ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული კინო ვაშინგტონში


გასულ კვირას ვაშინგტონში თანამედროვე ქართული ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა. 13-16 ნოემბერს ამერიკაში საქართველოს საელჩოსა და სხვა რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში თანამედროვე ქართული ფილმები წარმოადგინეს, ჩვენების შემდეგ კი დისკუსიები გაიმართა.

"ესაა ფილმები საქართველოზე, ეს რეჟისორები იყვნენ საზღვარგარეთ, სწავლობდენ უცხოეთში, ნახეს მსოფლიო, იყვნენ არაერთ ფესტივალზე, მაგრამ კვლავაც ქართველი ხელოვანები არიან. ისინი არ ცდილობენ ჰოლივუდის იმიტირებას, ისინი აკეთებენ რაღაც ძალიან და უნიკალურად ქართულს. სწორედ ესაა ის, რასაც საერთაშორისო საზოგადოება ძალიან აფასებს. ქართული კინო მსოფლიო მოვლენაა, მსოფლიო კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი“, - ამბობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სლავური ენების პროფესორი და ევრაზიის მკვლევარი პიტერ როლბერგი, რომელიც ფილმების ჩვენების შემდეგ გამართულ დისკუსიებს წარმართავდა. როლბერგი იხსენებს, რომ ქართული კინო ჯერ კიდევ ბავშვობაში, 70-იან წლებში შეუყვარდა.

დისკუსია "დედეს" ჩვენების შემდეგ
დისკუსია "დედეს" ჩვენების შემდეგ

„ბავშვობაში პირველად ვნახე გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი". მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის საბავშვო ფილმი, მხატვრის ტრაგედიამ, სცენებმა, კომპოზიციებმა იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ ეს არასდროს დამვიწყებია. შემდეგ კი, როდესაც ლიტერატურისა და კინოს მკვლევარი გავხდი, ქართული კინო ჩემი ინტერესის ერთ-ერთი მთავარი საგანი გახდა", - ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბარში პიტერ როლბერგი. ის ქართული კინოს ისტორიასაც იხსენებს და ამბობს, რომ ყველა მათგანი, იქნება ეს 20-იანი წლების კინო, აბულაძის "მონანიება" თუ თანამედროვე რეჟისორების შემოქმედება, "მსოფლიო კულტურული მოვლენა იყო, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთგზის აღიარა".

როლბერგი მიიჩნევს, რომ 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში ქართული კინოს კრიზისი დაფინანსების არარსებობის გამო მთელი მსოფლიოს კულტურისთვის დანაკლისი და დანაკარგი იყო, თუმცა მოგვიანებით, როდესაც კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების თანადაფინანსებაც კი დაიწყო, ეს მისთვის ქართული კინოს "თავიდან დაბადებას" ნიშნავდა.

ქართული კინო ვაშინგტონში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:47 0:00

ვაშინგტონში და მის შემოგარენში მცხოვრებთ შეეძლოთ ენახათ ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის "ჩემი ბედნიერი ოჯახი", გიორგი მგელაძის "არა, მეგობარო", ლევან კოღუაშვილის "შემთხვევითი პაემნები", რუსუდან გლურჯიძის "სხვისი სახლი", ანა ურუშაძის "საშიში დედა" და მარიამ ხაჭვანის "დედე".

ლევან კოღუაშვილი, რომელიც ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მისი „შემთხვევითი პაემნების“ ჩვენებას დაესწრო და მაყურებელთა შეკითხვებს უპასუხა, ამბობს, რომ უხარია, როდესაც ფესტივალების მიღმაც, ამგავრი ღონისძიებებით ქართული კინოს პოპულარიზაცია ხდება.

რატომ არის 90-იანი წლები, ომის შემდგომი საქართველო, ე.წ. „დაკარგული თაობა“ და მსგავსი თემები აქტუალური თანამედროვე ხელოვანებისთვის - ამ კითხვაზე პასუხად კოღუაშვილი ამბობს, რომ მთავარი არა კონკრეტული ეპოქა, არამედ კონტექსტის ავთენტურობა, ორიგინალობა და მისი გადმოცემის სტილია.

„არ აქვს მნიშვნელობა რომელ ეპოქაზეა ფილმი, არის ეს ისტორია შეყვარებულებზე, თუ ამერიკაში მომუშავე ქართველ ემიგრანტ ქალებზე, ერთნაირად ვიხარჯები და ვცდილობ გამოვიდეს ემოციური ნამუშევარი. ადამიანური ისტორიები და კონტექსტი - ესაა უმნიშვნელოვანესი, თუკი კარგადაა ნაჩვენები ისტორიები, და თუკი კონტექსტი არის ორიგინალური. ქართული კონტექსტი კი ნამდვილად არის ავთენტური და ნაკლებად ცნობილი. ეს ორი კომბინაცია თუ არის ერთად, მაშინ ის შეიძლება იყოს საინტერესო ფილმი. ქართული მასალა, თუკი საინტერესოდ და ისეა გაკეთებული, როგორც მათ არ უნახავთ, შეიძლება საინტერესო იყოს უცხოელი მაყურებლისთვის“, - ამბობს კოღუაშვილი. თუმცა იქვე განმარტავს, რომ 90-იანი წლების ქართული რეალობა ბევრი კუთხითაა თანამედორვე რეჟისორებისთვის საინტერესო.

"დიდი ეპოქა წარმოშობს ისტორიებს, რომლებსაც ერთ ფილმში ვერ მოყვები, 90-იანებს აქვს ეს პოტენციალი და ამოწურული ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, ისტორია შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ არ იყოს კინემატოგრაფიული, 90-იანებში კი ეს ორივე კომპონენტი გვაქვს. დიდი ტკივილი წარმოშობს ფილმების მასალას, 90-იანები კი არის დიდი ტკივილის, ცვლილებების, კატაკლიზმების პერიოდი", - ამბობს რეჟისორი.

პიტერ როლბერგს მიაჩნია, რომ მაშინ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება და უცხოელი მაყურებელი აფასებს ქართულ კინოს, მთავარი მაინც ქართველი მაყურებლის გამოცდილებაა. მისი აზრით, აუცილებელია ამ ფილმებზე წვდომა ჰქონდეთ პირველ ყოვლისა ქართველებს, რადგან "ესაა უნიკალური ნამუშევრები, მაღალი არტისტული საფეხური და ქართველი მაყურებლის გასაოცარი ემოციური გამოცდილება". კინოს მკვლევარი ამბობს, რომ თანამედროვე ქართული კინო ერთი მხრივ ეფუძნება ძველი ქართული ფილმის შრეებს, იქნება ეს "ჯარისკაცის მამისეული" მშვიდობისმოყვარეობის ხაზი თუ სხვა, მეორე მხრივ კი სავსებით "თავიდანაა დაბადებული".

"აქ წარმოდგენილ ფილმებს უნიკალური სტილისტური მახასიათებლები აქვს, რომლებსაც სხვაგან ვერ ნახავთ. ლევან კოღუაშვილი კი მაყურებელს უყვარს, ის იზიდავს მნახველს შინაარსით, იუმორით, სტილით", - ამბობს როლბერგი "შემთხვევითი პაემნების" ჩვენების შემდეგ და დასძენს, რომ ქართულ ფილმს გამორჩეული "ატმოსფერო" აქვს. "საქართველოს ბუნება, კლიმატი და ყველაფერი, რაც ცოცხალია, არქიტექტურა კი ქმნის ამ ინტენსიურ ატმოსფეროს გარდა იმ გავლენისა, რასაც ახდენს ეს დიდი და ღრმა ამბები ადამიანური კონფლიქტებისა".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG