დიდი შვიდეულის უმაღლეს დონეზე შეხვედრის მასპინძელმა ემანუელ მაკრონმა, ამ შეხვედრის თემად უთანასწორობასთან ბრძოლა დასახა. შაბათს, საფრანგეთის ზღვის კურორტ ბიარიცში ექვსი წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნის, შეერთებული შტატების, საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის და კანადის ლიდერი შეიკრიბება.
მთავარ გლობალურ გამოწვევებზე მსჯელობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა რამდენიმე სხვა ქვეყნის ლიდერიც მიიწვია, მათ შორის, ექვსი აფრიკული ქვეყნიდან.
ყველაზე შემაშფოთებელია ბოლოდროინდელი მაჩვენებლები, რომელიც ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს, ეკონომიკური ზრდის შენელებაზე და შესაძლო გლობალურ რეცესიაზე მიანიშნებს.
შეხვედრის მასპინძელ საფრანგეთს სურს, რომ ეკონომიკის საკითხებმა არ დაჩრდილოს მისი მთავარი დღის წესრიგი, რომლის პირველ ადგილზეც კლიმატის ცვლილებაა.
კანადაში წინა წლის შეხვედრა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ადრე დატოვა და საბოლოო კომუნიკეს არ დაეთანხმა. საფრანგეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ შეერთებული შტატების მონაწილეობა ბოლომდე შეინარჩუნოს.
პრეზიდენტმა მაკრონმა შეხვედრის დღის წესრიგში ისეთი საკითხები მოაქცია, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპს თავის საუკეთესოდ წარმოჩენის საშუალებას მისცემს. ეს საკითხებია - სქესთა თანასწორობა, რომელიც საფრანგეთისთვის პირველ ადგილზეა, განათლება და ასევე ჯანდაცვა.
შეხვედრის განხილვის საგანი ასევე იქნება ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები, რუსეთსა და ჰონგ კონგში მიმდინარე მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები.
ბრიტანეთის ახალი პრემიერი ბორის ჯონსონი, ამ რანგში შეხვედრას პირველად დაესწრება.
Facebook Forum