ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნების დღეს კანდიდატები თითქმის თანაბარი რეიტინგით სარგებლობენ


ორივე კანდიდატი შტატების მიხედვით საარჩევნო კოლეგიის ხმების უმრავლესობის მოპოვებას ცდილობს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
დაძაბული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, სამშაბათს, ამერიკელი ამომრჩეველი პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და რესპუბლიკელ კანდიდატს, მიტ რომნის შორის საბოლოო არჩევანს გაააკეთებს. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, ჯიმ მალონი მოგვითხრობს დეტალებზე ვაშინგტონიდან.

სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატები, ფაქტობრივად, თანაბარი რეიტინგით სარგებლობენ, რამაც წინა-საარჩევნო კამპანიის ბოლო დღემდე მათ იმ შტატების მონახულებისაკენ უბიძგა, სადაც ვითარება კვლავ გაურკვეველია და სადაც, სავარაუდოდ, გადაწყდება კიდეც არჩევნების ბედი.

კამპანიის ბოლოსათვის, მეორე ვადით არჩევის სურვილით, პრეზიდენტმა ობამამ დიდი დრო დაჰყო ოჰაიოს შტატში.

„ეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს ან ორ პარტიას შორის. ეს არის არჩევანი ორ სხვადასხვა ხედვას შორის,” - განაცხადა ბარაკ ობამამ.

რესპუბლიკელი მიტ რომნი კი პენსილვანიაში იმყოფებოდა - შტატში, რომელიც ძირითადად, დემოკრატ კანდიდატს ირჩევს, მაგრამ სადაც უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ სხვაობა ძალიან მცირეა.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ უკეთესი სამუშაო ადგილები და უკეთესი ანაზღაურება წარსულს ჩაბარდა, მე მკაფიო და ცალსახა გზავნილი მაქვს [მათთვის]. სწორად შერჩეული ხელისუფლების პირობებში, ამერიკაში მნიშვნელოვანი შემობრუნების პერიოდი დადგება,” - აცხადებს რომნი.

ორივე კანდიდატი შტატების მიხედვით საარჩევნო კოლეგიის ხმების უმრავლესობის მოპოვებას ცდილობს. თითოეულ შტატს კოლეგიის გარკვეული ხმები ენიჭება, რაც მოსახლეობის რაოდენობაზეა დამოკიდებული. კანდიდატი, რომელიც საერთო 538 ხმიდან კოლეგიის 270 ან მეტ ხმას მოიპოვებს, გამარჯვებულად გამოცხადდება.

პოლიტიკური ექსპერტების თქმით, 50-დან დაახლოებით 40 შტატი მყარად უჭერს მხარს ერთ ან მეორე კანდიდატს, ხოლო დარჩენილი 10 შტატი სადავო, ეგრეთ წოდებული მერყევი შტატია. ამ შტატებში შედეგები ცნობილი არ არის და, შესაბამისად, კანდიდატებიც ძალისხმევის მაქსიმუმს სწორედ აქ მიმართავენ.

წინა-საარჩევნო კამპანიის დასასრულს, განსაკუთრებული ყურადღება ოჰაიოს, ფლორიდის, ვირჯინიის, კოლორადოს, აიოვას, ნიუ ჰემპშირისა და ვისკონსინის შტატებს დაეთმო.

პოლიტიკური მიმომხილველის, ტომ დე ფრანკის თქმით, პრეზიდენტი მერყევ შტატებში არსებულ მცირედ უპირატესობას ებღაუჭება. „ამერიკის ხმის” ახალი ამბების გადაცემაში საუბრისას, მან აღნიშნა:

„პრეზიდენტი ობამა მცირედი უპირატესოით ძირითადად იმის გამო სარგებლობს, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან სადავო შტატში უმნიშვნელოდ უსწრებს თავის მეტოქეს. თუმცა, მაჩვენებელი ამ შვიდ, რვა თუ ცხრა მერყევ შტატში იმდენად უმნიშვნელოა, რომ ვითარება ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება შეიცვალოს.”

კანდიდატების რეიტინგებს შორის სხვაობა ოქტომბრის დასაწყისში გამართულ პირველ საპრეზიდენტო დებატებში მიტ რომნის ძლიერი გამოსვლის შემდეგ შემცირდა. თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის [რეიტინგზე] შესაძლოა დადებითად იმოქმედოს იმ ინფორმაციულმა უზრუნველყოფამ, რაც გასულ კვირას ქარიშხლის - „სენდის” შემდეგ ფედერალური მთავრობის მხრიდან გაწეულ ღონისძიებებში მის როლს მოჰყვა.

ამას თან ერთვის ფედერალური მთავრობის მიერ გამოქვეყნებული უმუშევრობის ბოლო ანგარიშიც, რომელიც დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.

ლარი საბატო ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელია.

„მჭიდრო საარჩევნო რეიტინგების პირობებში, ყოველთვის აკვირდები გასული კვირის მონაცემებს - იმას თუ ვინ დაწინაურდა. „სენდისა” და დასაქმების ანგარიშს შორის პერიოდში პრეზიდენტ ობამას რეიტინგი გაუმჯობესდა,” - განმარტავს ლარი საბატო.

თუმცა, მრავალი ექსპერტი თვლის, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს სამშაბათს საპრეზიდენტო არჩევნებში, მოსალოდნელია, რომ ქვეყანა გარკვეული ხნით ორად გაყოფილი დარჩება.

„სი-ბი-ეს”-ის სატელევიზიო პროგრამაში საუბრისას, პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, დევიდ გერგენმა აღნიშნა:

„მთელი ამ ხნის მანძილზე, ჩემთვის შეკითხვა იმაში არ მდგომარეობდა თუ ვინ მოიგებს არჩევნებს, არამედ აქტუალური ის უფროა შეძლებს თუ არა გამარჯვებული მართვას. შეძლებს გამარჯვებული კანდიდატი იმ არეულობიდან გამოგვიყვანოს, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, შეამციროს დეფიციტი და გადადგას ნაბიჯები, რაც აუცილებელია ამ ქვეყნის განვითარებისთვის? არ ვფიქრობ, რომ გამარჯვებულს მანდატი ექნება. ჩვენ, რეალურად, გვექნება ორად გახლეჩილი ქვეყანა და ეს ძალიან რთულია სამართავად.”

პრეზიდენტის არჩევასთან ერთად, არჩევნები წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილისა და სენატის 100 ადგილიდან 33-ის მოსაპოვებლადაც ტარდება.

მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატებმა, შესაძლოა, რამდენიმე ადგილი მოიპოვონ წარმომადგენელთა პალატაში, მოსალოდნელია, რომ რესპუბლიკელები აქ უმრავლესობას შეინარჩუნებენ.

თუმცა, ანალიტიკოსების დიდი ნაწილი მოელის, რომ რესპუბლიკელებს სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო ხმები დააკლდებათ, სადაც დემოკრატებს 53 ადგილი უკავიათ, რესპუბლიკელებს კი - 47.
XS
SM
MD
LG