ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა


Cannon HOB
Cannon HOB

შეერთებული შტატების ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში საქართველოში შექმნილ საარჩევნო გარემოზე იმსჯელეს


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

შეერთებული შტატების კონგრესში ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში, რომელიც კონგრესმენ ტომ ლანტოსის სახელს ატარებს, საქართველოს საკითხებს სპეციალური ბრიფინგი მიეძღვნა. ბრიფინგის მიზანი საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილი პრობლემების განხილვა გახლდათ.

საგანგებოდ მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ წარმომადგენელთა პალატის წევრი, მასაჩუსეტის შტატის კონგრესმენი ჯიმ მაკგოვერნი, რომელიც კონგრესში ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას თავმჯდომარეობს, საქართველოს ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში თედო ჯაფარიძე, სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესის, მედიის წარმომადგენლები და რეგიონალური ექსპერტები.

შეხვედრა პროფესორმა კორი ველტმა გახსნა. ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ევროპის, რუსეთის და ევრაზიის სწავლებათა ინსტიტუტის დირექტორია. პროფესორმა ველტმა ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილი მდგომარეობის განხილვამდე, ჯერ ზოგადი კონტექსტის შესაქმნელად იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელიც საქართველომ დემოკრატიის მშენებლობის ხანმოკლე პერიოდში მოიპოვა.

მისი თქმით, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში და საჯარო სამსახურების სრულყოფაში მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა. ამის არდანახვა არ შეიძლება და ბევრი რამ მსოფლიო ბანკის ექსპერტების აზრით, შესაძლოა მეზობელი ქვეყნებისთვის სახელმძღვანელოდაც გამოდგეს, აღნიშნა მან. თუმცა, ის რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენის შემდეგ მოხდა, ადასტურებს, რომ საქართველო არა დემოკრატიულ, არამედ „ნახევრად დემოკრატიულ“ სახელმწიფოს აშენებს, დასძინა მან და ყურადღება ორ მთავარ მიმართულებაზე გაამახვილა, რაც არაჯანსაღი საარჩევნო გარემოს შექმნაზე განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენს.

პირველი, რაც თვალშისაცემია, ეს არის კანონის უზენაესობა და ის, თუ როგორ ქმნის მას საქართველოს ხელისუფლება, როგორ ინტერპრეტაციას უკეთებს და შემდეგ როგორ ნერგავს მას. კანონის უზენაესობის იმპლემენტაცია მთლიანად მორგებულია მმართველ პარტიაზე და მის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. ამის საუკეთესო მაგალითია ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გახმაურებული ფაქტი.

თუმცა, შედარებით ნაკლებად ცნობილია კიდევ უფრო გამჭოლი ეფექტის მქონე მოვლენები, როგორიცაა ოპოზიციური პარტიების მიმართ მისი საარჩევნო კამპანიის წინააღმდეგ განხორციელებული თანმიმდევრული ქმედებები, რომელმაც ოპოზიციას აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენა: რამდენიმე მილიონიანი ჯარიმები, ათობით ათასი სატელიტური თეფშის ჩამორთმევა, საბანკო ანგარიშების და აქტივების გაყინვა და მრავალი სხვა, რამაც მომავალი არჩევნების სამართლიანობა უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა,“ - აღნიშნა პროფესორმა.

მეორე მნიშვნელოვან ფაქტორად, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე ახდენს გავლენას, კორი ველტს მიაჩნია ხელისუფლების მიერ საზოგადოების იმ ნაწილის კრიმინალად გამოცხადება, რომელიც მის შეხედულებებს არ იზიარებს. ძალიან მოკლედ მათი პოლიტიკა უდანაშაულობის პრეზუმფციის სრულიად საპირისპიროდ ჟღერს: „დამნაშავეა, სანამ საკუთარ უდანაშაულობას არ დაამტკიცებს“ - განაცხადა მან.

შემდეგ სიტყვით გამოვიდა სელესტ დრეიქი, საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკის ექსპერტი მშრომელთა და ინდუსტრიულ ორგანიზაციათა კონგრესის ამერიკული ფედერაციიდან. მან საქართველოში მშრომელთა უფლებების დარღვევებზე ისაუბრა. მართალია, ეს უშუალო გავლენას მომავალ არჩევნებზე არ მოახდენს, მაგრამ შეერთებული შტატები დიდი გულისყურით ადევნებს თვალს მშრომელთა უფლებების დაცვას საქართველოში. დიდი ხანია, ვარდების რევოლუციის შემდეგ ვსწავლობ სიტუაციას და არსებული დარღვევების გამო მიმდინარე სპეციალურ მოსმენებზე მოწმის სტატუსითაც გამოვედი, აღნიშნა მან.

