ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიული ორგანიზაცია: თურქეთი აზერბაიჯანში სირიელ მებრძოლებს გზავნის


სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაცია იუწყება, რომ თურქეთმა მოკავშირე აზერბაიჯანის დასახმარებლად 300-ზე მეტი სირიელი მებრძოლი გააგზავნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რამი აბდულრაჰმანმა “ამერიკის ხმას” განუცხადა, რომ მებრძოლები ეთნიკურად თურქმენული შეიარაღებული დაჯგუფების წევრები არიან. ინფორმაციას ადასტურებს ერთ-ერთი ამ დაჯგუფების მეთაური ზიად ჰაჯ ობეიდი. მან ქურთისტანის ტელევიზიას განუცხადა, რომ მებრძოლების ერთი ნაწილი აზერბაიჯანში ანაზღაურების გამო გაემგზავრა, სხვებმა კი, თურქი მოკავშირეების გამო, თავი დავალებულად ჩათვალეს.

“თურქეთი სირიაში ჩვენი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. ჩვენ მას ვალს ვუბრუნებთ,” - თქვა ობეიდიმ. ორმა სირიელმა მებრძოლმა სააგენტო “როიტერს” განუცხადა, რომ მათ თვეში 1,500 დოლარს შეპირდნენ. “ამერიკის ხმამ” ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოახერხა.

მთიან ყარაბაღში შეტაკებები კვირას დაიწყო. გარდაცვლილია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი. მიმომხილველები ამბობენ, რომ ასეთი სიმწვავის შეტაკებები 1990-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კონფლიქტში სირიელი მებრძოლების მონაწილეობა კატეგორიულად უარყო. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცნობებს “უსაფუძვლო” უწოდა. თურქეთის მმართველმა “სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” კი ბრალდებები “თურქეთის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად” შეაფასა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა აზერბაიჯანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, სომხეთს კი “რეგიონში მშვიდობის ყველაზე დიდი საფრთხე" უწოდა. სომხეთი ამბობს, რომ თურქები აზერბაიჯანელების მხარდამხარ იბრძვიან. თურქეთი ბრალდებებს უარყოფს. აზერბაიაჯანი აცხადებს, რომ მას პროფესიული არმია ჰყავს და უცხოელი მებრძოლები არ სჭირდება.

ანკარამ სირიელი მებრძოლები ლიბიის კონფლიქტში გამოიყენა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, 2020 წლის დასაწყისში თურქეთმა ტრიპოლიში ეროვნული თანხმობის მთავრობის დასახმარებლად 3,500-3,800 სირიელი მებრძოლი გააგზავნა. ამას გარდა, თურქეთმა ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულ ხელისუფლებას უპილოტო თვითმფრინავები და საჰაერო თავდაცვის სისტემებიც მიაწოდა.

ატლანტიკური საბჭოს უფროს მკვლევარ მეთიუ ბრაიზას ყარაბაღში სირიელი მებრძოლების ყოფნის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ გააჩნია. მისი თქმით, სირიაში უმძიმესი ეკონომიკური ვითარებაა, რის გამოც დაქირავებული მებრძოლების პოვნა იოლია. “თუ ყარაბაღში ვიღაც გაემგზავრა, ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილებებია და არა პოლიტიკური. ამ გადაწყვეტილებების გამო თურქეთის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება,” ამბობს ბრაიზა.

მასალაზე მუშაობდნენ "ამერიკის ხმის" ჟურნალისტები ეზელ საჰინკაია და სირვან კაჯო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG