რუსმა მესაზღვრეებმა შიდა ქართლში ბორდერიზაციის ახალი ეტაპი დაიწყეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან, კერძო მოსახლეების ქერის ყანაში ახალი ბანერები გაჩნდა წარწერით “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა”.
ხოდელებისა და ჩილინდრიშვილების ოჯახებისთვის მოსავლის აღების საკითხმა წელსაც, ისევე როგორც შარშან, პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. ოკუპირებული ტერიტორია, დაახლოებით 700 მეტრით გაიზარდა ბერშუეთისა და სობისის მიმართულებით.
არ ვფლობ ინფორმაციას, კონკრეტულად, იმის თაობაზე, ჟენევის ფორმატში ან ერგნეთის მოლაპარაკებებზე თუ იყო ეს საკითხი განხილულითეონა აქუბარდია
ბორდერიზაციის პროცესის განახლება რომ მოსალოდნელი იყო ამის შესახებ ჯერ კიდევ მაისში სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა პირდაპირ დააანონსა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. მან ისიც თქვა, რომ პროცესის განახლება ზაფხულისთვის იყო დაგეგმილი. დასახელდა სავარაუდო მიმართულებაც: ზნაურის, ანუ ყორნისის თემი. ეს განცხადება 12 მაისს ერგნეთში რიგით 88–ე შეხვედრაზე გაისმა. დანაპირები შესრულდა, მხოლოდ ზნაურის მიმართულების ნაცვლად გორის მუნიციპალიტეტში.
“ამერიკის ხმა” ქეთევან ციხელაშვილს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა დასამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ესაუბრა იმის შესახებ, კონკრეტულად რა ზომები იქნა გატარებული საქართველოს ოფიციალური უწყებების მხრიდან მას შემდგომ, რაც მათ მოისმინეს სანაკოევის განცხადება მოსალოდნელი ბორდერიზაციის შესახებ.
„ამ განცხადების გაკეთბისთანავე, ჩვენ გვქონდა მყისიერი კომუნიკაცია ყველა პარტნიორთან. მომდევნო შეხვედრაზეც ეს საკითხი დაისვა იმგვარად, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება და რაიმე დამაბრკოლებლების აღმართვა და ინსტალაცია ნებისმიერ პერიმეტრზე,” უთხრა „ამერიკის ხმას“ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა.
მინისტრის თქმით, ამ თემაზე საუბარი საგარეო საქმეთა სამინისტროსაც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში.
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქართულმა მხარემ საერთაშორისო თანამეგობრობას ბორდერიზაციის მოსალოდნელი განახლების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა ვენაში, უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთოს ყოველწლიურ კონფერენციაზე.
ინციდენტებზე, რომელსაც ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა. საერთაშორისო თანამეგობრობას მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადადგმული უკანონო ქმედებების შესახებდავით ზალკანიანი
„ჯერ კიდევ ჟენევის ბოლო რაუნდზე ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ ისაუბრა საქართველოს დელეგაციამ. წინა კვირას ჩემს გამოსვლაში ეუთოს უსაფრთხოების ყოველწლიურ მიმოხილვით კონფერენციაზე ვისაუბრე უკანონო ბორდერიზაციის საკითხზე, იმაზე, რომ რუსეთის ფედერაცია, საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის, ანუ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არაკანონიერ ქმედებებს, მავთულხლართების აგებას. ვისაუბრე, ასევე, კონკრეტულ ინციდენტებზე, რომელსაც ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა. საერთაშორისო თანამეგობრობას მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადადგმული უკანონო ქმედებების შესახებ,“ ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
ზალკანიანი დასძენს, რომ დღეს მომხდარი ფაქტის შესახებ საქმის კურსში ჩააყენებს საერთაშირისო თანამეგობრობას.
თეონა აქუბარდია, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე “ამერიკის ხმასთან” ამბობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან კომუნიკაციის შესახებ საქართველოს უშიშროების საბჭო ინფორმირებული არაა.
„არ ვფლობ ინფორმაციას, კონკრეტულად, იმის თაობაზე, ჟენევის ფორმატში ან ერგნეთის მოლაპარაკებებზე თუ იყო ეს საკითხი განხილული. ამგვარი საკითხების პრევენცია ერთადერთი, შესაძლებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ზეწოლით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საკმაოდ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რთულია იმის თქმა თუ როგორ უნდა მიაღწიოს ამ ყველაფერს. არ ვარ ინფორმირებული თუ როგორ მოხდა ამ საკითხის, ასე რომ ვთქვათ, გეგმაზომიერად „აწევა“ და თანამეგობრობისთვის მიწოდება, “ ამბობს აქუბარდია.
Facebook Forum