ბოლნისსა და მარნეულში მკაცრი საკარანტინო ზონის კონტროლში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად თავდაცვის სამინისტროა ჩართული. ცნობილი ხდება, რომ თავდაცვის ძალები ამ დროისთვის ხუთი მუნიციპალიტეტის 7 მარშუტზე ახორციელებს კონტროლს.
კონტროლდება როგორც მარნეული და ბოლნისი, ასევე კაზრეთის, თეთრიწყაროს და მარნეული წითელი ხიდი-რუსთავის დამაკავშირებელი გზები. ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ ვებგვერდზე გაავრცელა.
აღნიშნულ ტერიტორიებზე გაშლილია საველე კარვები, სადაც მოქალაქეებს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს.
"ჩვენ ღამით დავიწყეთ აქტიური მოქმედება. თავდაცვის ძალები მობილიზებულია სრულად. აქ ჩვენ მაღალი სტანდარტის, შეიძლება ითქვას, ნატოს სტანდარტის გამშვები პუნტქები მოვაწყვეთ. ჩვენ მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათთან სრულ კოორდინაციაში ჩვენ მოსახლეობას ვეხმარებით გადაადგილებაში. სამხედროები არიან მობილიზებულები. ჩვენ ვართ იქ სადაც ჩვენ ხალხს და ქვეყანას ჭირდება,"ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მოწმდება და სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება საკარანტინო ზონიდან გამომავალი და შემავალი ავტოტრანსპორტი. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მარნეულისა და ბოლნისის გარე პერიმეტრს პოლიციასთან ერთად აკონტროლებენ.
მკაცრ საკარანტინო ზონაში სადაც 160 000 ადამიანზე მეტი ცხოვრობს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა. მინისტრი ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას.
Facebook Forum