ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოდან წასული ჩეჩნები სირიაში იბრძვიან


ინფორმაცია ჩეჩენი მებრძოლების შესახებ ერთდროულად „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ და „ბი-ბი-სიმ“ გამოაქვეყნა

საქართველოში მცხოვრები ჩეჩნები სირიაში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირებაში მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაცია 19 ნოემბერს ერთდროულად „უოლ სტრიტ ჯორნალში“ და „ბი-ბი-სის“ ინტერნეტ-გვერდებზე გაჩნდა. ავტორები საუბრობენ პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქართველებზე. მათ შორის, თახრან ბათირაშვილზე, რომელიც „უოლ სტრიტ ჯორნალის“ სტატიის ავტორის, ალან კულისონის მიხედვით, სირიის ოპოზიციური ძალების რამდენიმე სამხედრო წარმატების უკან დგას. „ის წარმოშობით ჩეჩენია და სამხედრო წვრთნა შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებულ საქართველოს არმიაში მიიღო“ - ნათქვამია მასალაში.

მურად ბატალ ალ-შიშანი, ბიბისის სტატიის ავტორი ერთ-ერთ წყაროდ გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს, ვინმე გიორგის ასახელებს, რომელიც პანკისის ხეობაში მცხოვრებ ჩეჩნებთან მუშაობდა. „ბი-ბი-სის“ ავტორის თქმით, ხეობაში ამჟამად 15 ათასი ყველასგან მივიწყებული ჩეჩენი ცხოვრობს. სწორედ იქიდან არის წასული ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მეომარი ომარ შიშანი, რომელიც სამხედრო დაჯგუფება „ალ-მუჰაჯირინ ვა ალ-ანსარის“ ლიდერია. ითარგმნება, როგორც ემიგრანტთა და დამხმარეთა არმია. დაჯგუფება ალ-ყაიდასთან ალიანსში მყოფ ჯიჰადისტების ერთობად ითვლება.
XS
SM
MD
LG