ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამოუკიდებელი მედია უნგრეთში თანდათან იზღუდება


ბუდაპეშტში გამართული აქციის მონაწილეს უნგრული პოლიტიკური გაზეთის Nepszabadsag ბოლო გამოშვება უჭირავს
ბუდაპეშტში გამართული აქციის მონაწილეს უნგრული პოლიტიკური გაზეთის Nepszabadsag ბოლო გამოშვება უჭირავს

უნგრეთში შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი შეშფოთებას გამოთქვამს მედიის დამოუკიდებლობის მიმართულებით, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო. დევიდ კოსტელანჩიკმა დღეს განაცხადა, რომ მართალია, დამოუკიდებელი მედია საშუალებები უნგრეთში ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მათი რაოდნობა თანდათან კლებულობს.

ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, მედიის დამოუკიდებელ ნაწილს მუშაობა მუდმივი "ზეწოლის და შეურაცხყოფის" ფონზე უწევს. "ხელისუფლების მოკავშირეებმა მედიის ბაზარზე კონტროლის და გავლენის მტკიცე ბერკეტები მოიპოვეს და ეს მონოპოლიების წინააღმდეგ შექმნილი მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან წინააღმდეგობის გარეშე მოხდა" - განაცხადა კოსტელანჩიკმა დღეს, უნგრეთის ჟურნალისტთა ასოციაციაში სიტყვით გამოსვლისას. ამერიკის უმაღლესი დიპლომატის თქმით, "უნგრეთში მედიის დამოუკიდებლობის მიმართულებით უარყოფითი ტენდენციები გრძელდება".

კოსტელანჩიკი ამბობს, რომ იმ გამოცემებში, რომელთაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მოკავშირეები აკონტროლებენ, ჟურნალისტებს მთავრობის მიმართ კრიტიკული შენიშვნების გამოთქმის საშუალება არ ეძლევა. ხელისუფლება საჯარო თანხებით დაფინანსებული მთავრობის მხარდამჭერი მედია საშუალებების რეკლამებს განათავსებს დამოუკიდებელ მედია წყაროებში. ამერიკელმა დიპლომატმა ასევე გააკრიტიკა იმ ჟურნალისტების სიის გამოქვეყნებაც, რომელიც უცხოეთის მედიაში მუშაობენ და რომელთაც ორბანის მხარდამჭერებმა სოროსის "პროპაგანდისტების" იარლიყი მიაკერეს.

ამერიკელი მილიარდერი ფინანსისტი და ფილანტროპი ჯორჯ სოროსი ბუდაპეშტშია დაბადებული და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მას მთავარ იდეოლოგიურ მტრად მოიაზრებს. ახლახან, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მედიის საშუალებები სოროსის და ევროპის კავშირის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფებიან. პრემიერის თქმით, ისინი მისი პარტიის წინააღმდეგ ბრძოლას მომავალი წლის არჩევნებამდე გააგრძელებენ. ორბანი და მთავრობის სხვა ოფიციალური პირები კატეგორიულად არ აძლევენ ინტერვიუებს და კომენტარებს მედიის იმ საშუალებებს, რომელთაც საკუთარ მხარდამჭერად არ თვლიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG