გერმანიას იმედი აქვს, რომ ბრიუსელი მოახერხებს კოვიდ-19-ის სერტიფიკატებზე შეთანხმებას, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას ევროკავშირის შიგნით იოლად გადაადგილდეს. ევროკავშირის ბევრი ქვეყანა, ზაფხული ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ეტაპობრივად იხსნება.
ევროპულ საქმეთა მინისტრები სამშაბათს ბრიუსელში შეიკრიბნენ, ე.წ. „მწვანე სერტიფიკატის“ საკითხის განსახილველად. ევროკავშირი გეგმავს სერტიფიკატი ივნისში შემოიტანოს, თუმცა იქამდე ევროკომისიამ, პარლამენტმა და გაერთიანების წევრმა სახელმწიფოებმა მოლაპარაკებები უნდა დაასრულონ.
გერმანიის ევროპის მინისტრმა, მაიკლ როტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას იმედი აქვს გადაწვეტილება მომავალ კვირებში იქნება მიღებული.
„ეს არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ტურიზმზე არიან დამოკიდებულნი, არამედ ყველა ჩვენგანისთვის. ეს არის... ნათელი გზავნილი ევროკავშირში გადაადგილების თავისუფლების და მობილურობის კუთხით“, - თქვა მან.
სერტიფიკატი საშუალებას მისცემს ევროკავშირის ტერიტორიაზე ვაქცინირებულ პირებს, მათ ვინც კოვიდ-19 უკვე გადაიტანა ან ნეგატიური პასუხით ტესტს წარადგენს, 27 ქვეყანაში ადვილად გადაადგილდნენ. გასული ერთი წლის განმავლობაში, გაერთიანების ბევრმა ქვეყანამ საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვები დააწესა, კოვიდ-19-ის გავრცელების შესაჩერებლად.
ევროკავშირში ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან და კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევების ვარდნასთან ერთად, ევროპა ქალაქების და სანაპიროების გახსნას იწყებს, რაც აჩენს იმედს საზაფხულო სეზონის წინ. ამ დრომდე გაერთიანებაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, 200 მილიონი დოზა იქნა ადმინისტრირებული.
Facebook Forum