ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ემუქრება თუ არა საქართველოს ორხელისუფლებიანობა?!


მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე პრემიერ ვანო მერაბიშვილს მოვალეობის შესრულება დაეკისრა

მიხეილ სააკაშვილმა დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მოქმედი მთავრობის შუამდგომლობა გადადგომის შესახებ და მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე პრემიერ ვანო მერაბიშვილს მოვალეობის შესრულება დააკისრა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად 1 ოქტომბერს არჩეული პარლამენტის შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობის წუთიდან მოქმედ მთავრობას უფლებამოსილება ეხსნება და საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, „საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ახალი მოწვევის პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში წარედგინება.”

„თუ ახლად არჩეული პარლამენტი მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, საქართველოს ნაკლებად ლეგიტიმური მთავრობა ეყოლება,” - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი ავთანდილ დემეტრაშვილი. ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, „მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცნობს ახლად არჩეულ პარლამეტართა უფლებამოსილებას, პრეზიდენტი სამი დღის ვადაში ვალდებულია პარლამენტში წარმოდგენილ ფრაქციებთან კონსულტაციები გამართოს, შეარჩიოს პრემიერის კანდიდატურა. ამის შემდეგ, პრეზიდენტის მიერ შერჩეული პრემიერი 10 დღის ვადაში დააკომლექტებს მთავრობას და მთავრობის შემადგენლობას პარლამენტს ნდობის მისაღებად წარუდგენს."

არსებობს თუ არა საქართველოში ორხელისუფლებიანობის საშიშროება?

„ასეთი საშიშროება არ არსებობს", - თვლის მოქმედი კონსტიტუციის კიდევ ერთი ავტორი ოთარ ბენიძე, ვინაიდან, მისივე თქმით, არჩევნებში დამარცხებული „ერთიანი ნაციონალირი მოძრაობა” აცხადებს, რომ ახალი მთავრობის ფორმირების პროცესს ხელს არ შეუშლის:

მოდით, ასე ვთქვათ, დავიჯეროთ ეს. დავიჯეროთ და ვნახოთ, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, უფლებამოსილი იქნება და გადაწყვეტს მთავრობის შემადგენლობის, ფორმირების საკითხს."

როგორც ცნობილია, პრეზიდენტ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა 2013 წლის იანვარში ეწურება, მაგრამ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილება 2013 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ოთარ ბენიძე ამ გარემოებასთან დაკავშირებით ამბობს:

„მაგრამ არის კოლიზია კონსტიტუციის მუხლებს შორის, სადაც ერთ მუხლში არის ჩანაწერი, რომ პრეზიდენტი ირჩევა 5 წლის ვადით, ხოლო მეორე მუხლში წერია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ოქტომბერში. ასეთი უფლებამოსილება არ უწერია პირდაპირ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მან განიხილოს კონსტიტუციის მუხლებს შორის კოლიზიების საკითხი, მაგრამ მას აქვს პრინციპი - თვითშებოჭვის, ან პირიქით - გაფართოების. შეუძლია გამოიყენოს მაშინ, როდესაც დგას ქვეყნის ინტერესი, უზენაესი კანონის, რომ გამოირიცხოს ორმაგი ინტერპრეტაციები. 2013 წლის 5 იანვარს, როდესაც პრეზიდენტს ვადა ეწურება, ოქტომბრამდე, ნოემბრამდე რას წარმოადგენს პრეზიდენტი, რამდენად ლეგიტიმური იქნება მისი დარჩენა თანამდებობაზე?! ამიტომ უნდა განიხილოს ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ. მათ ძალიან კარგად იციან და თუ არ იციან უნდა იცოდნენ, რომ ეს ორგანო არის შექმნილი იმისათვის, რომ მას თვითშებოჭვის პრინციპიც შეუძლია გამოიყენოს სარჩელის განხილვისთვის და პირიქით, გააფართოვების. ეს კვაზისასამართლოა, ეს არ არის საერთო სასამართლო, რომელსაც განსაზღვრული ჩარჩოები გააჩნია. მას შეუძლია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს ოქროს შუალედური გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ქვეყნის, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე."

„ამერიკის ხმა": საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია ეს საკითხი წამოწიოს, თუ მას რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიმართოს?

ოთარ ბენიძე: „რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს თვითინიცირების უფლება არ გააჩნია, მას უნდა მიმართოს უფლებამოსილმა სუბიექტმა. უფლებამოსილი სუბიექტი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს პარლამენტის ჯგუფი."

„ამერიკის ხმა": თქვენი აზრით მიმართავს „ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა ამ საკითხით?

ოთარ ბენიძე: „მიმაჩნია - ასეთ წინანდადებასაც მივცემდი - რომ უნდა მიმართოს."
XS
SM
MD
LG