ამ სეზონზე ვირუსული გრიპით (ინფლუენზა) 7.3 მილიონამდე ადამიანი დაავადდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მთელი ქვეყნის მასშტაბით დომინირებდა H1N1 ვირუსები, რომელიც ღორის გრიპის სახელითაც არის ცნობილი. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში ხშირი იყო H3N2-ის შემთხვევებიც - ნათქვამია აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის მიერ გამოცემულ, წლის პირველ ანგარიშში, რომელიც გასული კვირის ბოლოს, 11 იანვარს გამოქვეყნდა.
ბოლო კვირაში ვირუსული გრიპების გავრცელება დაფიქსირდა 30 შტატში, რაც წინა კვირასთან შედარებით, 6 შტატით მეტია. აქედან გავრცელების ინტენსივობით 15 შტატი და ქალაქი ნიუ-იორკი გამოირჩეოდა.
დაავადებულების დაახლოებით ნახევარმა დახმარებისთვის ექიმს მიმართა. მილიონობით ადამიანიდან მხოლოდ 69-84 ათასს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ვირუსული გრიპის გავრცელება კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება და ამისთვის თადარიგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიჭიროთ.
წლევანდელ სეზონზე ვირუსის გავრცელება რამდენიმე პარამეტრით უფრო დაბალია, ვიდრე გასულ წელს. თუმცა, არის სიკვდილიანობის შემთხვევებიც. ოქტომბრის შემდეგ, ვირუსული გრიპის გართულებებით, შეერთებულ შტატებში 16 ბავშვი დაიღუპა. იმის გამო, რომ აქტიური ფაზა ახალი დაწყებულია, სპეციალისტები მოელიან, რომ გაიზრდება როგორც ვირუსით ინფიცირების შემთხვევები, ასევე გამწვავებების სტატისტიკური მონაცემები, სიკვდილის შემთხვევების ჩათვლით. პიკს სიკვდილიანობამ 2012-2013 წელს მიაღწია, როცა გრიპის ვირუსის გართულებით ამერიკაში დაახლოებით 56 000 ადამიანი დაიღუპა.
საზოგადოებაში პანიკის თავიდან ასაცილებლად და მიმდინარე სეზონზე შექმნილი ვითარების კონტექსტში ჩასმის მიზნით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ბოლო 8 წლის მონაცემებს გვთავაზობს:
2018-2019 წწ. | 2010-2017 წწ. | |
გრიპით დაავადდა | 6.2-7.3 მლნ. |
9.3-49 მლნ. |
ექიმთან მივიდა |
2.9-3.5 მლნ. |
4.3-23 მლნ. |
ჰოსპიტალიზებულია | 69,000-83,500 |
140,000-960,000 |
ღორის გრიპი (A (H1N1) pdm09 ქვეტიპი) სხვა ვირუსებს შორის ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოშიც დომინირებდა. ბრიტანეთის ჯანდაცვა, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ვირუსული გრიპის გავრცელების მონაცემების შემეჯამებელ ანგარიშს ყოველკვირეულად აქვეყნებს.
ბრიტანეთის სხვადასხვა რეგიონში ვირუსული გრიპის გავრცელების შემთხვევები იანვრის პირველ კვირაში, სულ ცოტა, გაორმაგდა. საერთო მაჩვენებლით, ზრდამ 78 პროცენტი შეადგინა, ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში კი ინფიცირების შემთხვევებმა 139 პროცენტით იმატა. ამ ეტაპზე ვირუსული გრიპით დაავადებულთა რაოდენობა 2 მილიონს აღწევს. გასული წლის სექტემბრის ბოლოდან, გრიპის გამწვავებებით ბრიტანეთში 41 ადამიანი დაიღუპა. საავადმყოფოს მიმართა 666-მა ადამიანმა. აქედან 252-ს ე.წ. ღორის გრიპის დიაგნოზი დაუდგინეს.
ამ სეზონზე ვირუსული გრიპის გავრცელების მასშტაბი, არც შეერთებულ შტატებში და არც ბრიტანეთში, ეპიდემიის კლასიფიკაციას არ აკმაყოფილებს. ბრიტანეთში 5-ბალიან შკალაზე წლევანდელ სეზონზე შექმნილი ვითარება მხოლოდ ბოლოდან რიგით მეორე, ე.წ. “დაბალ” ნიშნულთანაა.
ვირუსებისგან ყველაზე ეფექტურად დასაცავად, ორივე ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას ისევ სეზონური გრიპის ვირუსების აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებენ. თუ რაიმე სახის უკუჩვენება არ გაქვთ, აცრა ჯერ კიდევ არ არის გვიან - აცხადებენ როგორც ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის, ასევე შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ექსპერტები.
გრიპის აცრა პირველია ვირუსული გრიპისგან და მისი გართულებებისგან თავდაცვის, მისი პრევენციის საქმეში” - ნათქვამია აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის 11 იანვრის განცხადების სარეკომენდაციო ნაწილში. თავდაცვის რიგით მეორე საშუალებად, უკვე მკურნალობის ფაზაში, ანტივირუსული პრეპარატები ითვლება. “ვინც ავადაა, დაავადების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება, ან გრიპის სერიოზული გართულებების სიმპტომები აქვს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიმართოს ექიმს” - წერია იმავე ანგარიშში.
ბავშვებში გრიპის აცრებს სერიოზული გართულებებისგან და ზოგჯერ მათი სიკვდილისგან ხსნა შეუძლია. აცრა პატარებს ქრონიკული დაავადებების განვითარებისგანაც იცავს. თუნდაც ბავშვი აცრის შემდეგ ვირუსული გრიპით მაინც დაავადდეს, ბევრი კვლევით დასტურდება, რომ ავადმყოფობა აცრილებში გაცილებით უფრო ნაკლები სირთულით მიმდინარეობს.
ყოველდღიურ პრევენციულ ზომებს შორის ამერიკელი ექიმები ასახელებენ რამდენიმე რჩევას:
- ხელების ხშირად და კარგად საპნით და წყლით დაბანა
- სურდოს დროს მხოლოდ ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცების ხმარება და მაშინვე ნაგვის ურნაში გადაყრა
- დაცემინებისას და ხველებისას, თუ ერთჯერადი ხელსახოცი თან არ გაქვთ, პირზე ხელი არ აიფაროთ, სჯობს მოხრილ იდაყვში ჩარგოთ ცხვირ-პირი
- ზედაპირების (ავეჯის, იატაკის, სველი წერტილების) ხშირი წმენდა და დეზინფიცირება
- ნაკლებად შეეხეთ ხელით სახეს, თვალებს, ცხვირ-პირს
- გრიპის მქონე ადამიანებს შეძლებისდაგვარად მოერიდეთ და თუ თავად ხართ ავად, სჯობს შინ დარჩეთ და საჯარო თავშეყრის ადგილებში არ წახვიდეთ
- არ მიიღოთ ანტივირუსული პრეპარატები ექიმის რჩევის გარეშე
Facebook Forum