ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაერის ხარისხის მონიტორინგი მექსიკის ყურეში


ჰაერის ხარისხის მონიტორინგი მექსიკის ყურეში
ჰაერის ხარისხის მონიტორინგი მექსიკის ყურეში

გასული წლის ივნისში, როცა მექსიკის ყურეში მდებარე ნავთობჭაბურღილს ცეცხლი გაუჩნდა შეერთებული შტატების ფედერალურმა მთავრობამ ავარიის ადგილზე ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის თვითმფრინავი გაგზავნა იმის დასადგენად იწვევდა თუ არა ნავთობის მასიური გაჟონვა ჰაერის დაბინძურებას. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი როზან სკირბლი იუწყება, ხსენებული კვლევითი მისიის შედეგად შეგროვებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და პროგნოზირების თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანი ახალი გამოკვლევა გამოაქვეყნა.

ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის ეგრეთწოდებული ქარიშხლების მზვერავები თვითმფრინავებზე მოთავსებულ ლაბორატორიებს წარმოადგენს. გასულ წელს მექსიკის ყურეში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის ადგილზე ერთ-ერთი ამგვარი თვითმფრინავი გაგზავნეს. „ლოკჰიდ ორაიონის“ მოდელის თვითმფრინავზე დამონტაჟებულია ოცზე მეტი სპეციალური ხელსაწყო, რომელიც ჰაერის ხარისხისა და კლიმატის თავისებურებების შესწავლისთვის გამოიყენება. გამოკვლევის ავტორი და ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის მეცნიერი ჯოსტ დე გალი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს:

„აღჭურვილობა ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის დეტალური შესწავლის შესაძლებლობას გვაძლევს.“

გასულ წელს ჩატარებული მისიის პირველ დღეს თვითმფრინავმა დაზიანებულ ნავთობჭაბურღილს რამდენიმე წრე მოუარა ნავთობის გაჟონვის მასშტაბის დასადგენად. დე გალი საკონტროლო პუნქტიდან კოლეგებთან ერთად მისიის მსვლელობას რეალურ დროში თანამგზავის საშუალებით ადევნებდა თვალ-ყურს.

„როცა თვითმფრინავი ქარის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა ჩვენ ვხედავდით, რომ დაღვრილ ნავთობს საკმაოდ დიდი ანაორთქლი ასდიოდა,“ აღნიშნავს დე გალი.

მეცნიერების გამოანგარიშებით ოკეანის ზედაპირზე ამოტივტივებული ნავთობის დაახლოებით ნახევარი რამდენიმე საათსა თუ დღეში ატმოსფეროში აორთქლდა.

„შედეგად ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ამ ანაორთქლებიდან ორგანული აეროზოლის მნიშვნელოვანი რაოდენობა შეიქმნა,“ დასძინა დე გალმა.

აღსანიშნავია, რომ ორგანული აეროზოლები ატმოსფეროში დაკიდულ მიკროსკოპულ ნაწილაკებს შეიცავს, რომელიც ჰაერის დაბინძურებას და კლიმატის ცვლილებას იწვევს. აეროზოლებს ასტმას, გულის დაავადებასა და ნაადრევ სიკვდილიანობას უკავშირებენ.

XS
SM
MD
LG