2014-2020 წლებში EU საქართველოს €938.4 მილიონით დაეხმარა. ამის შესახებ საუბარია დოკუმენტში, რომლითაც შეაფასეს 7 წლის განმავლობაში საქართველოსთვის გაწეული დახმარება და რეკომენდაციები გასცეს. დოკუმენტში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს, ხარვეზებს შორის აღნიშნულია "შეზღუდული წინსვლა" როგორც სასამართლო რეფორმის, ასევე ადამიანის უფლებების მხრივ.
საინფორმაციო ბიულეტენში ვკითხულობთ, რომ შვიდ წელში გაცემული დახმარებიდან ყველაზე დიდი წილი [€253 მილიონი] სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარების სფეროს აქვს. მას მოსდევს კავშირების დამყარება [€171 მილიონი], ეკონომიკური განვითარება და ბაზრის შესაძლებლობები [€168 მილიონი], მართლმსაჯულება და დემოკრატიული მმართველობა [€109 მილიონი], საჯარო მმართველობის რეფორმა და საჯარო ფინანსების მართვა [€90 მილიონი].
შეფასების დოკუმენტში საუბარია მართლმსაჯულების სფეროში დახმარებაზე. აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი წინსვლაა ბევრი მიმართულებით, მათ შორის, გენდერული ნიშნით ძალადობის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, იურიდიული დახმარებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის. "თუმცა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის სფეროში მიღწეული წინსვლა მცირეა. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროებში უკანდახევის შემთხვევები აშკარაა".
სოფლის მეურნეობის სექტორში დახმარებაზე ევროკავშირი წერს, რომ დადებითი გავლენა როგორც სოფლის მეურნეობაზე, ისე სოფლის განვითარებაზე მოსავლიანობის და წარმოების ზრდის თვალსაზრისით, მოსალოდნელზე დაბალი იყო, ხოლო სოციალურ-ეკონომიკური შედეგების დადგენა - რთული. "თუმცა, საქართველოს მიმართ ევროკავშირის დახმარებამ ხელი შეუწყო კარგ წინსვლას სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით და ინოვაციური მიდგომების დანერგვას სოფლის და ინტეგრირებული ტერიტორული განვითარების მიმართულებით".
საჯარო მმართველობის სფეროზე დოკუმენტში საუბარია "ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდაზე". ამის მიუხედავად, საზოგადოების ნდობა სამთავრობო დაწესებულებების მიმართ შემცირდა, ხოლო შესაძლებლობები ბევრ სახელმწიფო დაწესებულებაში დაბალ დონეზე რჩება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საჯარო მმართველობის სისტემა, რომელთანაც რიგით მოქალაქეს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვს შეხება, კვლავ არასრულყოფილია".
შეფასება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ნდობა ევროკავშირის მიმართ მაღალი რჩება.
Facebook Forum