ეს განცხადება შაბათს მუჰამედ სალიმ ალ ავამ, პარლამენტის ისლამისტმა წევრმა გააკეთა. მისი თქმით: 21 ნოემბრის საკონსტიტუციო დეკლარაციით მიღებული მუხლი, რომელიც პრეზიდენტს ფართო ძალაუფლებას აძლევდა კონსტიტუციის პროექტიდან ამოღებულია.
ოპოზიციური ალიანსი ეროვნული ხსნის ფრონტის წევრები შაბათს დახურულ კარს მიღმა შეიკრიბნენ სამოქმედო გეგმის შესადგენად, რაშიც სხვა ზომებთან ერთად საყოველთაო გაფიცვაც შეიძლება შევიდეს.
ოპოზიცია მხარდამჭერებს დემონსტრაციებზე გამოსვლისკენ მოუწოდებს, თუმცა კვირას პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიასა და თაჰრირის მოედანზე გამართულ დემონსტრაციაში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
კვირას დღის მეორე ნახევარში ეგვიპტის რესპუბლიკურმა გვარდიამ დემონსტრანტებს პრეზიდენტის სასახლესთან მისასვლელი გზა გადაუკეტა. პრემიერ მინისტრმა ჰიშამ ქანდილმა დემონსტრანტებს დედაქალაქის ქუჩებში აქციების გამართვის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ბრიტანეთის ექსტერის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი ომარ აშური ამბობს, რომ მორსის მიერ კონსტიტუციის რეფერენდუმზე გატანა ეგვიპტელ ხალხს არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს.
„ძალიან მოხერხებული გზა იყო იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღება ისევ ხალხისთივს მიენდო. ამით მორსიმ გზავნილი გაავრცელა, რომ არც ოპოზიცია და არც პრეზიდენტი არ წარმოადგენს ეგვიპტელ ხალხს ცალმხრივად. ის ვინც რეფერენდუმს ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს უარყოფს და დემოკრატიულ წესებს არღვევს.“
ამ ფონზე, მუსლიმთა საძმოს თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტია აქტიურად ცდილობს მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვებას. პარტიის ვებ გვერდზე კონსტიტუციის პროექტის აუდიო ვარიანტიც კი დევს.