ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ „შეთანხმების" დე-ფაქტო პარლამენტში რატიფიცირებას განცხადებით გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
"ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არმქონე და ბათილი", - ნათქვამია 29 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს, გამთენიისას მოახდინა „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადასცა.
ოპოზიციონერებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დე-ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას "სამარცხვინო" უწოდეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.
- 2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული ობიექტი ბიჭვინთაში მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.
- რუსულ მხარეს 49 წლით ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტის მიმდებარე ზღვის აკვატორია. სანაცვლოდ რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე გადაიხდის ქირას, წელიწადში 1 რუბლს.
- რუსეთის მხარეს, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე უფლება აქვს აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა. აშენებული შენობა-ნაგებობები რუსეთის მხარის საკუთრებაში იქნება.
- დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით. ასევე - რეკრეაციული მიზნებისთვის.
- მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.
- ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.
Facebook Forum