ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანელი ქალების "მორალური დანაშაული"


ავღანელი ქალების "მორალური დანაშაული"
ავღანელი ქალების "მორალური დანაშაული"

პატიმარი ავღანელი ქალები ფიქრობენ, რომ გათავისუფლების შემდეგ მათ ნათესავები მოკლავენ ოჯახის შერცხვენისთვის.

ევროკავშირმა დოკუმენტური ფილმი დააფინანსა, რომელიც ასახავს თუ როგორ იხდიან სასჯელს ავღანეთის ციხეებში „მორალური დანაშაულისთის“ დაჭერილი ქალები. ფიმლში მოცემული ინფორმაციით, ქალების ნაწილი სექსუალური, ნაწილი კი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმზე მუშაობა დასრულდა, ევროკავშირი მისი ფართო მასებში გავრცელებისგან თავს იკავებს. საინფორმაციო სააგენტო "ასოშეიტედ პრესის" ინფორმაციით, ამის მიზეზად ფილმში ნაჩვენები ქალების უსაფრთხოება და ავღანეთის სასამართლო სისტემასთან ევროკავშირის არსებული კონსტრუქციული ურთიერთობის შენარჩუნების სურვილი სახელდება.

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კეტრინ ეშტონის წარმომადგენელი მაიკლ მანი უარყოფს განცხადებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების მიღებაში პოლიტიკურმა ფაქტორებმა იქონია გავლენა. ერთადერთი გასათვალისწინებელი ასპექტი იმ ქალების უსაფრთხოება, რომლებიც ფილმში არიან წარმოდგენილი:

„ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ ჩვენ ამ ქალბატონების გასაჭირის საზოგადოებისგან დაფარვას ვცდილობთ, აბსოლუტური სიცრუეა. მათი პრობლემების საზოგადოებისთვის გაცნობა იყო თავდაპირველი მიზეზი ჩვენს მიერ ფილმის დაფინანსებისა. ჩვენ ამ პრობლემაზე საუბარი უდაოდ გვინდა.“

საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰუმან რაიტს უოჩის" წარმომადგენელი ჰედერ ბარი აცხადებს, რომ ავღანეთის ციხეებში ამჟამად ათასობით ქალი იხდის სასჯელს, ეგრეთ წოდებული, მორალური დანაშაულისთვის. ორგანიზაცია ფილმთან დაკავშირებით დაწყებულ პოლიტიკურ დავაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ბარის თქმით, დოკუმენტურ მასალაში გადმოცემული ისტორიები ავღანეთის რეალობაში საკმაოდ გავრცელებულია:

„დაპატიმრებულ ავღანელ ქალებთან საუბრისას ირკვევა, რომ ნაწილი მათგანი იმის გამოა ციხეში, რომ გაიქცა ქმრის სახლიდან, სადაც მას ოჯახის წერვრები სცემდნენ. ეს ავღანეთის კანონმდებლობით სამართალდარღვევა არ არის, მაგრამ ქლაებს მაინც აპატიმრებენ მორალური დანაშაულის ჩადენის გამო. ნაწილ მათგანს ზინაში - ანუ ქორწინების გარეშე სქესობრივ კავშირში ედებათ ბრალი.“

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ავღანეთის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომლის თანახმადაც ფიზიკური და სექსუალური ძალადობა ქალების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება, პატიმარი ქალების რაოდენობამ მძაფრად მოიმატა.

ყველაზე დიდი პრობელმა ის არის, თუ რა ელით მათ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ:

„მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ ისევ იმ სიტუაციაში აღმოჩნდება, რომელიც მათი ციხეში მოხვედრის მიზეზი გახდა. დანარჩენები კი ამბობენ, რომ ოჯახში დაბრუნების შემდეგ ნათესავები მოკლავენ იმის გამო, რომ ციხეში მოხვედრით ოჯახი შეარცხვინეს.“

ავღანეთი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში დეკემბერში იქნება, როცა გერმანია ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით კონფერენციას უმასპინძლებს. ბარის განცხადებით, ავღანელი ქალები უფლებების დამცველი ორგანიზაციები კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლას ითხოვენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.

„ჩემი აზრით, კოფერენციაზე ქალების უფლებებზე არავინ ისაუბრებს. და იმ ფაქტს, რომ ასობით ქალი სასჯელს იხდის იმის გამო რომ ძალადობის მსხვერპლია, ყურადღებას არავინ მიაქცევს.“

თუმცა, მაიკლ მანი აცხადებს, რომ ევროკავშირი ქალების უფლებების დაცვით და ავღანეთში სასამართლო სისტემის რეფორმით უაღრესად დაინტერესებულია.

„ევროკავშირი უდიდეს ყურადღებას აქცევს ადამიანის უფლებებს, და გვჯერა, რომ ის ქალები, რომლებიც მორალური დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს თანასწორუფლებიანობის პრინციპით უნდა სარგებლობდნენ. ამ გზავნილის გავრცელებას ჩვენ აქტიურად ვცდილობთ.“

მანის განცხადებით, ევროკავშირი ცდილობს დოკუმენტური ფილმი ფართო საზოგადოებას გააცნოს, თუცა ამისთვის აუცილებელი პირობა იმ ქალების ვინაობისა და უსაფრთხოების დაცვაა, რომლებიც ფილმში მონაწილეობენ.

XS
SM
MD
LG