ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფეისბუქი" ე.წ. დიფფეიქი ვიდეოების აკრძალვას შეუდგა


ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი ყალბი ვიდეოები "ფეისბუქზე" წაიშლება. ეს ე.წ. დიფფეიქი ვიდეოები იმდენად რეალისტურია, რომ მათი გარჩევა ნამდვილისგან რიგითი მომხმარებლისთვის თითქმის წარმოუდგენელია.

ხელოვნური ინტელექტის მიერ დამზადებულ კლიპებში, პოლიტიკოსებს, ან სხვა ცნობილ ადამიანებს შეიძლება ისეთი რამ ათქმევინონ, რაც მათ სინამდვილეში არასდროს უთქვამთ. ამასთან, ვიდეო ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება, ჩვეულებრივ მაყურებელს არც გამოსახულებაში და არც მისი ხმის ავთენტურობაში ეჭვი არ შეაქვს.

"ფეისბუქმა" განცხადება ორშაბათს გააკეთა. სოციალური ქსელის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ტიპის ვიდეოების გავრცელებას თავის პლატფორმაზე არ დაუშვებს და მაქსიმალურად შეეცდება მომხმარებლები მანიპულირებისგან დაიცვას.

"იმის მიუხედავად, რომ ეს ვიდეოები ინტერნეტში ჯერ კიდევ იშვიათობაა, მათი გამოყენების ზრდასთან ერთად, ჩვენი ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევები იქმნება" - თქვა საკუთარ ბლოგში მონიკა ბიკერტმა, "ფეისბუქის" ვიცე-პრეზიდენტმა გლობალური პოლიტიკის მართვაში.

მან იქვე დასძინა, რომ პაროდია და სატირა ამ მიმართულებით გამონაკლისი გახდება და არ აიკრძალება. ამით სოციალური ქსელი ცდილობს როგორმე დააბალანსოს "ფეისბუქის" მიმართ, ერთის მხრივ ყალბი ინფორმაციის გავრცელების შეჩერების და მეორეს მხრივ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, ცენზურის ბრალდებები.

ამერიკული ტექნო-გიგანტი გასულ წელს მკაცრად გააკრიტიკეს ე.წ. დიფფეიქი ვიდეოს ფართოდ გავრცელების გამო. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ყალბ ვიდეოს, მაშინ 3 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. თუმცა, ეს ვიდეო ჯერ კიდევ არ იყო მაღალი ტექნოლოგიებით დამონტაჟებული და მისი სიყალბე მალევე დადგინდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG