ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის კრიზისიდან გამოყვანის მცდელობა


ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა გაიმართება

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები ბრიუსელში ორდღიან შეხვედრებს გამართავენ ეკონომიკური ბლოკის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის გზების დასასახად. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ევროკავშირის ლიდერებს შეხვედრიდან დიდი მოლოდინი არ აქვთ.

საბანკო სისტემის მონიტორინგი, ესპანეთისა და კვიპროსისთვის დახმარების გამოყოფა და საბერძნეთის ვალთან დაკავშირებული კრიზისის განხილვა ის ძირითადი თემებია, რომლებსაც ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში დაგეგმილ ორდღიან შეხვედრაზე განიხილავენ. პარასკევს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, ქრისტინ ლაგარდმა ევროკავშირი დღემდე გადადგმული ნაბიჯებისთვის შეაქო, თუმცა, მათზე წნეხიც გაზარდა და განაცხადა, რომ თუ ევროპა უფრო აქტიურად არ ჩაერთო ფინანსური კრიზისის დაძლევაში, ვითარება მნიშვნელოვნად გართულდება.

„ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ფრთხილად და თავდადებით განვახორციელებთ დასახულ ნაბიჯებს. სავალუტო ფონდის გადმოსახედიდან, ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი იმისთვის, რომ ევროზონის არქიტექტურული მოწყობა ბოლომდე დასრულდეს: ფულადი ერთობა, საბანკო ერთობა და ამას შემდეგ ფისკალური ერთობაც უნდა მოჰყვეს.“

ფინანსთა მინისტრები ეცდებიან ივნისში მიღწეული შეთანხმების დახვეწას და ისეთ საკითხებზე შეთანხმებას, რომლებზეც წინა სამიტზე მოსაზრებათა შეჯერება ვერ მოხერხდა.
ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებებს შორის ჯერ კიდევ არ არსებობს საბოლოო შეთანხმება იმაზე, თუ კონკრეტულად რა კურსი უნდა აირჩიოს მთლიანმა ბლოკმა
ანდრე საპირი

ივნისის ბოლოს ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე გლობალურმა საფონდო ბირჟებმა დადებითი რეაგირება გააკეთეს. ეს განსაკუთრებით ადვილი დასანახი იყო მაშინ, როდესაც ეკონომიკური ბლოკი შეთანხმდა, რომ მასტიმულირებელი თანხები არა ეროვნული მთავრობებისთვის, არამედ პირდაპირ ფინანსურ ინსტიტუტებისთვის დაერიგებინა.

ბრიუსელში დაფუძნებული კვლევითი ცენტრის - ბრიუგელის - მთავარი ეკონომისტი, ანდრე საპირი ამბობს, რომ საფონდო ბირჟებზე მდგომარეობა მალევე შეიცვალა საპირისპირო მიმართულებით:

„ამის მიზეზი ის არის, რომ ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებებს შორის ჯერ კიდევ არ არსებობს საბოლოო შეთანხმება იმაზე, თუ კონკრეტულად რა კურსი უნდა აირჩიოს მთლიანმა ბლოკმა. ის განცხადებები, რომლებიც სამიტის ბოლოს გაკეთდა, სხვადასხვა ქვეყანამ სხვადასხვანაირად გაიგო და ამის გამო გადაწყვეტილების აღსრულებაც ქვეყნის ლიდერების მიერ დასახული ნაბიჯების თავისებურ ინტერპრეტაციაზე გახდა დამოკიდებული. ბაზარზე ამან უარყოფითად იმოქმედა.“

ევროს კურსმა დოლართან შედარებით კიდევ დაიწია და რეკორდულად დაბალ მაჩვენებელს მიაღწია. ამან კი ის გამოიწვია, რომ კრიზისში მყოფი ქვეყნებისთვის ვალის აღება კიდევ უფრო გაძვირდა. ეს განსაკუთრებით ესპანეთსა და იტალიას შეეხო.

საპირი ამბობს, რომ ევროკავშირის ცენტრალური ბანკისთვის ძალაუფლების მინიჭება, რომელიც მას საშუალებას მისცემს აკონტროლოს ბლოკში შემავალი ყველა ქვეყნის საბანკო სისტემა არა მხოლოდ მდგომარეობიდან გამოსვლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება, არამედ ის ერთიანი ევროპული საბანკო სისტემის შექმნას ჩაუყრის საფუძველს.

„ევროკავშირს, ან ევროზონას, სჭირდება ისეთი ინსტიტუტის შექმნა, როგორიც შეერთებულ შტატებს საბანკო ანაბრების ფედერალური სადაზღვევო კორპორაციის სახით აქვს. ანუ, ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს, გააკონტროლებს, დააზღვევს საბანკო ანაბრებს და დაეხმარება კრიზისში მყოფ ბანკებს.“

ამ კვირაში დაგეგმილი შეხვედრები სექტემბრამდე ბოლო რაუნდი უნდა ყოფილიყო. თუმცა, საკითხებისა და ვითარების სირთულიდან გამომდინარე, ევროკავშირის ლიდერები სექტემბრამდე, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG