ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამერიკის ხმის" თანამშრომლის გატაცების განზრახვის ბრალდებით 4 ირანელია დაკავებული


შეერთებულმა შტატებმა ირანის 4 მოქალაქეს შეთქმულების თაობაზე ბრალდება წაუყენა. ბრალდების მიხედვით, ისინი ამერიკაში მომუშავე ჟურნალისტის გატაცებას გეგმავდნენ, რომელიც ირანის მთავრობას ხშირად აკრიტიკებდა, განსაკუთრებით - ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

განცხადება 13 ივლისს შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა გაავრცელა. ბრალდების მიხედვით, ეჭვმიტანილები ირანის დაზვერვაზე მუშაობენ, ერთი კი დაზვერვის ოფიცერია.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ჟურნალისტის ვინაობა არ სახელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჟურნალისტი შეერთებული შტატების მოქალაქეა, ბრუკლინში ცხოვრობს და სამოქალაქო უფლებების აქტივისტია.

თუმცა, მასიჰ ალინეჯადმა, მწერალმა და აქტივისტმა, რომელიც ბრუკლინში ცხოვრობს, დაადასტურა, რომ ის ეჭვმიტანილების ერთ-ერთი სამიზნე იყო. ალინეჯადი "ამერიკის ხმასთან" თანამშრომლობს. მისი თქმით, ინფორმაცია გატაცების გეგმების თაობაზე, მას შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურმა პირებმა მიაწოდეს.

"მადლობელი ვარ დაზვერვის ფედერალური ბიუროსი, რომელმაც ფარდა ახადა ირანის ისლამური რესპუბლიკის დაზვერვის მინისტრის შეთქმულებას ჩემი გატაცების თაობაზე. ამ გეგმის ორკესტრირება [ირანის პრეზიდენტის ჰასან] როჰანის რეჟიმის პირობებში მოხდა" - დაწერა ალინეჯადმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".

ჟურნალისტმა შინ ჩაწერილი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ ამერიკის პოლიცია მის სახლთან უკვე ორი კვირაა პატრულირებს და მას იცავს. ცალკე გავრცელებულ განცხადებაში ალინეჯადმა "ამერიკის ხმას" მადლობა გადაუხადა. "მიხარია, რომ ცოცხალი ვარ და ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას" - განაცხადა ჟურნალისტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG