ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში დაძაბულობა მატულობს


რესპუბლიკელებს იმედი აქვთ, რომ მთავრობის დახურვა პრეზიდენტ ობამას და მის დემოკრატ მოკავშირეებს აიძულებს, მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:35 0:00
ბმული

ვაშინგტონში მთავრობის ნაწილობრივი დახურვის გაჭიანურებასთან ერთად, როგორც სჩანს ორივე მხარის მთავარ მონაწილეებს შორის იმედგაცრუება მატულობს.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი ჯონ ბეინერი იმედოვნებს, რომ მთავრობის დახურვა საბოლოოდ აიძულებს პრეზიდენტ ბარაკ ობამას და მის დემოკრატ მოკავშირეებს, მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებშიც პრეზიდენტის ჯანდაცვის კანონი და ზოგადად მთავრობის ხარჯვითი ნაწილი შედის.

„ეს არ არის რაღაც თამაში! მე მხოლოდ ერთს ვითხოვ: დავსხდეთ და ერთმანეთს დაველაპარაკოთ ისე, როგორც ამას ამერიკელი ხალხი მოელის ჩვენგან.“

მაგრამ დემოკრატები, პრეზიდენტ ობამას ჩათვლით, იმაზე გაბრაზებულნი, რომ წარმომადგენელთა პალატის კონსერვატორ რესპუბლიკელთა ერთი ფრთა მზადაა ფედერალური მთავრობა დახუროს, იმის იმედით რომ თეთრ სახლს აიძულებენ დათმობებზე წასვლას, აგრძელებენ წინააღმდეგობას.

„თქვენ არ შეგიძლიათ ვინმესთან მოლაპარაკება აწარმოოთ და იმავდროულად იარაღი გქონდეთ მის თავზე მიდებული. უფრო უარესი, იარაღი გქონდეთ მიდებული ამერიკელი ხალხის თავზე, მთავრობის დახურვის მუქარის სახით.“

ჯანდაცვის კანონი, რომელსაც „ობამაქეარსაც“ უწოდებენ, 2010 წელს მიიღეს. რესპუბლიკელებმა რამდენჯერმე წარუმატებლად სცადეს მისი ან დაფინანსების შეწყვეტა ან დაბლოკვა. იგივე საკითხი მთელი ქვეყნის მასშტაბით მთავარ ლოზუნგად იქცა კონსერვატიული ე.წ. „ჩაის სმის“ პარტიის ჯგუფებისთვის, რომლებიც მთავარ საარჩევნო დასაყრდენ ძალას წარმოადგენენ რესპუბლიკელი კანონმდებლებისთვის.

ანალიტიკოსი ლარი საბატო ვირჯინიის უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ პრეზიდენტის ჯანდაცვის კანონთან დაკავშირებული ბრძოლა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ კონგრესში ის მხოლოდ დემოკრატების ხმებით დამტკიცდა.

„როდესაც თქვენ გაქვთ პარტიული ნიშნით დაყოფა ისეთ მასიურ ახალ პროგრამასთან დაკავშირებით, როგორიცაა „ობამაქეარი“ , გახანგრძლივებული პარტიული დაყოფა გარანტირებულია. ეს არ ამართლებს რესპუბლიკელების ახლანდელ ქმედებას, უბრალოდ განმარტავს თუ რატომ განვითარდა ყველაფერი ამ მიმართულებით.“

კონსერვატიული რესპუბლიკელების თქმით: მათი მზადყოფნა, დახურონ მთავრობა, გამოხატავს მათი ამომრჩევლების უმრავლესობის მოთხოვნას, რათა უფრო აგრესიული პოზიცია იქნას დაკავებული პრეზიდენტ ობამას წინააღმდეგ.

დემოკრატიული პარტიის სტრატეგიის შემმუშავებელი სტან გრინბერგი ხაზს უსვამს ბოლოდროინდელი გამოკითხვით დანახულ რესპუბლიკელების ღრმა იმედგაცრუებას და გაღიზიანებას.

„ისინი ფიქრობენ, რომ ბარაკ ობამამ წარმატებით შეასრულა თავისი გეგმა. მან მოატყუა ხალხი და გაიტანა თავისი სოციალისტური გეგმა და (როგორც მათ მიაჩნიათ) ვაშინგტონის პრობლემა გამოუვალი მდგომარეობა არაა. (როგორც მათ მიაჩნიათ) ვაშინგტონის პრობლემა რესპუბლიკელები არიან, რომელთაც ძალა არ ეყოთ მის შესაჩერებლად, როცა ის წარმატებას აღწევს ქვეყნის გარდაქმნის საქმეში.“

მეორე მხარეს კი დემოკრატები ერთიანდებიან პრეზიდენტის და მისი ჯანდაცვის კანონის გარშემო და მთავრობის დახურვას პოლიტიკური გამოძალვის მცდელობად აფასებენ.

ზოგიერთი პოლიტიკური ანალიტიკოსი შიშობს რომ, მაღალი პოლიტიკური ფსონებით დაპირისპირებები შეიძლება ამერიკული პოლიტიკის „ახალ ნორმად“ იქცეს.

ჯონ ფორტიე, ვაშინგტონის მრავალპარტიული პოლიტიკის ცენტრიდან, ამბობს, რომ ორივე პარტია უფრო მეტად არის კონცენტრირებული საკუთარი ამომრჩევლის შენარჩუნებაზე, ვიდრე მეორე მხარესთან შეთანხმების მიღწევაზე.

„ქვეყანაში გადაადგილებები მოხდა. ჩვენ გვაქვს ბევრი ძალიან კონსერვატიული და ბევრი ძალიან ლიბერალური უბანი. ასე, რომ კონგრესის წევრთა უმრავლესობას შეუძლია წავიდეს საკუთარ საარჩევნო უბანზე და მოუსმინოს თავის მხარდამჭერებს. მდგომარეობა ახლა ბევრად გართულებულია წარსულთან შედარებით, როცა კოალიციური პარტიული სისტემის მსგავსი რამ არსებობდა. დღეს ამას უფრო იდეოლოგიური ხასიათი აქვს.“

არსებობს აზრი, რომ ამერიკული პოლიტიკის ასეთმა ახალმა,
ჰიპერ-პარტიულმა ეპოქამ შესაძლოა გაუთვალისწინებელი გავლენა იქონიოს ეროვნულ ეკონომიკაზე და ცალკეული შტატების და ადგილობრივ მთავრობებზე.

პიტერ ბრაუნი კვინიპიაკის ინსტიტუტიდან კითხულობს:

„ეს რას უზამს ეკონომიკას? ეს გააუმჯობესებს ეკონომიკას? ეს გააუარესებს ეკონომიკას? ამას არ ექნება გავლენა ეკონომიკაზე? მოსალოდნელია, რომ ამომრჩევლებმა ხმა მისცენ ეკონომიკაზე მათი შეხედულების მიხედვით და არა 13 თვეში მთავრობის დახურვის მიხედვით.“

კონგრესის 2014 წლის შუალედურ არჩევნებამდე ერთ წელიწადზე ცოტა მეტია დარჩენილი და ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ აირჩიონ: ან იმის მოთხოვნა, რომ შეიცვალოს ქვეყნის მმართველობის სტილი, ან განუსაზღვრელი დროით დათანხმდნენ მათი პოლიტიკური ლიდერების მიერ შეთავაზებულ მმართველობის იგივე სახეს.
XS
SM
MD
LG