ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა


რადიო თავისუფლების ფოტო, 17 ნოემბერი, 2013
რადიო თავისუფლების ფოტო, 17 ნოემბერი, 2013

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა
17 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის ყოფილი შენობის შიდა ეზოში, საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ინაუგურაცია გაიმართა. ინაუგურაციის ცერემონიალი 45 წუთს გაგრძელდა. გიორგი მარგველაშვილმა მოწვეული სტუმრების წინაშე დადო ფიცი, რის შემდეგაც საქართველოს მოსახლეობას და ინაუგურაციაზე მოწვეულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„საქართველოს პრეზიდენტი!“ - ამ სიტყვების შემდეგ ინაუგურაციის ცერემონიალისათვის საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის საზეიმოდ მორთულ შიდა ეზოში ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოჩნდა. ინაუგურაციის ცერემონიალი 17 ნოემბერს დღის პირველ საათზე დაიწყო. საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებმა და უცხოურმა დელეგაციებმა, საქართველოს პატრიარქმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა 12 საათისათვის მათთვის განკუთვნილი ადგილები დაიკავეს. გიორგი მარგველაშვილი საგანგებოდ მოწყობილ ტრიბუნასთან მივიდა და საქართველოს კონსტიტუციაზე ფიცი დადო:

„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს ჩვენ ვთავაზობთ: ერთად ვაშენოთ წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფო, ქვეყანა, რომელიც მისი ყველა მოქალაქისთვის კეთილდღეობის, ეთნიკური, კულტურული იდენტობის შენარჩუნებისა და პოლიტიკური ხელშეუხებლობის გარანტი იქნება...
გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს ჰიმნის დასრულების შემდეგ, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი და მთავარსარდალი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს მიესალმა, რის შემდეგაც მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა. გიორგი მარგველაშვილმა თავისი გამოსვლა მადლობით დაიწყო. მან თქვა, რომ ეს დღე ხალხის გამარჯვების კიდევ ერთი დასტურია. ასევე შენიშნა, რომ დასრულდა პოსტსაბჭოთა პერიოდი და საქართველოში დაიწყო თანამედროვე დემოკრატიის მშენებლობის პროცესი, რაც ახალი ევროპული ტიპის პოლიტიკური კულტურის დასაბამია. ამის დასტურად მან მშვიდობიანად შეცვლილი ხელისუფლება და განვლილი ერთი წელი დაასახელა. მარგველაშვილმა პირობა დადო, რომ ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის ყველა მოქალაქის უფლების დაცვის გარანტიც იქნება.

ცალკე მიმართა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ილაპარაკა დევნილების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკაზე:

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს ჩვენ ვთავაზობთ: ერთად ვაშენოთ წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფო, ქვეყანა, რომელიც მისი ყველა მოქალაქისთვის კეთილდღეობის, ეთნიკური, კულტურული იდენტობის შენარჩუნებისა და პოლიტიკური ხელშეუხებლობის გარანტი იქნება. ჩვენი პრიორიტეტია დევნილებისა და ლტოლვილების უპირობო, უსაფრთხო, ღირსეული დაბრუნება მათ სახლებში, მანამდე კი მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა და უფლებათა დაცვა. როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ვაცხადებ, რომ ვიზრუნებ ქვეყნის თვდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად“.

ინაუგურაციის ცერემონიალი
გიორგი მარგველაშვილმა თავის სიტყვაში ასევე აღნიშნა, რომ ის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ხელს შეუწყობს საერთაშორისო არენაზე საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის, როლის დამკვიდრებას; იქნება საქართველოში მცხოვრები ყველა აღმსარებლობის წარმომადგენელთა კონსტიტუციური უფლების დაცვის გარანტი. იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საერთაშორისო კავშირები უფრო განმტკიცდება:

„ევროკავშირთან დაახლოებასა და ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს საგარეო პოლიტიკაში. ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით სერიოზულ პროგრესს მიაღწია. უახლოეს პერიოდში, ვილნიუსის სამიტზე, მოხდება ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. ჩვენი პრიორიტეტია მაქსიმალურად მოკლე ვადებში შევძლოთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების - მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით - ხელმოწერა. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სტაბილური განვითარების გრძელვადიან გარანტიას თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს, ეს კი, საბოლოოდ, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით მიიღწევა“.

ეს პუბლიკაცია პირველად "რადიო თავისუფლების" ქართული რედაქციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ავტორი ეკა ქევანიშვილი.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ, რუსეთთან დღეისათვის არსებული გართულებული ურთიერთობების მიუხედავად, საქართველო მზადაა გააღრმაოს დიალოგი რუსეთთან - საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპების სრული გათვალისწინებით.
დასკვნით ნაწილში კი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მრავალსაუკუნოვან კულტურასა და ისტორიასაც შეეხო.

ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის პოსტზე პირველ ბრძანებას მოაწერა ხელი -
ბრძანების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მოვალეობის შესრულება დააკისრა. თავად ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ასევე ესწრებოდა ინაუგურაციას, მედიასთან განაცხადა, რომ „საქართველოში ახალი ეპოქა და ჭეშმარიტი დემოკრატიული მმართველობა დაიწყო“:

"დასრულდა ავტორიტარული რეჟიმის დრო, რომელიც დაფუძნებული იყო ძალადობასა და სიცრუეზე და დღევანდელი ინაუგურაციის შემდეგ მოვიდა ჭეშმარიტი დემოკრატია. ჩვენ გვყავს ჭეშმარიტად ევროპული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და გვეყოლება ასეთივე მთავრობა. საქართველოში დაიწყო ახალი ეპოქა და ვულოცავ ამ დღეს საქართველოს მოსახლეობას", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ინაუგურაციის ცერემონიალი
ინაუგურაციის ცერემონიალით კმაყოფილი დარჩა კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძეც, რომლის თქმით, საქართველოს დღეს ასეთი - ნაკლებად პომპეზური - ღონისძიებები უფრო შეეფერება:

„იყო მოკრძალებული ცერემონიალი, რაც ჩვენ დღეს უფრო შეგვეფერება. ეს უნდა გავიგოთ, რომ ასე ბევრად უკეთესია, ვიდრე ყოყლოჩინობა და იმის ძახილი, რომ ამქვეყნად ყველაზე უკეთესები ვართ“.

ინაუგურაციის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა უცხოურ დელეგაციებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. შეხვდა თავის ლიტველ კოლეგას, დალია გრიბაუსკაიტეს, და უცხოური დელეგაციების სხვა წარმომადგენლებს, მათ შორის, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის, რუმინეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერის და ა.შ. გიორგი მარგველაშვილმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო. საზეიმო დღე კი რუსთაველის თეატრში გალა-კონცერტით და სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიღებით დასრულდა.
XS
SM
MD
LG