ნატოს ლიდერები ვარშავაში შესაკრებად ემზადებიან. „ცივი ომის“ შემდეგ ალიანსი მშვიდობის და უსაფრთხოების ყველაზე რთული გამოწვევების წინაშე დგას. ნატოს ვარშავის სამიტამდე ერთი თვით ადრე კი ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წევრი ევროპის კავშირს ტოვებს. როგორ შეცვლის ბრიტანეთის რეფერენდუმი ნატოს და როგორ უნდა მოერგოს ალიანსი ახალ რეალობას?
ნატოს ლიდერებმა ფუნდამენტურად შეცვლილ გარემოს ალიანსის ხელახალი მშენებლობით უნდა უპასუხონ - ასე აფასებენ ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნები და უსაფრთხოების ექსპერტები ნატოს მომავალ როლს.
საამისოდ კი ალიანსს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას ურჩევენ, ესენია - შავი ზღვის რეგიონში მუდმივი სამხედრო ბაზების განთავსება, ალიანსის წევრების მიერ სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა და მოსკოვზე წნეხის გაგრძელება.
ძალიან მნიშვნელოვანია არ დავუშვათ პრეზიდენტ პუტინის მიერ არც ერთი ქვეყნის მისწრაფებებზე ვეტოს დადება. რუსეთის არ უნდა შეეძლოს საქართველოს და ნატოს მისწრაფებების შეჩერება
„ბრიტანეთის გადაწყვეტილებას გავლენა ექნება ნატოზე თუ მის წევრებს თავდაცვისუნარიანობა არ ექნებათ. ამიტომაც ნატოს ევროპელ წევრებს მოვუწოდებთ თავდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაზარდონ. ევროპულმა ქვეყნებმა უნდა წარმოადგინონ რეალისტური გეგმები და თავდაცვისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტის მოპოვება შეძლონ. რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ანექსია დიდი სტრუქტურული ცვლილებაა. ძალიან მნიშვნელოვანია არ დავუშვათ პრეზიდენტ პუტინის მიერ არც ერთი ქვეყნის მისწრაფებებზე ვეტოს დადება. რუსეთის არ უნდა შეეძლოს საქართველოს და ნატოს მისწრაფებების შეჩერება. ამ ორ ქვეყანას წევრობამდე დიდი გზა აქვს გასავლელი, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მონაწილეობას ჩვენს მისიებში.“
ექსპერტების თქმით, ალიანსის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკურმა ლიდერებმა გაიაზრონ, რომ ევროპის მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა უკვე არსებული მოცემულობა არ არის და ამისთვის ალიანსს რევანშისტულ მოსკოვთან, შესუსტებულ ევროპის კავშირთან და კონფლიქტებით მოცულ ახლო-აღმოსავლეთთან გამკლავება მოუწევს.
„ნაადრევია იმაზე საუბარი თუ რა შედეგს იქონიებს ნატოზე ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა. ვიმედოვნებ, რომ მეტი ყურადღება დაეთმობა ნატოს და ევროკავშირს შორის საერთო ინტერესების პოვნის საკითხს, რათა უფრო ეფექტურები გავხდეთ გადაწყვეტილებების მიღებასა და მათ აღსრულებაში", ამბობს გენერალი ჯეიმს ჯონსი, ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი.
"რაც შეეხება ამის გავლენას ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყნებზე, ამას მომავალი გვიჩვენებს. ვფიქრობ დიდ გავლენას არ უნდა ველოდეთ.“
ნიკოლას ბერნსი ამბობს, რომ 1949 წლიდან მოყოლებული ნატო დგას პრინციპზე, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და რომ დასავლეთს არ სურს ამ ქვეყნების ნაცვლად გადაწყვეტილება რუსეთმა მიიღოს.