უკვე თვეზე მეტია, ოჯახის წევრები და ახლობლები საქართველოს ტერიტორიაზე უშედეგოდ ეძებენ რუსეთის მოქალაქეს, 24 წლის მაგომედ მაგომედოვს. იგი 19 აპრილს, თბილისში, სან ზონაში, კაკაბაძის ქუჩიდან, სადაც მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა, დღის პირველი საათისთვის გაუჩინარდა.
მაგომედოვი ეთნიკური დიდოელია. საქართველოს მოსაზღვრე, დაღესტნის რესპუბლიკის წუნტის რაიონიდან . იგი მოჯაჰიდია, ე.წ „დიდოეთის ჯამაათის“ მებრძოლი, „ჯიჰადის მონაწილე“, რომელიც რუსეთის ფედერალური სამხედრო შენაერთების წინააღმდეგ იბრძოდა.
„დიდოეთის ჯამაათი“ - „დაღესტნის ფრონტის“ ანუ სხვაგვარად -„შარიათის ჯამაათის“ საბრძოლო განაყოფია, რომელიც თავის მხრივ, „კავკასიის ემირატის“ ნაწილია. „ემირატის“ მიზანი ჩრდილო კავკასიის რუსეთის ფედერაციიდან გამოყოფა და იქ ისლამური სახელმწიფოს შექმნაა. როგორც რუსეთში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში „კავკასიის ემირატი“ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.
მოჯაჰედ მაგომედოვის დედა სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში და შვილის მოძებნაში დახმარება საქართველოს პრემიერ-მინისტრს სთხოვა. ჰურულენ აბდულკადიროვამ ამერიკის ხმასთან კერძოდ თქვა:
„მე მინდა საქართველოს პრემიერს შევხდე და მოვუყვე ყველაფერი...რომ ვეძებ ჩემს შვილს, რომელიც უკვე ერთი თვეა დაკარგულია და არაფერი ვიცი მის შესახებ.
სპეციალურად ჩამოვედი დაღესტნიდან. მე ვითხოვ პრემიერთან შეხვედრას..მეტი არაფერი მინდა..მინდა ვიპოვო ჩემი შვილი მკვდარი ან ცოცხალი.“
ერთი თვის მანძილზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ გაარკვია, თუ როგორ გაქრა მაგომედ მაგომედოვი თბილისში, კაკაბაძის ქუჩისა და გურამიშვილის გამზირის შორის, რამდენიმე მეტრიან მონაკვეთში, სადაც მას მეგობრები ელოდნენ. სამინისტროში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მაგომედოვი არ დაუკავებიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მაგომედოვის პიროვნება უცხო არ იყო. მოჯაჰიდმა საქართველო-რუსეთის საზღვარი, სოფელ ლაფანყურთან, ჯერ კიდევ, 2012 წლის მაისში უკანონოდ გადმოლახა.
იმ დროისთვის, "იუთუბზე“, რუსეთში ექსტრემისტურად მიჩნეული, ინტერნეტ რესურსის ImamTV-ის მიერ, უკვე გავრცელებული იყო ვიდეო, სადაც კარგად შეიარაღებული მაგომედოვი ყვება თუ როგორ დაუსხლტდა ხელიდან რუს სამხედროებს. მოჯაჰიდი აღნიშნავს, რომ თავშია დაჭრილი. „კავკასიის ემირატის“ ინტერნეტ გვერდზე მაგომედოვი „მოჯაჰიდ ჰუზაიფას“ სახელით არის მოხსენიებული.
2012 წლის მაისში საქართველოს შსს-ს მაგომედოვი საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის არც დაუკავებია და არც საქმე აღუძრავს. პირიქით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა იგი გადაიბირა და პანკისის ხეობის სოფელ დუისში გადაისროლა.
იმ პერიოდში, პანკისში ევროპიდან მასიურად ჩამოსულ ჩრდილო კავკასიელებს, ძირითადად ჩეჩნებს, გაურკვეველი მიზნით წვრთნიდნენ. ამ, ჯგუფს, 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ლაფანყურში გადაისვრიან და იქ გაანადგურებენ.