„პროფესორ კორისგან განსხვავებით მშრომელთა უფლებების დარგში აპლოდისმენტებს ვერ მოგასმენინებთ. საქართველომ ისეთი კანონმდებლობა მიიღო, რომელიც ყველა საერთაშორისო ნორმებთან წინააღმდეგობაში მოდის და ამასთან მას უდიდესი ენთუზიაზმით ნერგავს“ - განაცხადა ქალბატონმა დრეიქმა.

ათწუთიან მოხსენებაში მან უამრავ დარღვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჩივრების განხილვა „ჯი-ეს-პიმ“ ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო. მათ შორის რკინიგზის მუშაკებისთვის წელიწადნახევრის მანძილზე გაუცემელი ხელფასების და განათლების სფეროში არსებულ დარღვევებზე მთავრობა არათუ რეაგირებას არ ახდენს და საერთაშორისო უწყებისთვის მიცემულ დაპირებებს არ ასრულებს, არამედ საერთოდ უარს ამბობს ყოველგვარი სტატისტიკის შედგენაზე და მშრომელთა შესახებ კანონმდებლობის სრულყოფაზე, რომელიც პრიორიტეტად არა მშრომელის, არამედ დამსაქმებლის ინტერესს აღიარებს, აღნიშნა მან.

მესამე მომხსენებელი ანა დოლიძე გახლდათ, დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის პროფესორი. ვიდრე ადამიანის უფლებათა დარღვევების სამ მთავარ მიმართულებაზე ისაუბრებდა, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე უშუალო გავლენას ახდენს, მან ყურადღება პროფესორ ველტის ერთ-ერთ გამონათქვამზე გაამახვილა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ მენტალური რევოლუციაც დაიწყო.

ქალბატონმა ანამ არგუმენტად დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვა დაასახელა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის ნახევარი პოლიტიკითაა დაინტერესებული, მაგრამ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე მხოლოდ საკუთარ სახლში მსჯელობს. „გამოკითხულთა 80 პროცენტი მათ საჯარო განხილვას ერიდება. ეს იმის ნიშანია, რომ მოსახლეობის დიდ უმრავლესობას საკუთარი აზრის გამოხატვის ეშინია, რადგან იცის, რომ ამისთვის დაისჯება,“ - განაცხადა მან.

ანა დოლიძემ უმთავრესად იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომლებიც 3 კრიტიკულ კატეგორიაში ხვდება: გამოხატვის თავისუფლება, ხმის მიცემის თავისუფლება და სასამართლოს თავისუფლება. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ საქართველოში მენტალური რევოლუციის ერთადერთი დასტური სამართლიანი არჩევნები იქნებოდა, რომელშიც ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა დაფიქსირდებოდა. „დღეს ამის არანაირი ნიშანი ჯერჯერობით არ არსებობს“, განაცხადა მან.

მე ამას გადავიფიქრებდი, თუ დავინახავდი, მაგალითად, 1 ოქტომბრის არჩევნებზე, რომ ხელისუფლება მზად არის დათმოს ძალაუფლების ნაწილი მაინც, რაც შექმნის კულტურას პოლიტიკური დიალოგის, და არა ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების... მე ვგულისხმობ არა სახელმწიფო აპარატს, რომელიც საქართველოში დღეს შეიქმნა და პრინციპში ეფექტურიც არის, არამედ რამდენიმე პირს, რომელიც საქართველოს მომავალს და მის პოლიტიკურ ბედს წყვეტს. პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტს და მის უშუალო გარემოცვაში მყოფ ოთხ-ხუთ მამაკაცს,“ - აღნიშნავს ანა დოლიძე.

შეხვედრა დამსწრეთა შეკითხვებით და მომხსენებელთა შორის დისკუსიით დასრულდა. საუბარი ისევ და ისევ გამოხატვის თავისუფლებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, ხელისუფლების მიერ საჯარო რესურსების გამოყენებას პოლიტიკური მხარდაჭერის გაზრდის მიზნით, მშრომელთა უფლებებს და ოპოზიციური პარტიებისადმი მიმართულ ძალადობას შეეხებოდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ექსპერტებმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს იმ რისკებზე და პოტენციურ შედეგზე, რომელიც შესაძლოა ქვეყანაში მომავალი არჩევნების სამართლიან ჩატარებას და ადამიანის უფლებების დაცვას შეექმნას.
XS
SM
MD
LG