რუსეთი წამყვანი ქვეყნების შეხვედრებზე ისევ უნდა მოვიწვიოთ, უთხრა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის წინ შეკრებილ ჟურნალისტებს. მოკლე პრესკონფერენციის შემდეგ ის კანადაში გაფრინდა, სადაც "დიდი შვიდეულის" სამიტს დაესწრება.
„იმის მიუხედავად, რომ მე რუსეთის ყველაზე ცუდი კოშმარი ვიყავი... რუსეთი ამ შეხვედრას უნდა ესწრებოდეს“ - განაცხადა დღეს ტრამპმა. "დიდი შვიდეულის" ერთ-ერთი წევრი ქვეყნის, იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ამერიკის პრეზიდენტს გამოეხმაურა და „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ის ტრამპის წინადადებას ემხრობა.
თუმცა, მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ამბობს, რომ კანადა რუსეთის დაბრუნებას კვლავ ეწინააღმდეგება. განცხადება კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც გააკეთა. „რუსეთი დიდი შვიდეულის გარეთ, ყურადღებას სხვადასხვა ფორმატზე ამახვილებს“ - წერს „სპუტნიკი“.
რუსეთი ამ საერთაშორისო ფორუმს 1997 წელს დაამატეს და იმ დღიდან მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერთა შეხვედრას "დიდი რვიანის" სამიტს უწოდებდნენ. მოსკოვი სამიტს 2014 წელს, უკრაინაში შეჭრის და ყირიმის ანექსიის გამო ჩამოაცილეს.
წელს კვებეკში დაგეგმილ სამიტს ისევ 7 ქვეყანა დაესწრება. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, იქ იკრიბებიან დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, კანადის და იაპონიის ლიდერები. ისინი იმსჯელებენ საერთაშორისო თანამშრომლობის, თავისუფალი ვაჭრობის და გარემოს დაცვის საკითხებზე.
Facebook Forum