ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი იზიარებს ვენეციის კომისიის დასკვნას "დეოლიგარქიზაციის კანონზე"


ევროკავშირი ეთანხმება და მხარს უჭერს ვენეციის კომისიას, რომლის რეკომენდაციაა, საქართველომ უარი თქვას "დეოლიგარქიზაციის კანონზე". დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი შესასრულებელი პირობაა იმ 12 რეკომენდაციიდან, რომლებიც ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად სჭირდება.

"ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის პოვნაში სისტემური მიდგომის გამოყენებით. წინსვლას ერთად უფრო მძლავრად შევძლებთ", - წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ აპირებენ ეს კანონპროექტი მესამე მოსმენითაც მიიღონ.

"თუ ევროკომისია გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას იმასთან დაკავშირებით, რომ პერსონალიზებული კანონი არ არის საჭირო და თუ ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის თაობაზე 12 პუნქტიდან, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ კანონს აღარ ავამოქმედებთ. ვენეციის კომისია ამბობს ერთს და ევროკომისია ამბობს მეორეს. თუ ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ კანონს აღარ ავამოქმედებთ და თებერვალში გაუქმდება ჩვენივე მიღებული კანონი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ, 13 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ". საკითხის განხილვას წინ უძღოდა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნა ამ კანონპროექტზე.

12 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ევროსაბჭოს ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად ჩაატაროს არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი სტრუქტურული ხარვეზების, უფლებამოსილებების და კოორდინაციის თვალსაზრისით.

დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომისიის იმ 12 პრიორიტეტიდან, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მასში საუბარი არ არის პერსონალიზებულ მიდგომაზე ან შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებაზე, არამედ მიზნად განსაზღვრულია ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე კერძო ინტერესების მომეტებული ზეგავლენის აღმოფხვრა.

ამერიკული "ფარა" და განსხვავება რუსული კანონისგან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:20:56 0:00

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG