ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის რთული მომავალი


ევროზონის ბედი ფრანგულ-გერმანულ ურთიერთობაზეა დამოკიდებული

გამართულ საქმიანობას მნიშვნელოვანწილად საფრანგეთის და გერმანიის ურთიერთობა განსაზღვრავს. ბოლო წლებში გერმანიის და საფრანგეთის კონსერვატორი ლიდერები ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ერთობილი გადაწყვეტილებების მისაღებად და ევროზონის კრიზისის დასაძლევად. თუმცა, მას შემდეგ, რაც საფრანგეთის სათავეში მემარცხენე ფრანსუა ოლანდი მოვიდა, ფრანგულ-გერმანული თანამშრომლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, როგორი იქნება ევროპის მომავალი 2013 წელს? ამ თემაზე ანალიტიკოსთა მოსაზრებებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სელა ჰენესი ეცნობოდა.

დეკემბრის დასაწყისში, როდესაც ევროკავშირმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანი გვერდიგვერდ ისხდნენ, რაც ნობელის კომიტეტის თავმჯდომარეს ტურბერნ იაგლანდს მხედველობიდან არ გამორჩენია.

„გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის და საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის აქ ყოფნდა დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად სიმბოლურია,“ - განაცხადა კომიტეტის ხელმძღვანელმა.

თუმცა, ამ ერთობის მიღმა ორი ძლიერი ქვეყნის ლიდერის შეხედულეებში მრავალი განსხვავება არსებობს. ფილიპ უაითი ლონდონში ევროპული რეფორმების ცენტრის თანამშრომელია. ის ამბობს, რომ ლიდერები ევროზონის მომავალზე ვერ თანხმდებიან.

„ოლანდი მემარცხენა. მერკელი კი მემარჯვენე. ოლანდს ევროზონის კრიზისის დაძლევის შესახებ განსხვავებული მოსაზრება აქვს, რაც მათ შორის უთანხმოების მიზეზი გახდა ბოლო ექვსი თვის მანძილზე,“ - ამბობს უაითი.

გერმანია ევროპის უძლიერეს ეკონომიკად ითვლება. შესაბამისად კანცლერმა მერკელმა ევროპის მასშტაბით მკაცრი ფისკალური დისციპლინის და ანტიკრიზისული ზომების განხორციელებას დაუჭირა მხარი. ეს ზომები კი ევროზონის ზოგიერთ ქვეყანაში საკმაოდ არაპოპულარულია, რამაც მასშტაბური და საყოველთაო პროტესტი გამოიწვია.

ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრობა იზრდება და რეცესია ორმაგდება. შესაბამისად, პოლიტიკოსები და ეკონომისტები აცხადებენ, რომ ანტიკრიზისული ზომები სტიმულის გარეშე ეკონომიკის გაუარესებას იწვევს. თავის მხრივ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ფრანსუა ოლანდი ფრანგ ამომრჩეველს ანტიკრიზისული ღონისძიებათა პაკეტის შემსუბუქებას დაპირდა და ძირითადი აქცენტი ეკონომიკის სტიმულირებას დაუთმო. ოლანდი მერკელს არ ეთანხმება იმ ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებაში, რომელიც ფისკალურ ინტეგრაციას და ევროპის საბანკო კავშირის შექმნის იდეას შეეხება.

„ვფიქრობ რთული ურთიერთობა შენარჩუნდება. ფრანსუა ოლანდი ნაკლებად მოინდომებს იმ მიკრო-ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რაც ანგელა მერკელს სურს. ის გერმანიაზე კიდევ უფრო მეტად ამბიციური იქნება, როდესაც საკითხი ევროპის საბანკო კავშირის შექმნაზე მიდგება,“- ამბობს ფილიპ უაითი.

ზოგი ანალიტიკოსი შიშობს, რომ ფრანგულ-გერმანული უთანხმოება ევროზონის კრიზისს გააღრმავებს. ლეილა ტალანი ლონდონში კინგის კოლეჯის ექსპერტია. ის ფიქრობს, რომ აღნიშნული უთანხოება შესაძლოა გერმანიაში 2013 წლის არჩევნებმა დასრულოს, სადაც სოციალ-დემოკრატების ლიდერი პირ შტეინბრუკი მკაცრი ანტიკრიზისული ღონისძიებების შემსუბუქების ინიციატივით გამოდის. ტალანი ფიქრობს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, გერმანიას და საფრანგეთს ევროზონის კრიზისის მიმართ ერთობლივი მიდგომა ექნებათ.
XS
SM
MD
LG