რატომ არ აღმოჩნდა მაგომედოვი ლოპოტის ხეობაში განადგურებულ ჯგუფთან ერთად უცნობია. დუისში ყვებიან, რომ მან სოფელში 2012 წლის მაისიდან ოქტომბრამდე იცხოვრა. მას შემდეგ კი, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, საცხოვრებლად უკვე თბილისში გადავიდა.
შსს-მ მაგომედოვი საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ბრალდებით მხოლოდ 2012 წლის 13 დეკემბერს დააკავა, როცა იგი კიდევ ერთ მოჯაჰიდთან - მიქაელ კადიევთან (ქადოევთან) ერთად ბათუმში იმყოფებოდა.
სამი დღის შემდეგ, გლდანის ციხეში, მაგომედოვმა ქართულ მედიას მოუყვა, რომ თითქოს კადიევი ქართველ სამართალდამცავებს ბათუმიდან თბილისში ეტაპირებისას გაექცათ. თუმცა, შსს ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. ამავე დროს, დეკემბრიდან კადიევის ადგილსამყოფელიც უცნობია.
2012 წლის დეკემბრის ბოლოს, მაგომედოვს საქართველოს ტერიტორიაზე გამოცხადებული საყოველთაო ამნისტია შეეხო. იგი ციხიდან 2013 წლის იანვრის შუა რიცხვებში გათავისუფლდა.
ამ დროისთვის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში უკვე შესული იყო მაგომედოვის მიმართვა, სადაც იგი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, იქედან გამომდინარე რომ რუსეთში მის სოცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
საქართველოში თავშესაფრის მიღება მაგომედოვს არ დასცალდა. 19 აპრილს, შუადღეს, იგი თბილისში, სან ზონაში უგზო-უკვლოდ გაქრა. მაგომედოვის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი ამბობს:
„ეს ადამიანია არაერთხელ ნაწამები იყო რუსეთის ტერიტორიაზე. მას დაზიანებების კვალი დღემდე აღენიშნებოდა - თავის არეში და ასევე სხეულზე. საფრთხის არიდების მიზნით, რომ იგი საქართველოს არ გადაეცა რუსეთისთვის ჩვენ მივმართეთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და მოვითხოვეთ რომ მინიჭებოდა მას ლტოლვილის სტატუსი. ბოლო პერიოდში იყო ბათუმში, შემდეგ მას ჩემთან კონტაქტი აღარ ჰქონია და მოგვიანებით ვიგებ რომ იგი გაუჩინარდა.“
მაგომედ მაგომედოვის ოჯახის წევრები და ახლობლები ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოჯაჰიდები რუსეთს გადასცა ან თავად გაიტაცა და გაუსწორდა. გამომდინარე იქედან, რომ მაგომედოვი შესაძლოა ლაფანყურის საიდუმლო ოპერაციაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მაგომედოვის გაუჩინარებასთან ყოველგვარ კავშირს გამორიცხავს და კატეგორიულად უარყოფს, რომ მაგომედოვის და კადიევის რუსეთში ფარული ექსტრადირება მოხდა. იგივეს ამბობს პრემიერი ივანიშვილიც.
ბოლოს, ეთნიკური ჩეჩნების ფარული ექსტრადირება რუსეთში 2004 წლის თებერვალში მოხდა. მაშინ თბილისში, ვაშლიჯვრიდან, ორი ჩეჩენი - ბეკჰან მულკოევი და ჰუსეინ ალჰანოვი დაიკარგნენ. მანამდე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსეთის მოთხოვნა ამ ადამიანების ექსტრადირების თაობაზე და ისინი გათავისუფლდნენ.
მიუხედავად, პრეზიდენტ სააკაშვილის მტკიცებისა, რომ ფარული ექსტრადირება არ მომხდარა, საბოლოოდ მულკოევი და ალჰანოვი მაინც რუსეთის ციხეში აღმოჩდნენ. 2005 წლის ბოლოს, მულკოევ-ალხანოვისა და კიდევ 11 ჩეჩენის საქმე საქართველომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წააგო და მორალური კომპენსაციის სახით 85 000 ევროს გადახდა დაეკისრა.