საკომუნიკაციო ცხელი ხაზი, რომელიც შეერთებულ შტატებს რუსეთის სამხედრო უწყებასთან აკავშირებს, მხარეებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მხოლოდ ერთხელ გამოიყენეს. ექსკლუზიურ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" პენტაგონის ოფიციალური პირის ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ანინიმურობას ინარჩუნებს.
პენტაგონის თანამშრომლის თქმით, ზარის ინიციატორი შეერთებული შტატები იყო. ვაშინგტონმა ევროპის მართვის ცენტრს და მოსკოვს შორის პირდაპირი სატელეფონო ხაზი, მხოლოდ "კონფლიქტის განმუხტვის მიზნით" გამოიყენა და რუსეთს შეშფოთება გაუზიარა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან მიმდინარე სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით - აცხადებს ის.
ზარის თაობაზე მეტი კონკრეტიკა არ ხმაურდება და ამ ეტაპზე უცნობი რჩება ის, თუ უკრაინის რომელ ინფრასტრუქტურაზეა საუბარი. პენტაგონის ოფიციალურმა პირმა უარი თქვა დამატებითი დეტალების გახმაურებაზე. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ეს არ უკავშირდებოდა 15 ნოემბერს, ნატოს წევრ პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნას, რამაც 2 ადამიანი იმსხვერპლა.
მხოლოდ ვარაუდი შეიძლება იმაზე, რომ ვაშინგტონის შეშფოთება ალბათ ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურთან მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს უკავშირდება. ეს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ევროპის უდიდესი ბირთვული იბიექტია, რომელსაც ჯერ კიდევ რუსეთი აკონტროლებს.
ასევე, არ არის გამორიცხული, საუბარი ეხებოდეს ნოვა-კახოვკის კაშხალს. რუსების მიერ მისი აფეთქების საშიშროებაზე კიევმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება. გრანდიოზული კაშხლის რეზერვუარის დანგრევა, წყლის უზარმაზარ ტალღას გამოიწვევს, რომელიც ხერსონის გარშემო ტერიტორიას დატბორავს. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხერსონი უკრაინამ რუსეთისგან 11 ნოემბერს დაიბრუნა.
ამერიკის და რუსეთის სამხედრო უწყებებს შორის ცხელი ხაზი მათთვის კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებას არ წარმოადგენს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ ბევრი სხვა გზა არსებობს. მსოფლიოს წამყვან ბირთვულ ქვეყნებს და მათ სამხედრო თუ სამოქალაქო უწყებებს, სხვა არხებითაც უწევთ კომუნიკაცია.
Facebook Forum