ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრუზიიდან ჯორჯიაზე - ცვლილება სავიზო კოდებში


GEO-ზე გადასვლამდე საქართველოსთვის სავიზო კოდი GRZ იყო
GEO-ზე გადასვლამდე საქართველოსთვის სავიზო კოდი GRZ იყო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს კამპანიას მთელი მსოფლიოს მაშტაბით, რომლის საბოლოო მიზანიც საქართველოს „გრუზიას“ ნაცვლად „ჯორჯიად“ მოხსენიებაა.

ამ კამპანიის ფარგლებში, ბოლო შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან შედგა. ამერიკელები, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შემდეგ, საქართველოს „ჯორჯიად“ მოიხსენიებდნენ, თუმცა საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სავიზო კოდი დღემდე - GRZ იყო. ახლა კი GEO გახდა.

ამერიკის ელჩმა საქართველოში ხაზი გაუსვა, რომ ცვლილება ამერიკის სავიზო პროცედურებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გაფორმებულ, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში განხორციელდა.

ჯონმა ბასმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიერ საქართველოსთვის ახალი სავიზო კოდის მინიჭება მნიშვნელოვანია იმით, რომ ეს კოდი ამჟამად ასახავს არა წარსულს, არამედ საქართველოს აწყმყოს:

„ვიზის ახალ კოდზე შეთანხმება სტრატეგიული ურთიერთობის ქარტიის ფარგლებში მოქმედებისა ჩვენს ხალხებს შორის კარგი ურთიერთობის შედეგი გახლავთ. ჩვენ შეცეცადეთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ისეთი პირობები შეგვექმნა, როცა, ვიზაში არსებული კოდი არა საქართველოს წარსულს, არამედ მის აწმყოს ასახავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს უკვე აქვთ ვიზების გახანგრძლივების საშუალება, მათ შორის ტურისტულ და სასწავლო ვიზებზე. საქართველოს მოქალაქეები უკვე 10 წლის ვადით იღებენ ამერიკის ვიზას, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოებში ათ წელიწადში მხოლოდ ერთხელ დასჭირდებათ მისვლა.

ეს ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კონტაქტებს და ეს ყველაფერი არის იმ ინვესტიციების ნაწილი, რომელსაც აშშ საქართველოში ახორციელებს.“

ჯერ კიდევ 2006 წელს, ისრაელში საქართველოს მაშინდელი ელჩის ლაშა ჟვანიას ინიციატივით, ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველოს „გეორგიად“ მოხსენიება დაიწყო.

ახალი კამპანია სახელის შეცლასთან დაკავშირებით კი 2008 წლის ბოლოდან დაიწყო, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გახდა. ამჯერად აქტუალური უკვე სახელწოდება - „ჯორჯია“ გახდა.

ვაშაძემ ჯერ იაპონიაში პირველი ოფიციალური ვიზიტისას გამოთქვა უკმაყოფილება საქართველოს „გრუჯიად“ მოხსენიების გამო, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური წერილით მიმართა ლიტვას საქართველო „ჯორჯიად“ მოეხსენებინათ. ვაშაძის უწყების თხოვნა საბოლოო ჯამში ორივე ქვეყანამ უარყო.

ლიტვის სახელმწიფო ენის კომისიამ პირდაპირ განაცხადა, რომ ამ წინადადებას არ დათანხმდება. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმომადგენელმა კი ახლახანს აღნიშნა, რომ ეს ცვლილება გამოუწვევს დიდ გაურკვევლობას, ვინაოდან ჯორჯიად იაპონიაში ამერიკის შტატს იცნობენ და არა საქართველოს.

ამის მიუხედავად გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ კამპანია ყველა შემთხვევაში გაგრძელდება:

„ჩვენს თხოვნას გაგებით მოეკიდა ამერიკული მხარე და GRZ რაც შემოკლებულად გრუზიას ნიშნავდა, გამოიცვალა უფრო შესაბამის და ჩვენი ქვეყნის ზუსტად ამსახველ GEO-ზე.

ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის ეს, მათ შორის იყო დაკავშირებული საკმაოდ სერიოზულ ფინანსურ სახსრებთან და ტექნიკურ ცვლილებებთან, მაგრამ როგორც მეგობრებმა ყურთ იღეს ჩვენი თხოვნა და ეს გააკეთეს.

სიმბოლური მნიშვნელობა არის ის, რომ საქართველო იბრუნებს იმ სახელწოდებებს, რომელიც ზუსტად ასახავს ჩვენი ქვეყნის აწყმყოს და მომავალს. ჩვენ არაფერი არ გვაქვს საწინააღმდეგო, რომ რუსეთში, სლავურ ქვეყნებში და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში საქართველოს ეძახდნენ გრუზიას, მაგრამ ანაქრონიზმია, როცა დანარჩენ ენებზეც იყენებენ გრუზიას.“

ივნისის ბოლოს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ პირველი ქვეყანა, რომელიც თბილისის მოთხოვნას დათანხმდა სამხრეთ კორეა გახდა.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ნოტით მიმართა იმ ქვეყნებს, სადაც „გრუზიათი“ მოგვიხსენიებენ, რომ ამიერიდან ეს სახელი ინგლისურენოვანი „ჯორჯიათი“ ჩაანაცვლონ.

ეს ცვლილება რომ დიდ ძალინ სიძნელეებთან არის დაკავშირებული სამხრეთ კორეის მაგალითზეც ჩანს. სეულიდან ახლახანს დაბრუნებულმა, ტურისტული კომპანია „კავკაზუს თრეველის“ აზიის ქვეყნების მენეჯერმა ქრისტინა პაპუნაშვილმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ კორეელების დიდი უმრავლეოსობა საქართველოს ისევ „გრუზიად“ მოიხსენიებს:

„სამხრეთ კორეაში, გამოფენაზე, სტენდზე, სადაც იყვნენ საქართველოს კომპანიები წარმოდგენილნი, ეწერა ჯორჯია, მაგრამ მასა ვერ ხვდება ჯორჯია სად არის და ჰგონიათ რომ ეს არის ამერიკის შტატი. კორელეები საქართველოს ცნობენ მხოლოდ სახელით გრუზია.

თუ ეტყვი გრუზიას მაშინ ხვდებიან რაზეა საუბარი და თუ ეუბნები ჯორჯიას ჰგონიათ, რომ ამერიკის შტატზე საუბრობ. იგივე ხდება იაპონიაში.

ჩვენ გვქონდა მცდელობა იაპონიაში შეგვეცვალა კატალოგებზე სახელი და ვებ-საიტზეც გვქონდა მითითებული ჯორჯია, საქართველოც კი დავწერეთ იაპონურად, მაგრამ ვერ ხვდებიან საერთოდ, იაპონურად „გრუჯია“ ვართ და „გრუჯიათი“ მაშინვე ხვდებიან რაზე ელაპარაკები, ჯორჯია არ აღიქმება არანაირად მასებში.“

საქართველოს ხელისუფლების განზრახვას მსოფლიოში ქვეყნის ოფიციალურ სახელწოდებად „გრუზიას“ ნაცვლად, „ჯორჯია“ დაამკვიდროს, ენათმეცნიერთა დიდი ნაწილიც სკეპტიკურად უყურებს.

ენათმეცნიერები ამასთან ხაზს უსვამენ, რომ „გრუზია“ არ არის რუსული წარმოშობის. სინამდვილეში ეს სიტყვა, ჯერ კიდევ სირიული ენიდან წამოვიდა, რომელზეც არამეელი ქრისტიანები საუბრობდნენ. ქართლის სამეფოს არამეულ ენებზე მოსაუბრე ტომები „გურზანად“ მოიხსენიებდნენ და სწორედ ეს ტერმინი, ოდნავ შეცვლილი სახით, გავრცელდა მოგვიანებით რუსულ ენაში.

XS
SM
MD
LG