ნიუ-იორკში, ფედერალურმა პროკურორებმა პრეზიდენტ ტრამპის ყოფილ პოლიტიკურ მრჩეველ სტივ ბენონს, ბრალი ელექტრონული საშუალებების მეშვეობით თაღლითობის შეთქმულებაში წაუყენეს. ბრალი დაკავშირებულია თანხის მოსაზიდ კამპანიასთან, რომელიც შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის სასაზღვრო კედლის ასაშენებლად იყო გამიზნული.
იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბენონს და კიდევ სამ სხვა პირს ბრალი წაუყენეს “იმ როლისთვის, რომელიც მათ ასობით ათასი დონორის მოტყუების საქმეში ითამაშეს. ეს დაკავშირებული იყო ონლაინ თანხის მოსაზიდ კამპანიასთან დასახელებით: “ჩვენ კედელს ვაშენებთ”, რომელმაც 25 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა.”
ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რ. ბარტლეტმა თქვა: “ბრალდებულები სავარაუდოდ ჩართული იყვნენ თაღლითობაში, როდესაც შეწირული თანხის გამოყენების რეალური მიზნები არასწორად წარმოადგინეს. სავარაუდოდ, მათ არა მხოლოდ დონორები მოატყუეს. თანხების არადანიშნულებისამებრ გამოყენების დასამალად, მიმართეს ყალბი ზედნადებების და ანგარიშების სქემას, რათა შემოწირულობა გაეთეთრებინათ და საკუთარი დანაშაული დაემალათ. ამ დროს ისინი კანონს და სიმართლეს სრულად უგულებელყოფდნენ.”
ოთხივე ბრალდებული დაპატიმრებულია. სტივ ბენონი თავს დამნაშავედ არ სცნობს.
Facebook Forum