ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა წერია ასოცირების საბჭოს ერთობლივ განცხადებაში


ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 6 სექტემბრის ასოცირების საბჭოს შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც სხვადასხვა სფეროს მიმოხილვასთან ერთად, ხაზგასმულია ევროპული საბჭოს მზაობა, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ის შეასრულებს პირობებს.

"ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ერთობლივ ტექსტში წერია, რომ ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პარლამენტში დაწყებულ მუშაობას და მოუწოდა მმართველ პარტიას, სამოქალაქო საზოგადოებისა და საპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფებთან ერთად ჩაერთოს ინკლუზიურ პროცესში.

გარდა იმისა, რომ ევროკავშირმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოში გატარებული რიგი "რთული რეფორმები" და კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, "მნიშვნელოვანი შეშფოთება" გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით. კერძოდ, 2021 წელს არსებითი პროგრესის ნაკლებობასა და ნეგატიურ განვითარებებთან დაკავშირებით:

  • "ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააორმაგოს ძალისხმევა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით;
  • ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს კიდევ უფრო გაზარდოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, მათ შორის გენედერული თანასწორობა და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში უზრუნველყოს თანაბარი მოპყრობა მამაკაცებსა და ქალებისადმი, ასევე უმცირესობებს მიკუთვნილი პირების მიმართ განურჩევლად რელიგიისა თუ რწმენისა, რასისა, ეთნიკური თუ ეროვნული წარმოშობისა, სქესისა, ენისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, შესაძლებლობისა და სხვა;
  • ასევე, ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას. დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ძირეული პრიორიტეტებია, რომლებიც ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლას განსაზღვრავს".

ასოცირების საბჭო განცხადებაში აღნიშნავს, რომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ძირეულ ვალდებულებებია სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების, სამართლიანი სასამართლოს უფლება და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა.

"ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ეფექტიანად უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ანგარიშვალდებულება და მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების 2021 წლის შემდგომი ამბიციური რეფორმის სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიური და პარტიათშორისი კონსულტაციების პროცესზე, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად".

ასოცირების საბჭოს განცხადებაში ცალკეა აღნიშნული 2021 წლის 5 ივლისი, როდესაც ძალადობრივმა და ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა მედიის არაერთ წარმომადგენელს ქუჩაში სცემეს.

განცხადებაში წერია, რომ საჭიროა, 5 ივლისის "თბილისი პრაიდის" მარშის კონტექსტში, მედია-პროფესიონალების წინააღმდეგ ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა და პრევენციული ზომების გაძლიერება:

"ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, ყველა დამნაშავის მართლმსაჯულებისთვის გადაცემისკენ და ამავდროულად, აღნიშნა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები".

განცხადებაში ევროკავშირმა და საქართველომ დაგმეს რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის გაფორმებული ინტეგრაციის ე.წ. "ხელშეკრულებების" შემდგომი განხორციელება.

ასევე, საბჭომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე.

ევროკავშირმა ისევ დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ასოცირების საბჭოს სხდომას თანა-თავმჯდომარეობდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი.

23 ივნისს საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო ევროპული პერსპექტივა, ანუ დათქმა და იმის აღიარება, რომ მისი ადგილი ევროპულ ოჯახშია. თუმცა უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, ჯერ არ მიუღია კანდიდატის სტატუსი.

ამისთვის საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. მათ შორის: დაძლიოს პოლარიზაცია, ჩაატაროს სასამართლოს რეფორმა, და გაათავისუფლოს ის პოლიტიკური ზეგავლენისგან, დაიცვას უმცირესობების უფლებები და ებრძოლოს კორუფციას.

2023 წელს ევროკომისია შეაფასებს, გაართვა თუ არა ქვეყანამ თავი ამ ამოცანას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG