ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეფექტური უცხოური დახმარება?


ეფექტური უცხოური დახმარება?
ეფექტური უცხოური დახმარება?

გუშინ ღია საზოგადოების ინსტიტუტის ვაშინგტონის წარმომადგენლობაში გაიმართა შეხვედრა თემაზე „საქართველოს ომისშემდგომი აღმშენებლობა: რამდენად ეფექტურია უცხოური დახმარება?“

შეხვედრაზე მოხსენებებით გამოვიდნენ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის კოორდინატორი ირინა ლაშხი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა და ამავე ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე. დისკუსიას უძღვებოდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის უფროსი ანალიტიკოსი ევრაზიის საკითხებში ჯეფ გოლდშტეინი.

შეხვედრის შემდეგ ამერიკის ხმის ქართული რედაქცია გაესაუბრა მომხსენებლებს. ირინა ლაშხმა პრეზენტაციის მთავარი მომენტები ამგვარად შეაჯამა:

„ჩვენი გამოსვლა ეხებოდა საქართველოს მიერ 2008 წლის ომისშემდგომ მიღებულ ფინანსურ დახმარებას, რომელიც საქართველომ მიიღო დონორი ქვეყნებისგან და ორგანიზაციებისგან. ეს იყო 4.5 მილიარდი დოლარი კრიზისის დასაძლევად. ზოგადად ჩვენი პრეზენტაციიდან გამოჩნდა ის, რომ მიკრო დონეზე, ანუ პროექტების დონეზე, ამ თანხის ათვისებაში იყო გარკვეული ხარვეზები. მაგალითად, სატენდერო პროცედურების დარღვევა. ასევე ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები და ასე შემდეგ. მაგრამ მაკრო ეკონომიკის დონეზე, ამ გრანტს და კრედიტს, რომელიც საქართველომ მიიღო, უდიდესი ეფექტი ჰქონდა იმიტომ რომ, რომ არა ეს დახმარება საქართველო ომისშემდგომ კრიზისს ვერ დაძლევდა და ვერც ფინანსურ კრიზისს გაუმკლავდებოდა. ბანკებიც შესაძლოა სერიოზული პრობლემების წინაშე დამდგარიყვნენ.“

ლაშხის დაკვირვებებს იზიარებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2008 წელს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე გამოყოფილი 4.5 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი საკმაოდ ეფექტურად დაეხმარა საქართველოს კრიზისის დაძლევაში. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო დახმარების როლი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩანაცვლებაში. თუმცა გამოყოფილი დახმარების გამოყენების პროცესში დაფიქსირდა დარღვევები როგორც ტექნიკური ხასიათის ისე არაეფექტურობის თვალსაზრისით.

„რამოდენიმე პროექტის შეფასებაზე ვმუშაობდით ჩვენ. ერთ-ერთი ‘მილენიუმის’ პროგრამა იყო. ეს იყო ტექნიკური დარღვევები, იგივე შესყიდვების პროცესში, ანუ კონტრაქტორების ძებნის, კონტრაქტორების შერჩევის პროცესში. მთლიანობაში ‘მილენიუმის’ პროექტი იყო საკმაოდ ეფექტური რა თქმა უნდა, 230-მილიონიანი ინვესტიცია იყო. ასევე იყო პროექტი, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების აშენებას ეხებოდა. ეფექტურად მოხდა ის, რომ იყო სამი თვის განმავლობაში აშენებული ამდენი სახლი და ჰქონდა საშუალება დევნილებს, რომ შესულიყვნენ და ზამთარი გადაეტანათ უკვე საკუთარ სახლში. მაგრამ არაეფექტურია ის, რომ აღმოჩნდა შემდგომში უხარისხოდ აშენებული ეს სახლები, რისთვისაც უკვე ახალი პროექტი მტკიცდება, რომ მოხდეს ამ საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია.“

რაც შეეხება პროექტების დონეზე აღმოჩენილ ხარვეზებს, ლაშხმა გამოყო შესყიდვებისა და სატენდერო პირობების დარღვევები, რაც ხშირად იმაში გამოიხატებოდა, რომ ერთი კომპანია იგებდა იმის გამო, რომ შესთავაზა დაბალი ფასი, ხოლო მეორე აგებდა იმიტომ რომ მაღალი ფასი შესთავაზა. თუმცა რეალურად როცა მოგებული კომპანია ახორციელებდა სამუშაოებს, ის ფასი ბევრად მაღალი იყო ვიდრე იმ კომპანიისა, რომელმაც წააგო.

ირინა ლაშხმა აღიარა ისიც, რომ დღევანდელ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას კორუფციული საქმიანობის გამოვლინება ძალიან უჭირს. ამასთან დაკავშირებით მან კერძოდ აღნიშნა:

„სამოქალაქო საზოგადოების პრობლემა ხშირად არის ის, რომ დღევანდელ საქართველოში კორუფციული სქემები იმდენად დახვეწილია და იმდენად კარგად არის შეფუთული, რომ ძალიან რთულია, რომ რაღაცა მტკიცებულება მოიპოვო კონკრეტული. იმიტომ რომ შეიძლება შენ იცოდე, რომ ამ კომპანიის უკან დგას ესა თუ ის მაღალი თანამდებობის პირი, მაგრამ იმდენად დახვეწილად არის ეს ყველაფერი შეფუთული, რომ ძალიან რთულია, რომ ამის მტკიცებულება მოიპოვო. როცა მტკიცებულება არ გაგვაჩნია, ჩვენ არაფერს არ ვწერთ ანგარიშში ისეთს, რისი დამამტკიცებელი საბუთი არ გვაქვს.“

დისკუსიის წამყვანმა ღია საზოგადოების ინსტიტუტის უფროსმა ანალიტიკოსმა ევრაზიის საკითხებში ჯეფ გოლდშტეინმა ქართველ გამომსვლელთა პრეზენტაცია ამგვარადა შეაფასა:

„ჩემთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე დასკვნა გამოვიტანე. უწინარეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება პირნათლად ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს, რაც შეეხება მთავრობისთვის რჩევების მიცემას და მთავრობის საქმიანობის მონიტორინგს. ზოგ შემთხვევაში ხელისუფლება ამ ძალისხმევას დადებითად ეკიდება. მაგალითად გამოდგება თუნდაც ის, რომ ფინანსთა სამინისტრო ვებ გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ იხარჯება უცხოური დახმარება. ჩვენ გვსურს, რომ ამგვარი თანამშრომლობა სხვა სფეროებზეც გავრცელდეს, პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხების ჩათვლით. ვეთანხმები გამომსვლელებს, რომ მაკროეკონომიკურ დონეზე დახმარებას ძალიან დადებითი გავლენა ჰქონდა და ომით გამოწვეული ზარალისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკის სტაბილიზაცია მოხერხდა.“

XS
SM
MD
LG