ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის ელიტა მუბარაქის გადადგომას მიესალმება


ეგვიპტის ელიტა მუბარაქის გადადგომას მიესალმება
ეგვიპტის ელიტა მუბარაქის გადადგომას მიესალმება

ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის გადადგომის ლოზუნგმა მთელი საზოგადოება გააერთიანა, მათ შორის ეგვიპტის ელიტაც.

არადა ამ ელიტის წარმომადგენლებს მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ მუბარაქთან, მაგრამ დღეს ისინი ავტორიტარული რეჟიმის დამთავრების მოთხოვნით გამოდიან.

თაჰრირის მოედნის მახლობლად ელიტარული კლუბია, სადაც ეგვიპტელი ბიზნესმენი იბრაჰიმ ლაბიბი ატარებს დროს. მისი თქმით :“ჩვენ ძალზე რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. სახლიდან თითქმის არ გავდივართ, მუშაობა არ შეგვიძლია. არც არავინ მუშაობს.“

მიუხედავად ამისა, იბრაჰიმს არ სურს გაურკვეველ მომავალზე ცუდი იფიქროს, მაგრამ მაინც ეშინია, რომ არაფერი შეიცვლება ამ ქვეყანაში: “ვშიშობ ყველაფერი უცვლელად არ დარჩეს. ჩვენ უფლება გვაქვს რაღაც ცვლილებების იმედი გვქონდეს.“

ამ დღეებში თითქმის შეუძლებელია ქაიროს ცენტრში, სპორტული კლუბის მახლობლად მანქანის გასაჩერებელი ადგილი მოძებნო. აქ ხალხი მოდის, რათა ამბოხების ნაცვლად რაიმე სხვა თემაზე ილაპარაკოს.

კლუბის წევრები ევროპელებივით ცხოვრობენ. მათთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ცხოვრების წესის შენარჩუნება. ამიტომ ისინი შიშობენ, რომ რელიგიური და ნაციონალისტური სახელმწიფო მათ სამოქალაქო უფლებებს შეზღუდავს.

აღსანიშნავია რომ ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლებში ბევრი ახალგაზრდა ინტელექტუალი მონაწილეობს, რომლებსაც ეგვიპტეში დასავლური დემოკრატიის მსგავსი სახელმწიფო სისტემის დამყარება სურთ.

იბრაჰიმ ლაბიბი 60 წელს გადაცილებული ბიზნესმენია, რომელიც აცხადებს, რომ რაც არ უნდა მოხდეს ეგვიპტის დატოვებას არ აპირებს. მას აშფოთებს ის გარემოება, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში დიქტატორული რეჟიმი ახალგაზრდებს განვითარების საშუალებას მოუსპობს.

ეგვიპტელების უმრავლესობის მსგავსად იბრაჰიმიც ფიქრობს, რომ მუბარაქის დრო წავიდა და პოლიტიკური ცვლილებების მოლოდინში უკეთეს მომავალზე ოცნებობს: “ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი სწრაფად დამთავრდება. ის უკვე ასაკშია და ან თავისით წავა, ან ჩვენ ვაიძულებთ ამას.“ ეგვიპტელი იბრაჰიმ ლაბიბი ფიქრობს, რომ მის სამშობლოს წინ ნათელი მომავალი ელის.

XS
SM
MD
LG