ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰუმანიტარული კრიზისი, საგუშაგოებისთვის ბრძოლა და ტექნიკური შეხვედრები გრძელდება


ოკუპაციის ხაზს მიღმა ცხინვალია
ოკუპაციის ხაზს მიღმა ცხინვალია

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრები შეწყვეტილია და მხოლოდ ტექნიკური ხასიათი შეკრებები იმართება. 12 ნოემბერს მორიგი ასეთი შეხვედრა მეშვიდედ გაიმართა. ოსური მხარე დაჟინებით მოითხოვს პოლიციის პოსტის აღებას ჩორჩანასთან. ამასობაში კი იქ დამატებით ორი რუსული პოსტი აშენდა.

„ჩვენ შევთანხმდით იმის შესახებ, რომ კიდევ უნდა შევხვდეთ“,- აცხადებს ირაკლი ანთაძე, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი ერგნეთის შეხვედრებზე. ოსური მხარის წარმომადგენლები ერგნეთში ჟურნალისტებთან კომენტარს უკვე რა ხანია, აღარ აკეთებენ. მათი პოზიციის გაგება მხოლოდ დე-ფაქტო ადმინისტრაციის კუთვნილი მედია საშუალებებითა და საინფორმაციო სააგენტოებიდანაა შესაძლებელი. ოსური მხარე ასევე აპროტესტებს საქართველოს მხრიდან პოსტის მშენებლობას სინაგურთან. "ამერიკის ხმამ" გაარკვია, რომ ქართული მხარე სინაგურთან ახალ საგუშაგოს არ აშენებს, არამედ ცდილობს დაასრულოს 2018 წელს დაწებული მშენებლობა. საგუშაგო იმ დროისთვის სრულყოფილად ვერ მოეწყო, გზის გაუმართაობის გამო.

ჩორჩანას ქართული საგუშაგო კი, ფაქტობრივად, რუსულ ალყაში ექცევა. როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობა, „ძალა ერთობაშია“ ავრცელებს ინფორმაციას, ქართული საგუშაგოს სიახლოვეს სამი რუსული პოსტია, გარდა ამისა, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ახლო მომავალში, შესაძლოა ამ ადგილას არა მხოლოდ საგუშაგო, არამედ ახალი სამხედრო ბაზაც ვიხილოთ.

ქართული მხარე ერგნეთის ტექნიკურ შეხვედრაზე აქტიურად აყენებდა ჰუმანიტარულ საკითხს, რაც გამშვები პუნქტების ჩაკეტვას უკავშირდება ცხინვალის მხრიდან. გადაადგილება აქ 4 სექტემბრის შემდეგ შეზღუდულია. თავდაპირველად, „მიზეზი“ სწავლის დაწყება და აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა გახლდათ, თუმცა არსებობს ინფორმაციაც იმის თაობაზე, რომ ესაა ერთგვარი შურისძიება ჩორჩანასთან ქართული საგუშაგოს გახსნის გამო.

დე-ფაქტო ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კრიზისის თაობაზე სამშაბათს ქართულმა მხარემ ერგნეთის ტექნიკურ შეხვედრაზეც ისაუბრა. მიუხედავად ვითარების სიმძიმისა, გზის ჩაკეტვის გამო, ოსური მხარე მაინც არაა თანახმა გახსნას გამშვები პუნქტები. ამ ხნის მანძილზე კი მხოლოდ ახალგორიდან ორი ადამიანური მსხვერპლია. ჯერ იკოთის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი დაიღუპა, რომელსაც გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებოდა თბილისში, ამის ნაცვლად კი ცხინვალში გადაიყვანეს, შემდეგ კი ბესარიონ კორბესოვი. ისიც, მარტიაშვილის მსგავსად გადაადგილების შეზღუდვის მსხვერპლია.

ბესარიონ კორბესოვი ახალგორში გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში მუშაობდა. მას ორი დღის განმავლობაში აწუხებდა ტკივილი ხან მუცლის, ხანაც გულის არეში. ახალგორის სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მეორე დღეს სამსახურიდან მივიდა, საკუთარი ფეხით. მანამდე ის ტკივილს ნიმესილით იყუჩებდა. ექიმები გადასხმისთვის მზადებას იწყებდნენ და უკვე იცოდნენ, რომ პაციენტს თბილისში გადაყვანა ესაჭიროებოდა, თუმცა კორბესოვს სამსახურის სტატუსიდან გამომდინარე, გადაადგილებაზე უარი უთხრეს. ის ახალგორში, ექიმების ხელში, ტრომბით გარდაიცვალა.

ორი ადამიანური მსხვერპლის შემდგომ, ახალგორიდან ერთი პაციენტი, როგორც იქნა, გამოუშვეს თბილისში. „ცხინვალმა მას თანხმობა მისცა“,- უთხრა "ამერიკის ხმას" წყარომ. ის ინფარქტით შეიყვანეს ახალგორის საავადმყოფოში და მესამე დაღუპული იქნებოდა, რომ არა დადებითი პასუხი მისი ტრანსპორტირების თაობაზე. „ქალი იმდენად მძიმედ იყო და იმდენად მწვავე ტკივილებს განიცდიდა, თბილისიკენ გზაში მორფი გაუკეთეს,“- გვიყვება მოქალაქე და ამატებს, რომ ჩაკეტილი გასასვლელების პირობებში ჯანმრთელობის გართულების გამო გამოწვეული საფრთხისგან დაცული არავინაა.

ერგნეთის შეხვედრაზე გატაცებული ადამიანების თაობაზეც ისაუბრეს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს ორი მკვიდრი, ზურა ტუხიაშვილი და რამაზ ზაბიშვილი კვლავ ცხინვალის ციხეში რჩებიან. ისინი 11 ნოემბერს სოფლის მიმდებარე ტერიტორიიდან „აიყვანეს“ რუსმა მესაზღვრეებმა. მათი თანასოფლელების მტკიცებით, მოქალაქეები საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მყოფებოდნენ. ამერიკის ხმასთან არაერთხელ უთქვამთ იმის თაობაზე, რომ საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები პოტენციურ მსხვერპლებთან ჯერ ძაღლებს უშვებენ, რომლებიც ადამიანებს ადგილზე აკავებს და განძრევის საშუალებას აღარ აძლევს. შემდეგ კი თავად მიდიან და იარაღის მუქარით გადაჰყავთ დე-ფაქტო ადმინისტრაციის კონტროლს ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე. აქვე უღებენ ფოტოებს და მიჰყავთ ცხინვალის ციხეში.

კოდისწყაროდან გატაცებულები ადგილობრივი მწყემსები არიან. დაკავების შემდგომ ისინი თანასოფლელებს დაუკავშირდნენ და სთხოვეს, ყურადღება მიექციათ უპატრონოდ დარჩენილი საქონლისთვის.

გატაცების შემთხვევა 6 ნოემბერსაც დაფიქსირდა სოფელ ქვეშიდან. 28 წლის ზაქრო ბუთხუზი საკუთარ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა და სწორედ ამ დროს აღმოჩნდა „კანონდამრღვევი“. ის ორი დღის მერე, „საზღვრის დარღვევის გამო“ დაჯარიმებული დაუბრუნდა ოჯახს.

მორიგი ტექნიკური ხასიათის შეხვედრა ერგნეთში დეკემბერში გაიმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG