ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საცდუნებელი რუსული ვიზები


რუსეთი საქართველოსთან მოლაპარაკებებში რბილის ძალის ახალი აღჭურვილობით ერთვება და დღეს უკვე აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიზების გამარტივებული წესით მიღებას შესთავაზებს. ამის შესახებ ცნობილი აბაშიძე-კარასინის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გახდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად რუსული მხარე მზადაა იმუშაოს რუსეთის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„ რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რათა უახლოეს მომავალში ამოქმედდეს გამარტივებული სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის,“- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე აცხადებს: „დღეს-დღეობით არ განიხილება უვიზო მიმოსვლის საკითხი რუსეთთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, განიხილება სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი. როგორც ბატონმა ზურაბ აბაშიძემ კარასინთან შეხვედრის წინ განაცხადა, ესაა საკითხი, რომელსაც ქართული მხარე არ აყენებს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების ან ერთ, ან მეორე ფორმატში.“

პარალელურად, საქართველოში დეკემბრის შუა რიცხვებისთვის უკვე ელოდებიან ცალსახად დადებით პასუხს ევროკავშირის მხრიდან ვიზების ლიბერალიზაციის თაობაზე. ამ საკითხზე, რაც საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია მხოლოდ პოზიტიურ მოლოდინს აფიქსირებს საქართველოს მთავრობა. „ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევროკომისია, რასაკვირველია, 15 დეკემბერს გაგვაცნობს, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ კარგი და პოზიტიური მოლოდინის საფუძველი არსებობს,- ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა,”- ეს წინადადება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოში საზოგადოება არჩევანის წინაშე დგას მიიღოს ევროკავშირისა თუ რუსული ვიზები. რუსეთი სწორედ ახლა, იმ დროს, როდესაც საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზების ლიბერალიზაციაზე დადებითი გადაწყვეტილების უდიდესი მოლოდინი ფიქსირდება, აცხადებს საკუთარ მზადყოფნას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შერბილების შესახებ. რამდენად წარმოადგენს რუსული ვიზები ევროკავშირის ვიზების ალტერნატივას ქვეყანაში, რომლის სოციალურად უმძიმეს ვითარებაში მყოფი მოსახლეობა ჯერ კიდევ იკვებება რუსეთში ხილისა და ბოსტნეული გაყიდვის ხიბლით, ამის შესახებ, ამერიკის ხმასთან პოლიტიკურმა მიმომხილველმა, ჟურნალისტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა ისაუბრა: „უნდა ვივარაუდოთ, რამდენადაც ვასრულებთ ყველა მოთხოვნას, რაც წაყენებული იყო ევროკავშირის მხრიდან, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილება. არის თუ არა რუსეთის ვიზები ევროკავშირის ქვეყნების ვიზების ალტერნატივა, გიპასუხებთ, რომ არ არის, არც ერთ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის რბილი ძალის პოლიტიკაში შედის ვიზების ლიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის. მე მესმის, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს ამით იოლი შესაძლებლობა მიეცემა იმოგზაუროს რუსეთში, მაგრამ ამის მიუხედავად, ალტერნატივის სახით ამ პერსპექტივის წარმოდგენა, მე ვფიქრობ, მაინც არამართებულია. რუსეთი ამითშეეცდება ჩვენი კეთილგანწყობის მოპოვებას, მით უმეტეს იმ ფონზე, თუ ევროპა გაწელავს ჩვენთვის ლიბერალიზაციის პროცესს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში, ჩემი შეფასებით, ეს არ იმოქმედებს საქართველოს მოქალაქეების ეგზისტენციალურ არჩევანზე, რასაც ევროატლანტიკური არჩევანი ჰქვია.“

ოპოზიცია საქართველოში აცხადებს, რომ რუსეთი ვიზების თემას პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს. 2006 წელს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია სატვირთო თვითმფრინავით განახორციელა. ამ პროცესმა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დეპორტაციის თაობაზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო, თუმცა საქმეზესაბოლოო შრტიხი, რაც სანქციებს უკავშირდება, ჯერ არაა დასმული.

XS
SM
MD
LG