ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნების მორიგი ტური ცხინვალში


დღეს ცხინვალის რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. პრეზიდენტის პოსტის მოპოვებისთვის იქ ოთხი კანდიდატი იბრძვის, ლეონიდ თიბილოვი, უშიშროების ყოფილი შეფი, დიმიტრი მედოევი, სამხრეთ ოსეთის ელჩი რუსეთის ფედერაციაში, სტანისლავ კოჩიევი, კომუნისტური პარტიის ლიდერი და პარლამენტის სპიკერი დე–ფაქტო ადმინისტრაციში და სახალხო დამცველი დავით სანაკოევი.

ადე–ფაქტო ადმინისტრაციის ცენტრალური საარჩევნო კომისია მონაცემებს არჩევნების მიმდინარეობის შესახებ პერიოდულად აქვეყნებს. ამ მონაცემების მიხედვით, შუადღის სამი საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიღებული ჰქონდა ამომრჩეველთა 45,30 პროცენტს. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ბელა პლიევამ მიაწოდა, რომელიც ცენტალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელია დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში. პლიევა ხელმძღვანელობდა ასევე ამ უწყებას გასული წლის ნოემბერშიც, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში ალა ჯიოევამ გაიმარჯვა. პლიევა ამბობს:

„გაწვდით ინფრომაციას იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით. ამომრჩეველთა აქტივობა ცხინვალში დაფიქსირდა 38, 20 პროცენტი, ცხინვალის რაიონში: 51, 06 პროცენტი, ჯავის რაიონში 59, 99 პროცენტი, ზნაურის რაიონში 52, 81 პროცენტი, ლენინგორის რაიონში: 59, 66 პროცენტი. თუ გაქვთ კითხვები, შემიძლია გიპასუხოთ... კითხვები არ არის, მადლობა დიდი“, ციტატის დასასრული.

ოთხი საათისთვის კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლის, ირინა გასიევას განცხადებით, არჩევნები უკვე შემდგარად გამოცხადდა, რადგან ამ დროისთვის საარჩევნო უბანზე მისული დაფიქსირდა ამომრჩეველთა 50,1 პროცენტი. საუბნო კომისიის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს და ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ფიქსირდება. დე–ფაქტო ადმინისტრაციის ოფიცლიური ვებგვერდი აქვეყნებს ინფორმაციას მხოლოდ „უმნიშვნელო დარღვევის“ შესახებ, რომელიც ერთ–ერთი კანდიდატის, დავით სანაკოევის დამკვირვებელმა მადინა სანაკოევამ დააფიქსირა და შესასწავლად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გაუგზავნა.

დღეს სწორედ დავით სანაკოევის ფიგურა გამოჩნდა პირველი ადგილობრივი ტელევიზიის ეთერით ცხინვალში. იგი საუკეთესო განწყობაზე იმყოფებოდა და აცხადებდა: „ხალხს ვუსურვებ, რომ აეღოთ თავისი არჩევანი და კმაყოფილები ყოფილიყვნენ მისით, არ ენანოთ მიღებული გადაწყვეტილება მომავალი ხუთი წლის მანძილზე. იმედი მაქვს, რომ წინ გველის აყვავება და ღირსეული ცხოვრება, ასევე ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მორიგი აღიარებები“. ციტატის დასასრული.

ლეონიდ თიბილოვი, პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო უბანში წითელი ვარდებით გამოცხადდა, რომლებიც კომისიის ერთ–ერთი წევრს გადასცა მოგვიანებით. არჩევნებს ცხინვალში რუსული ორგანიზაციის წარმომადგენლები აკვირდებიან. დე–ფაქტო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია, რომლის თანახმად, „საერთაშორისო ორგანიზაცია „მშვიდობისა და თანხმობის ფედერაცია“ მიაწვდის ინფორმაციას ევროპის საბჭოს არჩევნების მიმდინარეობის შესახებ სამხრეთ ოსეთში. ამის თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესცენტრში განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებლების ჯგუფის წევრმა გენადი მიხაილოვმა, რომელიც რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგანაა გამოგზავნილი.“

ერთ–ერთი ცხინვალელი ამომრჩეველი ამბობს: „არაჩვეულებრივი განწყობა მაქვს, რადგან დღეს წყდება ჩვენი პატარა, დიდებული ოსეთის ბედი. იმედი მაქვს, რომ დღეს ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს.“ ციტატის დასასრული.

არჩევნები ცხინვალში დღეს, უმეტესწილად საარჩევნო უბნებში მუსიკალური აკომპანიმენტის თანხლებით მიმდინარეობდა.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ არჩევნების მეორე ტური დაინიშნოს, რადგან ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, გამარჯვებულმა ხმათა 51 პროცენტი უნდა მოაგროვოს.

არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ მიეცა გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს ალა ჯიოევას. იგი ბოლო დრომდე ცხინვალის სომატურ საავადმყოფოს ტუსაღად რჩებოდა, თუმცა გუშინ მას სახლში გაწერის ნება მისცეს. ოსურ ვებგვერდებზე ამბობენ, რომ ეს ჟურნალისტების აქტივობის მიზეზით მოხდა. არჩევნების გამო ცხინვალში ბევრმა ჟურნალისტმა მოიყარა თავი, რომლებიც ცდილობდნენ ჯიოევასთან შეხვედრას, რისთვისაც აკითხავდნენ საავადმყოფოს, სადაც შესვლა და რესპოდენტთან კონტაქტი შეუძლებელი იყო. ამ „უხერხულობის“ გამო, დე–ფაქტო ადმინისტრაცია იძულებული გახდა ჯიოევასთვის პატიმრობა საავადმყოფოში შინაპატიმრობით შეეცვალა. იგივე წყაროები ამბობენ, რომ ჯიოევა არ მოუწოდებს მომხრეებს არჩევნების ბოიკოტირებისკენ, რადგან მიაჩნია, რომ ყველა ადამიანმა დამოუკიდებლად და პასუხიმდგებლობის გათვალისწინებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამავე დროს გავრცელდა კადრები, სადაც პრეზიდენტობის არჩეული კანდიდატი საავადმყოფოშია გადაღებული და ძალიან საინტერესო განცხადებებს აკეთებს, რომელთა შესახებ მომავალ გამოშვებებში ვისაუბრებთ.

XS
SM
MD
LG