.
ნორმალურ სიტუაციაში პოლიტიკური სიტუაციის ცვლილება ამ თანამდებობაზე და მთლიანად გენერალურ შტაბზე არანაირ გავლენას არ უნდა ახდენდეს.“
ვარდების რევოლუციის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უკვე მერვე უფროსი შეიცვალა. ამ თანამდებობაზე მხოლოდ ექვსი თვე იმუშავა ვახტანგ კაპანაძემ და 2005 წლის თებერვალში, თავდაცვის მაშინდელ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან დაპირისპირებას შეეწირა.
იგივე დაემართა, რუსეთთან ომის შემდეგ დანიშნულ ვლადიმერ ჩაჩიაბაიას. მან სულ ოთხი თვე შეძლო მინისტრის მაშინდელ მოადგილესთან ბაჩო ახალაიასთან ერთად მუშაობა. ამ პერიოდში ჩაჩიბაიამ გადადგომის თაობაზე პრეზიდენტს ორჯერ მიმართა.
2009 წლის მარტში, დანიშნულ დევი ჭანკოტაძეს კი ეს უმაღლესი სამხედრო თანამდებობა, მხოლოდ ფორმალურად ეჭირა, რეალურად ყველა გადაწყვეტილებას, მისი მოადგილე გიორგი კალანდაძე იღებდა. საბოლოოდ, ჭანკოტაძემ ტელევიზიით გაიგო რომ გაანთავისუფლეს.
სამხედრო ექსპერტები გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის მომავალსაც სკეპტიკურად უყურებენ. პრეზიდენტი სააკაშვილი ხვალ შტაბის ახალი უფროსის წარსადგენად თავდაცვის სამინისტროში მივა
საქართველოს არმიის გაერთიანებული შტაბის უფროსები (1991-2012)
ჯემალ ქუთათელაძე 1991 აგვისტო - დეკემბერი
ავთანდილ ცქიტიშვილი 1992 იანვარი - 1993 დეკემბერი
ნოდარ თათარაშვილი 1994 იანვარი – 1996 ივნისი
ზურაბ მეფარიშვილი - 1996 ივნისი - 1998 მაისი
ჯონი ფირცხალაიშვილი 1998 მაისი - 2003 სექტემბერი
გივი იუკურიძე 2004 თებერვალი - 2004 აგვისტო
ვახტანგ კაპანაძე 2004 აგვისტო - 2005 თებერვალი
ლევან ნიკოლეიშვილი 2005 თებერვალი - 2006 ნოემბერი
ზაზა გოგავა 2006 ნოემბერი - 2008 ნოემბერი
ვლადიმერ ჩაჩიბაია 2008 ნოემბერი - 2009 მარტი
დევი ჭანკოტაძე 2009 მარტი - 2012 ოქტომბერი
გიორგი კალანდაძე 2012 ოქტომბერი - 2012 დეკემბერი
ირაკლი ძნელაძე 2012 ნოემბერი -