ევროკავშირი ციფრული სამყაროს გიგანტებს "გუგლს", "ამაზონს" და "ფეისბუქს" შესაძლო ახალი გადასახადებით ემუქრება. ვაშინგტონმა მოლაპარაკებები შეწყვიტა და ახალი სავაჭრო ომის შესაძლებლობის თაობაზე შიშიც გაჩნდა.
ტრანსატლანტიკური ურთიერტობები კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაიძაბა, რაც ამერიკულმა მხარემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ციფრული კოპანიებისთვის საერთაშორისო საგადასახადო წესების შემუშავების თაობაზე ევროპულ ქვეყნებთან მოლაპარაკებას ტოვებდა, იმ მიზეზით, რომ პროგრესი არ ჩანს. საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიტანეთმა, იტალიამ და ესპანეთმა საფრანგეთთან ერთად უპასუხეს ამერიკის ხაზინის მდივნის სტივენ მნუჩინის წერილს შეთანხმების დატოვების თაობაზე:
"ეს წერილი პროვოკაციაა "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის" ყველა პარტნიორის მიმართ მაშინ, როდესაც ჩვენ სანტიმეტრები გვაშორებს ციფრული გიგანტების გადასახადების თაობაზე შეთანხმების მიღწევამდე", - განაცხადა ბრუნო ლე მაირიმ.
ესპანეთის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ ევროპული სახელმწიფოები არ მიიღებენ "სხვა ქვეყნისგან ნებისმიერი ტიპის მუქარას" ციფრული კომპანიების გადასახადების თაობაზე. იტალიამ მოლაპარაკებებისა და შეთანხმებისადმი ერთგულება გამოხატა.
ამ მოლაპარაკებებში, რომლებიც "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის" მიერაა წარმართული, 140-მდე ქვეყანა მონაწილეობს. ეს ბოლო პერიოდში, მთელი თაობის განმავლობაში არის პირველი მნიშვნელოვანი ძალისხმევა იმისა, რომ საერთაშორისო საგადასახადო წესები გადაიხედოს და თანამედროვე, ციფრული ეპოქის გამოწვევებს მოერგოს.
"სავაჭრო ომი, განსაკუთრებით კი ამ დროს და ამ ეტაპზე, როდესაც მსოფლიოს ეკონომიკა ისტორიულ კლებას განიცდის, დააზიანებს ეკონომიკას, სამუშაო ადგილებს და თავდაჯერების განცდას", - ამბობს ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანგელ გურია და მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
Facebook Forum