ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში სწავლის სურვილი კვლავ ბევრ უცხოელ სტუდენტს აქვს


შეერთებული შტატების ზოგიერთი კოლეჯი და უნივერსიტეტი განსაკუთრებით პოპულარულია უცხოელ სტუდენტებს შორის. წლის დასაწყისში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებდა, რომ საერთაშორისო სტუდენტების მოთხოვნა ამ სასწავლებლებზეც შემცირდა, თუმცა ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ უცხოელი აპლიკანტების რიცხვი იზრდება.

„ამერიკის ხმა“ დაუკავშირდა 20 სასწავლებელს, რომელთაც ამ დრომდე ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჰყავდათ.

14 უნივერსიტეტი/ინსტიტუტი ამბობს, რომ უცხოელი სტუდენტების მოთხოვნა საბაკალავრო პროგრამებზე ან გაიზარდა, ან იგივე დარჩა. ოციდან 5 - კლებას ადასტურებს, ერთმა მათგანმა კი შეკითხვას არ უპასუხა.

მთლიანობაში, ამ ოც უნივერსიტეტში ამერიკაში მყოფი უცხოელი სტუდენტების 20 % სწავლობს.

ყოველ წელს ამერიკულ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა ოფიციალურად ნოემბრის თვეში ხდება ცნობილი. ისე, რომ წლევანდელი ოფიციალური მონაცემები ჯერ არ არის საბოლოო, თუმცა "ამერიკის ხმის" მიერ გამოკითუხლი ოცი უნივერსიტეტის წარმომადგენლიდან უმეტესობა ადასტურებს, რომ იქ სწავლის გაგრძელების მსურველთა რიცხვი თუ არ იზრდება, არც იკლებს.

რამდენიმე თვის წინ "საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის" მიერ უმაღლესი სასწავლებლების კვლევამ აჩვენა, რომ იმ უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა, ვისაც ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად განაცხადი შეჰქონდა, 40 % -ით შემცირდა. მაშინ ეს პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცემულ სამოგზაურო აკრძალვას დაუკავშირეს. რომლის თანახმადაც, მუსლიმური უმრავლესობის მოსახლეობის მქონე 6 ქვეყნიდან ამერიკაში შემოსვლა 90 დღით იკრძალებოდა, მათ შორის სტუდენტებისთვისაც, ეს კი აპლიკანტების რაოდენობაზეც აისახა.

ირანი, ლიბია, სირია, სუდანი, სომალი და იემენი - ის ქვეყნები იყო, რომლებიდან შემოსვლაც პრეზიდენტმა 90 დღით აკრძალა. თუმცა ფედერალურმა სასამართლოებმა ბრძანების ზოგიერთი ნაწილი პრაქტიკულად გააბათილეს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად კი იმ სტუდენტებს, რომლებიც უკვე ფლობდნენ ვიზას, ქვეყანაში შემოსვლა კვლავ შეეძლოთ. თუმცა საიმიგრაციო საკითხების ირგვლივ არსებული ამ ბუნდოვანებისა და გაურკვევლობის გამო ბევრი ეჭვობდა, რომ ეს უცხოელ სტუდენტებს ამერიკაში სწავლის გაგრძელებისგან თავის შეკავებას აიძულებდა.

გასულ თვეში კი კვლევის ავტორმა ორგანიზაციამ მონაცემები განაახლა და ხელახალი მოკვლევის შემდეგ განაცხადა, რომ გასულ წელთან შედარებით ახლა მხოლოდ 2 % -ით ნაკლებ სტუდენტს სურს ამერიკაში სწავლა. წინა სასწავლო წელთან შედარებით გაცილებით ნაკლები სტუდენტის მოთხოვნა/აპლიკაცია მიიღო შემდეგმა ხუთმა სასწავლებელმა: არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტეხას-დალასის უნივერსიტეტი, ვაშინგტონისა და მინესოტის უნივერსიტეტები.

თუმცა სასწავლო დაწესებულებები აცხადებენ, რომ ეს მონაცემები მაინც წინასწარია და საბოლოო შედეგები სექტემბერ-ოქტომბერში ექნებათ.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტს პრაქტიკულად ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჰყავს შტატებში. მათ წელს დაახლოებით 20 000 აპლიკაცია მიიღეს არაამერიკელი სტუდენტებისგან, რომელთაც აქ სწავლა ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სურთ. ეს უნივერსიტეტზე არსებული მოთხოვნის დაახლოებით 27 %-ია. შარშანდელი მონაცემებით კი, უნივერსიტეტს 1500-ით ნაკლები აპლიკაცია ჰქონდა მიღებული.

თუმცა მეორე მხრივ, ოჰაიოს უნივერსიტეტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ მართალია გასულ წელთან შედარებით ზოგადად 10 %-ით მეტი აპლიკაცია მიიღეს, მაგრამ მათ შორის 4.4 %-ით ნაკლები უცხოელი სტუდენტია ვიდრე შარშან.

ამერიკაში სწავლის მსურველთა და ჩარიცხულ სტუდენტთა შორის წარმომავლობის მიხედვით ჩინეთი ლიდერობს - 31 %-ით, შემდეგია ინდოეთი (16%), საუდის არაბეთი (6%) და სამხრეთ კორეა (6%).

გასულ წელს, ამერიკაში ერთ მილიონზე მეტი უცხოელი სტუდენტი დაფიქსირდა, მათი 60 % წარმოშობით სწორედ ამ ქვეყნებიდანაა.

2015-2016 სასწავლო წელს უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურით ამერიკის ეკონომიკაში 32.8 მილიარდი დოლარი შევიდა და ეს სიდიდით მომსახურების მე-12 ინდუსტრიაა აშშ-ში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG