ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავრობა რუსულ პროპაგანდასთან არასაკმარისად ეფექტურია - ეკა გიგაური


ეკა გიგაური. "რადიო თავისუფლების" ფოტო
ეკა გიგაური. "რადიო თავისუფლების" ფოტო

კამპანიაძალა ევროპაშია“, რომლის პრეზენტაციაც საქართველოში აპრილის დასაწყისში გაიმართა, გეოგრაფიულ არეალს აფართოებს. ინიციატორები ჯერ ევროპაში იმყოფებოდნენ და ახლა უკვე შეერთებულ შტატებშიც ჩამოვიდნენ.ამერიკის ხმისსტუმარია ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსაღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ვაშინგტონში მაია ქვარცხავა ესაუბრა.

მას შემდეგ, რაც კამპანიაძალა ევროპაშიაპრეზენტაცია გაიმართა, 3 თვე გავიდა. ალბათ უკვე შეიძლება წარმატებულ სტარტზე საუბარი, იქნებ მოკლედ შეაჯამოთ თქვენი საქმიანობა?

სამ თვეში ცხადია, რომ მთავარ, დიდ მიზანს ვერ მივაღწევდით და ყველა იმ ადამიანს, ან სამიზნე ჯგუფს ვერ შევხვდებოდით, ვისთანაც შეხვედრა გვინდოდა. თუმცა, გარკვეულწილად კამპანია წარმატებულია.

განსაკუთრებული ამ კამპანიასთან დაკავშირებით გვაქვს ის, რომ აქ არიან ჩართულები არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არამედ ბევრი სხვა წარმატებული და ცნობადი ადამიანი. ესენი არიან მსახიობები, მომღერლები და ბევრი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი. ცხადია, როცა ჩვენ რაიმეს ვგეგმავთ, მაგალითად, როცა ჩვენ გავდივართ რეგიონებში და ვხვდებით მოსახლეობას, ვცდილობთ, რომ ისინი თან წავიყვანოთ.

ძალიან ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ არასამთავრობოებს მაინც უჭირთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან, იმიტომ რომ რთულად ვლაპარაკობთ სხვადასხვა თემებზე. ზუსტად ეს ადამიანები გვეხმარებიან იმაში, რომ გზავნილები სწორად მივიტანოთ მოსახლეობამდე.

გარდა ამისა, კამპანიის ფარგლებში ჩვენ დავიწყეთ ბევრი საინტერესო პროექტი. მაგალითად, ჩვენ გვაქვს გადაცემების ციკლი, რომელიც გადის „რუსთავი-ორზე“, პროგრამაში „პოსტსკრიპტუმი“, სადაც ვაერთიანებთ ინტერვიუებს ცნობილ ევროპის, ან ამერიკის მოქალაქეებთან. ისინი საუბრობენ საქართველოზე, ყვებიან, თუ რა მოსწონთ საქართველოსთან დაკავშირებით, რა იციან საქართველოს კულტურის შესახებ. უცხოელები ამბობენ, რომ ძალიან უყვართ საქართველო და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება. ცხადია, ისინი არიან ჩვენი ძალიან დიდი გულშემატკივრები.

ჩვენ გვაქვს ასევე რამდენიმე რადიოგადაცემა, მათ შორის ქუთაისის რადიოში, სადაც მაგალითად, დათო ლიკლიკაძე საუბრობს ევროპაზე და გადაცემას ჰქვია „ვილიკლიკოთ ევროპაზე“. ის გადაცემაში იწვევს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და მათთან ერთად საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროპას და გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო.

როცა პირველად შევიტყვე ამ ინიციატივის შესახებ, გამიჩნდა ეჭვი, რომ საქართველოს მთავრობა არ აკეთებს საკმარისს, რადგან ასეთი კამპანიის აუცილებლობა გამოიკვეთა. რამდენად საფუძვლიანია ჩემი ეჭვი და საერთოდ თუ გაქვთ მათთან შეხება, თანამშრომლობის შეთავაზება, ან მხარდაჭერა?

დიდი ხანია, უკვე რამდენიმე წელია ფაქტიურად, ვცდილობთ, რომ რეგიონებში, ადგილზე ვესაუბროთ ადამიანებს იმაზე, თუ რას ფიქრობენ ისინი ევროკავშირზე, რამდენადაა ევროკავშირთან დაახლოება სწორი არჩევანი, რაც სახელმწიფომ გააკეთა, ასევე რამდენად სწორია სურვილი, გავხდეთ ნატოს წევრი.

ამ საუბრების შემდეგ, ჩვენ ძალიან არასახარბიელო სურათი მივიღეთ. ძალიან ბევრ ჩვენს მოქალაქეს აქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოგვიტანს ჩვენ ევროპა და ნატო.

ცხადია, ეს კითხვები გაჩნდა იმიტომაც, რომ რუსული პროპაგანდა არის ძალიან ძლიერი, განსაკუთრებით რეგიონებში. ამასთან, არსებობს ბევრი მედია საშუალება, რომელიც ფაქტიურად ავრცელებს რუსულ გზავნილებს. ასევე არიან ორგანიზაციები და ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ მოსახლეობასთან რეგიონებში და ამ გზავნილებს იყენებენ ძალიან ეფექტურად.

ისინი მოსახლეობას ეუბნებიან, რომ თუკი ჩვენ ევროკავშირს დავუახლოვდებით, მაშინ ისინი ჩვენ მოგვთხოვენ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ევროპასთნ სიახლოვით ჩვენ დავკარგავთ საკუთარ იდენტობას, ჩვენს ენას, ჩვენს კულტურულ ღირებულებებს და ასე შემდეგ, ხომ? ეს არ არის ახალი ჩვენი ქვეყნისთვის. მსგავსი რამ სხვა სახელმწიფოებშიც ხდება. ზუსტად ამ სიტყვებით და ამგვარი გზავნილებით ესაუბრება პრორუსული ძალები ხალხს.

ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრობლემასთან როგორმე გამკლავება. თუმცა, ამ ყველაფერში სახელმწიფოს როლი უნდა იყოს ძალიან დიდი. სამწუხაროდ, მე ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ეფექტური რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში. სულ რამდენიმე წელია, რაც ჩვენმა მთავრობამ აღიარა, რომ რუსული პროპაგანდა არის პრობლემა. ზუსტად ამიტომ აღმოვჩნდით ამ მოცემულობაში, სადაც ჩვენს მოსახლეობას ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დაუგროვდა და სადაც რეგიონებში რუსეთის პროპაგანდა აშკარად მძლავრობს.

ჩვენ ვცდილობთ, რომ სახელმწიფოსთან კოორდინირებულად ვიმუშაოთ. თუკი გავიგეთ, რომ ხელისუფლებას რაიმე ინიციატივა აქვს, ცხადია, ვცდილობთ იგივე არ გავაკეთოთ, სხვა სამიზნე ჯგუფი ავირჩიოთ სამუშაოდ, ან სხვა მეთოდები გამოვიყენოთ რუსეთის პროპაგანდასთან საბრძოლველად. თუმცა, მე ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან ეფექტურია სახელმწიფო და მათაც, არ მგონია, რომ ძალიან აინტერესებდეთ ის, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ.

ეს რა თქმა უნდა, პრობლემაა. საქმე იმაშია, რომ ამ საკითხებში ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული, ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანია სხვადასხვა სფეროში, რომელთაც ერთი მოსაზრება აერთიანებს. ჩვენ ვართ ერთიანი იმაში, რომ ჩვენი ქვეყნისთვის გვინდა უფრო მეტი ინტეგრაცია ევროკავშირთან, გვინდა ნატოს წევრობა და ვთვლით, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან. რა თქმა უნდა, თუ საქართველო ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, ეს არამარტო სახელმწიფოსთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვისაც უკეთესი იქნება.

კამპანიის ფარგლებში, როგორც ვიცი, უკვე იყავით ევროპაში. რას ემსახურებოდა თქვენი აქტივობა გერმანიაში და ბელგიაში?

როგორც იცით, არის რამდენიმე ევროპული სახელმწიფო, რომელიც განსაკუთრებით სკეპტიკურადაა განწყობილი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გახდეს საქართველო ნატოს წევრი. ამ კითხვებს, რაც მათ საქართველოსთან მიმართებაში გააჩნიათ, შეიძლება კონკრეტული საფუძველიც ჰქონდეს.

ჩვენ გვაქვს გამოწვევები ქვეყნის შიგნით, მათ შორის დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით. ცხადია, ეს სახელმწიფოები ამბობენ იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გახდეს ნატოს წევრი, რაც აქ ჩამოყალიბდება კონკრეტული, დამოუკიდებელი ინსტიტუტები და ეს ინსტიტუტები იქნება ძალიან ძლიერი.

მაგრამ, ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო ნატოს წევრობისთვის მზად არის და ვფიქრობთ, რომ საქართველოში არსებული ბევრი გამოწვევის მიუხედავად, მაინც, ჩვენ გარკვეული მიმართულებით გვაქვს წინსვლა. თუკი ჩვენ საქართველოს შევადარებთ ნატოს რამდენიმე სხვა წევრ სახელმწიფოს, ზოგი მიმართულებით ჩვენ გარკვეული უპირატესობაც კი გაგვაჩნია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერზე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ველაპარაკოთ. ერთ-ერთი ასეთი სკეპტიკური ქვეყანა, მოგეხსენებათ, არის გერმანია. იქ ჩვენ შევეცადეთ შევხვედროდით გერმანიის გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ გავლენები გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებზე.

ჩვენ შევეცადეთ აგვეხსნა მათთვის, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, სადაც გარდა იმისა, რომ გვაქვს გამოწვევები, გვაქვს გარკვეული პროგრესიც, მაგალითად ანტიკორუფციულ რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე, საქართველო დგას ძალიან პრობლემატური გამოწვევის წინაშე, რაც არის რუსეთი და რუსეთის გავლენები.

ვსაუბრობდით იმაზეც, რომ ეს არ უნდა დაავიწყდეთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს. მათ უნდა იფიქრონ იმაზე, რომ ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, რომელიც იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, იბრძვის დემოკრატიისთვის, იბრძვის იმისთვის, რომ ვიყოთ ევროპული ტიპის სახელმწიფო და რუსეთი ამის საშუალებას არ გვაძლევს. თუ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები გარკვეულ შედეგებს არ დაგვანახებენ და კონკრეტულ, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ გადადგამენ ჩვენი მიმართულებით, რუსული გავლენები უფრო გაძლიერდება ჩვენს ქვეყანაში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრებისგან რას ელით?

მიზანი იგივეა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს საკითხი ყოველთვის განიხილებოდეს ვაშინგტონში, მითუმეტეს, რომ ახლა უკვე მოდის ნატოს სამიტი. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხის გარშემო აქტივობა გრძელდებოდეს და ყველა საუბრობდეს იმაზე, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ კონკრეტული შედეგები სამიტზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენი ამერიკელი მეგობრები ცხადია, ამას ითვალისწინებენ. ისინი არიან ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ამ გზაზე. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველო არის ღირსი, გახდეს ნატოს წევრი და ისინი ამ მიმართულებით თავიანთ პარტნიორებსაც ესაუბრებიან. მაგრამ, ამ ყველაფერში ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაჟღერდეს არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებიც, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან კრიტიკულები ვართ ქვეყნის შიგნით.

ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, იმაზე, რომ გვაქვს გამოწვევები ქვეყნის შიგნით, მაგრამ ასევე ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მამოძრავებელი ძალა ჩვენთვის, რომ უფრო უკეთესები გავხდეთ, არის ზუსტად ისეთ ორგანიზაციებში გაწევრიანება, როგორიც არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი.

საქართველოში რეფორმების მამოძრავებელი ძალა ყოველთვის იყო სწორედ ასეთი სტიმული, როცა პარტნიორი სახელმწიფოები გვეუბნებოდნენ, რომ აი, თქვენ გააკეთეთ ეს და შედეგად მიიღებთ ამას. იგივე მოხდა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შემთხვევაშიც, როცა საქართველოში ძალიან ბევრი რეფორმა გატარდა ზუსტად იმიტომ, რომ ეს სამოქმედო გეგმის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.

ცხადია, რომ ეს მოთხოვნები ისევ საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის არის კარგი. როდესაც ჩვენ დემოკრატიულ რეფორმებს ვატარებთ, ეს პირველ რიგში არის ისევ და ისევ ჩვენთვის და არა რომელიმე უცხოელი პარტნიორისთვის. ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

კონკრეტულად ვის შეხვდით შეერთებულ შტატებში?

ჩვენ გვქონდა შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, იმ ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ რეგიონზე და საქართველოზე. ამას გარდა, გვქონდა შეხვედრები შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID), სადაც შევხვდით მათ, ვინც საქართველოს დახმარების პროგრამებზე მუშაობს.

ასევე გვქონდა შეხვედრა და დისკუსია “ჰერითიჯის ფონდში”, რომელიც, როგორც იცით, ძალიან მნიშვნელოვან ანალიტიკურ საქმიანობას ეწევა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაშიც. ფონდის ექსპერტების აზრით, საქართველო შესაძლოა გახდეს ნატოს წევრი ისე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჯერჯერობით დეფაქტო ქვეყნის შემადგენლობაში არ იყოს, ანუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე.

გვექნება ასევე შეხვედრები კონგრესის იმ წარმომადგენლებთან, ვისაც საქართველოს საკითხები აინტერესებს. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, რომ საქართველო არსებობს, შევახსენოთ, რომ რეგიონში საქართველო წამყვანი ქვეყანაა, რომ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ვიბრძვით იმისთვის, რომ გავხდეთ დასავლური ტიპის ქვეყანა, რომ ჩვენ გვებრძვის რუსეთი ზუსტად ამ ყველაფრის გამო და რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სანდო დასაყრდენი დასავლეთის პარტნიორებისთვის ამ რეგიონში.

თქვენი კამპანიის წარმატებისთვის, მთავარ დაბრკოლებად რა მიგაჩნიათ?

პრობლემა ის არის, რომ ჩვენი რესურსები მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენს რეგიონში ძალიან მომძლავრებულ და ძალიან გააქტიურებულ რუსულ პროპაგანდას გავუმკლავდეთ. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი გამოწვევა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

ჩვენ ძალიან ხშირად ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა კონფერენციებში და შეხვედრებში, სადაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამკლავება რუსულ პროპაგანდასთან. ეს სერიოზული გამოწვევაა, რადგან რუსეთი იყენებს ყველაფერს, მედიასაშუალებებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობოებს, რომ მოსახლეობას შეუქმნას არასწორი შთაბეჭდილება დასავლეთის შესახებ, თითქოს დასავლეთი არის მხოლოდ ცუდის მომტანი.

პარალელურად იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთია ის სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს ღირებულებებზე და დგას ტრადიციულ ფასეულობებზე, რაც რა თქმა უნდა, არასწორია. თვითონ რუსი პოლიტიკოსებიც ხომ თავის შვილებს ევროპის ქვეყნებში აგზავნიან განათლების მისაღებად, თუ საცხოვრებლად. ისინი იქ ცხოვრობენ და ცხადია, რომ რუს პოლიტიკოსებს, როცა არჩევანი აქვთ, თავიანთი შვილებისთვის არ უნდათ ის რუსეთი, რომელიც დღეს არსებობს.

დიდი გამოწვევაა ისიც, რომ სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი, ბევრი ქართველი იჯერებს რუსეთის ანტიდასავლურ პროპაგანდას. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსულმა პროპაგანდამ არ გაიმარჯვოს საქართველოს ტერიტორიაზე, მითუმეტეს, რომ ჩვენი მეზობლები არიან ისინი და შესაბამისად, ჩვენზე მეტი გავლენის უნარი და მოეპოვებათ და მეტი ბერკეტი აქვთ საყრდენად, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

____

აქ შეგიძლიათ ნახოთ ინტერვიუს მოკლე, ვიდეო-ვერსია, რომელიც გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, "ამერიკის ხმის" გადაცემაში "ვაშინგტონი დღეს".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG