ხუთშაბათს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ამ კვირის ბოლოსთვის “დასკვნით მომენტს” მიაღწევს. იმავდროულად, ორივე მხარის შეფასებით, შეთანხმების მიღწევის შანსები მცირეა.
საგარეო საქმეთა მდივანმა დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ კვირისთვის დაწესებული ვადა საბოლოოა, თუმცა იქვე დაამატა: “ბოლომდე არასდროს შეგიძლია თქვა - არასდროს”.
ოთხშაბათს, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლეიენი და ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი, იმის იმედით, რომ შეჩერებულ მოლაპარაკებებს ადგილიდან დაძრავდნენ, ერთმანეთს სადილზე შეხვდნენ, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, მაგრამ ბოლოს თქვეს, რომ მათ შორის დიდი უთანხმოება იყო.
მათ თავის გუნდებს მოლაპარაკებების გაგრძელება დაავალეს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების დღედ კვირა დაასახელეს.
შეთანხმების მიღწევის გარეშე, ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის თვის ბოლოს უწესრიგო, შეუთანხმებელი გაყრა მოხდება, რაც ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვის და მილიარდობით ზარალის საშიშროებას შექმნის.
ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 იანვარს დატოვა, მაგრამ ამ წლის ბოლომდე მის ეკონომიკურ სტრუქტურებში რჩება. ეს 1 იანვრისთვის სერიოზულ ეკონომიკურ რღვევას ნიშნავს. სავაჭრო შეთანხმების გარეშე ქაოტური ვითარება შეიქმნება. შესაძლოა გაჩნდეს ტარიფები და სხვა ბარიერები, რომელიც ორივე მხარეს ავნებს, თუმცა ეკონომისტების უმეტესობა ფიქრობს, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებს, რადგა მისი ვაჭრობის თითქმის ნახევარი ევროკავშირზეა მიბმული.
ბრიტანეთის მთავრობა “ბრექსიტს” სუვერენიტეტის საკითხად და ქვეყნის კანონმდებლობაზე, საზღვრებზე და წყლებზე “კონტროლის უკან დაბრუნებად” განიხილავს. ბრიტანეთი აცხადებს, რომ ევროკავშირი ცდილობს ბრიტანეთი ბლოკის წესებს განუსაზღვრელი დროით დაუქვემდებაროს.
Facebook Forum