ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დარღვევები შედეგზე გავლენას ვერ იქონიებდნენ“


ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს დადებითად აფასებს

რა შეფასებას აძლევს 27 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და რა სახის რეკომენდაციებს სთავაზობს ის სამომავლოდ საქართველოს მთავრობას? ვესაუბრებით ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორ ეკა გიგაურს.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:45 0:00
ბმული

როგორ აფასებს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოს?

წინასაარჩევნო პერიოდი გაცილებით უკეთესი იყო და ამის თქმის საშუალებას ჩვენ გვაძლევს ის, რომ მაგალითად, თუკი შევხედავთ საარჩევნო კანონმდებლობას, გარკვეულწილად ის არის გაუმჯობესებული. რჩება გარკვეული პრობლემები, რომლებზეც მთავრობამ განაცხადა კიდევაც, რომ გააუმჯობესებენ და იმუშავებენ ამ მიმართულებით. თუმცა, ის მთავარი რეგულაციები, რაც იყო დაკავშირებული მაგალითად, პარტიების დაფინანსების ნაწილთან, რომელზეც წინა არჩევნების დროს გვქონდა ძალიან ბევრი პრობლემა, ეს არის შეცვლილი.

მეორე საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მედია-გარემოსთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ გასული, 2012 წლის არჩევნების დროს ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ კრიტიკულ მედია-საშუალებებს არ აქვთ საშუალება, რომ თავიანთი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს თბილისის გარეთ. შესაბამისად აქაც ჩვენ გაუმჯობესება გვაქვს და ე.წ. „მასთქერის“ და „მასთოფერის“ რეგულაციები ფაქტობრივად არის იმპლიმენტირებული. ზოგადად უკვე ყველას აქვს საშუალება და საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას ჰქონდა საშუალება, რომ ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია მიეღო და ეყურებინა ნებისმიერი არხისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას: აქაც ჩვენ გვქონდა ცალკეული ფაქტები, თუმცა ამას არ ჰქონდა მასიური ხასიათი. შესაბამისად, აქაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ტენდენციები გვქონდა. ასევე, აქტივისტების დაკავების საკითხზე - აქაც თუ შევადარებთ 2012 წლის არჩევნებს, როდესაც რამდენიმე ათას ადამიანს იწვევდნენ ხოლმე დაკითხვებზე და არჩევნების წინაც, დაახლოებით 60 აქტივისტი დააკავეს, ასეთი ტიპის ფაქტებსაც არ ჰქონდა ადგილი.

უშუალოდ არჩევნების დღეზე რას იტყვით?

ზოგადად, არჩევნების დღის პირველ ნახევარში იყო უფრო მეტი პროცედურული ტიპის დარღვევა. და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალმა წარმომადგენლებმა, ახალმა მენეჯმენტმა, ალბათ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ტრეინინგებს და შესაძლებლობების განვითარებას. თუმცა, ეს იყო ტექნიკური ტიპის დარღვევები, რომლებმაც შემდეგ, უკვე დღის განმავლობაში საგრძნობლად იკლეს. თუ 12 საათამდე, მაგალითად 20 საჩივარი გვქონდა დაწერილი, 12-დან 4-მდე გვქონდა - 7 და 8 საათამდე გვქონდა კიდევ - 7. ანუ, ბევრად დაიკლო ამ ყველაფერმა. მე ვიტყოდი, რომ მთავარი პრობლემა, ალბათ იყო ეს ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც ქონდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. დადებითად უნდა აღინიშნოს ის, რომ ზოგადად ეს ორგანო არ იყო პოლიტიზირებული და ყველა შემთხვევაში ამ ორგანოს წარმომადგენლებს ჰქონდათ სურვილი, რომ ნეიტრალურები ყოფილიყვნენ.

ხმის დათვლის პროცედურა როგორ ჩატარდა?

ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობდა ნორმალურად. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ დაახლოებით 5-6 შემთხვევა გვქონდა, როდესაც ბიულეტენების და ხელმოწერების რაოდენობა არ დაემთხვა, იყო უფრი ნაკლები ბიულეტენი. იყო გარკვეული ხარვეზები. როდესაც პროცედურებზე მივდივართ, აქ გარკვეულწილად ხარვეზებზე შეგვიძლია ვისაუბროთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას არ ჰქონდა მასიური ხასიათი, გვქონდა მაქსიმუმ, სულ 7-8 შემთხვევა.

ნიუ იორკში ამომრჩევლები ჩიოდნენ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით, იყო შემთხვევები, როცა 3-4 საათის გზაზე ჩამოსული ადამიანები სიაში არ აღმოჩნდნენ. გაქვთ თუ არა ინფორმაცია ამ ფაქტებზე და ჰქონდა თუ არა ადგილი მსგავს შემთხვევებს საქართველოში?

არა. ჩვენ საზღვარგარეთ განლაგებულ საარჩევნო უბნებს არ ვაკვირდებოდით. შესაბამისად, ეს ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია. რაც შეეხება საქართველოში, თქვენ იცით, რომ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში იუსტიციის სამინისტრო ცდილობდა, რომ გაეუმჯობესებინა სიები. იყო რამოდენიმე პრობლემა, ძირითადად აჭარაში, როდესაც დემონტაჟი მოხდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის და სადღაც, დაახლოებით 200-მდე ამომრჩეველმა, ვერ ნახა თავი სიაში. ეს შემთხვევები ჩვენ გქონდა აჭარაში და რამოდენიმე, 2-3 შემთხვევა მთელი საქართველოს მასშტაბით. იქ დიდ რაოდენობაზე არ იყო საუბარი, სულ რამდენიმე ადამიანზე იყო საუბარი. სხვა დანარჩენ შემთხვევაში სიები ასე თუ ისე, გამართული იყო. თუმცა, მაინც, სიებთან დაკავშირებით, საბოლოოდ, ალბათ უფრო ზედმიწევნით მუშაობა არის საჭირო. უბრალოდ, რაღაც გარკვეული ხარვეზები იყო და შესაძლებელია ეს დროსთანაც იყო დაკავშირებული.

როგორ ახდენდა არჩევნების მონიტორინგს თქვენი ორგანიზაცია?

ჩვენ გვყავდა 330 სტაციონარული დამკვირვებელი. ანუ, ეს დამკვირვებლები უბნის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე იყვნენ განთავსებულები უბნებზე და მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ არჩევნებს, დათვლის პროცედურას და იმ პერიოდს, როდესაც დაიხურა უბანი.

ასევე, ჩვენ გვყავდა მობილური ჯგუფები, დაახლოებით 40 მობილური ჯგუფი და მათი ინფორმაცია იყო გადაცემული ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. შემდეგ, თუკი რაღაც პრობლემატური საკითხი იყო, პოლიტიკური პარტიები გვიკავშირდებოდნენ და ჩვენ ამ უბნებზე მივდიოდით. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, უბრალოდ, შემოვლას ახდენდნენ ხოლმე, შედიოდნენ უბნებზე და აკვირდებოდნენ უბნებს.

ანუ, ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც, იმის გამო, რომ მათგანაც გვქონოდა ინფორმაცია სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით. მაგრამ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ: კი, დარღვევები გარკვეულწილად იყო. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პროცედურული დარღვევები და ამ დარღვევებს არ შეიძლებოდა, რომ რაღაც გარკვეული გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.

რა რეკომენდაციებს სთავაზობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს მთავრობას?

აუცილებელია ცესკოს შესაძლებლობების განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დაიწყოს პერსონალის ტრეინინგი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას იმისთვის, რომ სიები გამოსწორდეს. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო უბნები იყოს განთავსებული ისეთ ადგილებზე, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები მივლენ და მათ არ გაუძნელდებათ ხმის მიცემის პროცედურა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს დავაფიქსირეთ ჩვენ ქვეყნის მთელი მასშტაბით. აი, ეს არის ძირითადად, რაზეც შეიძლება რომ დღეს ვისაუბროთ.
XS
SM
MD
LG