ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ეკონომიკა 2014 წელს გაუმჯობესდება


ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ახალი ანგარიშის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტი 4 პროცენტამდე გაიზრდება

ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში მომავალი წლისთვის გაუმჯობესდება. 2013 წელს ეკონომიკური ზრდის მკვეთრი შემცირების შემდეგ, „იბიარდის“ - ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის პროგნოზით, 2014 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4 პროცენტით არის მოსალოდნელი. 2013 წელს ის 6.2-დან 2 პროცენტამდე დავარდა.

ახალი ანგარიში „რეგიონის ეკონომიკური პერსპექტივები“ ბანკმა დღეს გამოაქვეყნა. ეკონომიკური ზრდის შეფერხებას „იბიარდი“ კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების შემცირებას უკავშირებს, რაც თავისთავად არჩევნების შემდგომ არსებულმა გაურკვეველმა პოლიტიკურმა სიტუაციამ გამოიწვია. 2014 წლის პოზიტიურ პროგნოზებს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი ორ მთავარ ფაქტორს -პოლიტიკური კლიმატის და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაუმჯობესებას - უკავშირებს.

2013 წლის ეკონომიკური მაჩვენებლები ზოგადად მთელი აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის ქვეყნებისთვისაც პესიმისტურია. 6 ქვეყნისგან შემდგარ რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს უკრაინას (-0.5 %), შემდეგ ბელარუსს (-0.5 %), საქართველო 2 პროცენტით ბოლოდან მესამე ადგილზეა. რეგიონში ყველაზე კარგი მდგომარეობა აქვს აზერბაიჯანს (4.5%) და შემდეგ მოლდოვას (3.5%).

XS
SM
MD
LG